„და ჰრქუა უმრწემესმან შვილმან მან მამასა თვისსა: მამაო, მომეც მე რომელი მხუდების ნაწილი სამკვიდრებელისაი“. უძღები შვილის იგავი წამოადგენს საუკეთესო დამრიგებულ გაკვეთილს ყმაწვილთათვის.
უძღებ შვილში ჩვენ ვხედავთ ქარაფშუტა ახალგაზრდისათვის დამახასიათებელ ნიშან-თვისებებს: დაუფიქრებლობას, წინდაუხედაობას, სწრაფვას დამოუკიდებლობისაკენ - ერთი სიტყვით, ყველაფერს, რითაც ჩვეულებრივ გამოირჩევა ყმაწვილთა უმეტესი ნაწილი. უმცროსი ძე აღიზარდა მშობლიურ სახლში, სიყმაწვილის ასაკს მიღწეულს მამისეული სახლი ვიწრო ეჩვენა. მამის ხელმძღვანელობით და დედის ზედამხედველობით ცხოვრება მას აღარ სიამოვნებდა. სურდა მიებაძა თავისი თანატოლებისათვის, რომელნიც წუთისოფლის ხმაურიან ცხოვრებას მისცემოდნენ.
„მე - ფიქრობდა ყმაწვილი, - მდიდარი მამულის მემკვიდრე ვარ. უმჯობესი არ იქნება, თუკი ჩემს წილს ახლა მივიღებ? მე შემიძლია ჩემი სიმდიდრე სულ სხვაგვარად განვაგო, ვიდრე ახლა მამაჩემი განაგებს“. ქარაფშუტა ყმაწვილი წუთისოფლის ცრუ ბწყინვალებამ გაიტაცა, მორჩილების უღლის გადაგდება გადაწყვიტა და მშობლიური სახლის დატოვება განიზრახა.
განა იმავე მოსაზრებით არ ტოვებს ბევრი დღესაც მშობლიურ სახლს და ელევა ზეციერი მამის სახლს, ანუ უარს ამბობს წმიდა ეკლესიის მორჩილებაზე?
ქრისტეს უღელი უმწიფარ გონებას მძიმე ეჩვენება, მისი მცნებები რთული. ისინი ფიქრობენ, რომ არანაირ საჭიროებას არ წარმოადგენს დაიცვა ის, რასაც გვიბრძანეს ღმერთი და წმიდა ეკლესია. მათ ჰგონიათ, რომ შეიძლება ემსახურო ღმერთს და უარი არ თქვა წუთისოფლის მსახურებაზეც. „ჩვენ, - ამბობენ ისინი, - საკმაოდ ძლიერნი ვართ, რათა წინ აღვუდგეთ დამღუპველ ცდუნებებს და განსაცდელებს. ჩვენ თავად შეგვიძლია მტკიცედ ვიპყრათ ჭეშმარიტი და ჯანსაღი სწავლება. მოგვეცით საშუალება, სრულვყოთ ჩვენი გონება მრავალმხრივი ცოდნით! მოგვეცით საშუალება, ჩვენ თვითონვე განვამტკიცოთ ჩვენი ნება განსაცდელებსა და ცდუნებებს შორის! დაე, ჩვენი გრძნობა ჩვენივე გამოცდილებით დარწმუნდეს გარყვნილების სისაძაგლეში!“ - ამგვარი სურვილები რითია უკეთესი იმ დაუფიქრებელ თხოვნაზე, რომელიც უმრწემესმა ძემ განუცხადა მამას: „მამაო, მომეც მე, რომელი მხუდების ნაწილი სამკვიდრებელისაი“?
აი, ქარაფშუტა ახალგაზრდამ შეწყვიტა წმიდა ეკლესიის მცნებებისა და სწავლებების ყურად ღება. აღარ მისდევს ღმრთის სიტყვას და წმიდა მამების სწავლებას. ყური მოუპყრია ცრუ მასწავლებლების ბრძნობისათვის და თავისი სიცოცხლის საუკეთესო წუთები ამგვარად გაჰყავს. იშვიათად დადის ღმრთის ტაძარში ან იქ უყურადღებოდ და გაფანტული დგას. საშუალებას ვერ პოულობს კეთილმსახურებით იცხოვროს და თავი გაწვრთნას სათნოებებში, რადგან დროის უმეტესი ნაწილი სანახაობებისა და საზოგადოებრივი გართობის ადგილების მონახულებაში გაჰყავს. ერთი სიტყვით, დღითი დღე სულ უფრო მეტად ემონება წუთისოფელს და საბოლოოდ მიდის „შორსა სოფელსა“.
სად მივყავართ წმიდა ეკლესიისაგან ასეთ განშორებას? იქ, სადაც აღმოჩნდა უძღები შვილი მშობლიურ სახლთან განშორების გამო. ქარაფშუტა ახალგაზრდები ძალიან სწრაფად ხარჯავენ სულისა და სხეულის არაჩვეულებრივ ძალას და ნიჭს, ღუპავენ ყველაფერს, რაც კი კეთილი აღუსრულებიათ მარადიული ცხოვრებისათვის. ამასთანავე არსებობს „სიყმილი ძლიერი მას სოფელსა“, არსებობს სიცარიელე და გულნაკლულობა - ხმაურიანი გართობის უცილობელი შედეგი.
1965 წ.