ჩვენ ცოდვა ძირითადად რაიმე კანონის დარღვევა ან ღვთისა და მოყვასის წინაშე რაღაც მოვალეობის შეუსრულებლობა გვგონია. მაგრამ იგი უფრო ღრმა მოვლენაა. ცოდვის არსს ყველაზე უკეთ ერთ-ერთი სახარებისეული იგავი გამოხატავს. ძე შეცდომილი არა უბრალოდ არღვევს რაღაც კანონს, არამედ საკუთარი მამის წინააღმდეგ აღდგება და მბრძანებლურად მოითხოვს მისგან მემკვიდრეობას, ხოლო როგორც კი თავის კუთვნილს მიიღებს, მაშინვე მამისეულ სახლს შორდება. აქედან ცოდვის ერთერთი განსაზღვრება გამომდინარეობს: ცოდვის ჩადენისთანავე ადამიანი გარბის ზეციური მამისაგან და თავს ეკლესიას, ღვთის ოჯახს განაშორებს. ის უკვე აღარ იზიარებს ღვთის სახლის სიხარულს... ამგვარად, ცოდვა არა მხოლოდ უკანონობა და საღვთო სჯულის დარღვევაა, არამედ ისიც, რაც ადამიანს ღვთისა და ეკლესიისაგან განაშორებს და აუცხოებს.
შორეულ ქვეყანაში ძე შეცდომილმა გაფანტა მამისეული ქონება, ანუ გაფლანგა ღვთის ნიჭი. ამბოხი, ეკლესიისაგან გაქცევა, განშორება, თანდაყოლილი ნიჭის გაფლანგვა, გარყვნილებაში ცხოვრება - აი, ცოდვის გზა.
ღმერთს ყოველი ადამიანი უყვარს, ჩვენი ცოდვები მის ბუნებას არ ცვლის. ცოდვის შედეგად, პირველ რიგში, ჩვენვე დავიტეხთ თავს სხვადასხვა უბედურებას და საკუთარ თავს ვიწამებთ, ცხოვრებისაგან გავრბივართ და სიკვდილისკენ მივისწრაფით, ვინაიდან ცოდვის საზღაური - სიკვდილია. ცოდვას ყველა შემთხვევაში თვითგანადგურებისაკენ მივყავართ. ეს სულის საშიში სნეულებაა, რომელსაც იწვევს არა „ღვთის რისხვა“, არამედ ჩვენივე თავისუფალი არჩევანი. ეს სნეულებაა, რომელსაც სიკვდილისაკენ მივყავართ. ამიტომაც სახარებისეულ იგავში მამა საკუთარ შვილს „მკვდარს“ უწოდებს. გამოდის, რომ ცოდვის შედეგები და ნაყოფი უმწარესია. მაგრამ ამ მწუხარებას, ნაღველს, დარდსა და ტანჯვას, რომლებიც ცოდვის გარდაუვალი თანამდევნი არიან, შეუძლიათ გვარგონ კიდეც. ისინი გვაიძულებენ, დამღუპველი ნაპრალის კიდესთან შევჩერდეთ და გავაცნობიეროთ, თუ რა საშინელ მდგომარეობაში ვიმყოფებით. სწორედ ასე დაემართა ძე შეცდომილსაც.
ეკლესიის მამები სინანულს „მეორედ ნათლობას“, „ნათლობის განახლებას“ უწოდებენ. ნათლობის საიდუმლოს მეშვეობით შევდივართ ეკლესიაში, ვადგებით ღვთის სასუფევლისაკენ მიმავალ გზას. მეორედ ნათლობის - სინანულის წყალობით, მისი ცრემლით კი ადამიანს შეუძლია, ცოდვისგან განიბანოს, დაცემული აღდგეს, წყლულებისაგან განიკურნოს და უფლისაკენ მიმავალი გზა განაგრძოს.
სამწუხაროდ, ბევრმა არ იცის, თუ რა არის სინანული, რა არის მისი არსი, რა უნდა მოვინანიოთ. სინანული არ წარმოადგენს რაღაც იურიდიულ პროცედურას, რომელიც ადამიანს დანაშაულის შეგრძნებისაგან ათავისუფლებს. ეს არაა ფორმალური აღსარება, რომელსაც ჩვენ ძირითადად დიდი დღესასწაულების წინ აღვასრულებთ. ძე შეცდომილის მიერ განვლილი გზა სრულებით სხვას მოწმობს. თავად სიტყვა „სინანული“ ბერძნულად ადამიანის არსების კარდინალურ ცვლილებას, მის ხელახლა შობას, აზრთა ცვლილებას, ცხოვრების შეცვლას, ცოდვის მთელი გულით უარყოფას ნიშნავს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მთელი არსებით უნდა გავაცნობიეროთ, რომ ცოდვის გზას, რომელსაც აქამდე ვადექით, დაღუპვისაკენ მივყავართ. უნდა შევიცნოთ, რომ მშობლიური კერისაგან დაშორებულნი, რაღაც ჭაობში აღმოვჩნდით. ჩვენ უნდა შევჩერდეთ და ვთქვათ: „საით მივდივართ? რა უგუნურებაა. მამაჩვენს მდიდრული სასახლე აქვს, სადაც ყველაფერი თვალს ახარებს, ჩვენ კი საით მივექანებით?“ საკუთარ თავში უნდა გამოვძებნოთ სიმტკიცე, რათა დავუბრუნდეთ მშობლიურ სახლს, მამა ღმერთისა და თანამოძმეთა გარემოცვას.
იმისათვის, რომ ჩვენი სინანული ჭეშმარიტი იყოს, საჭიროა, ის საქმით აღვასრულოთ. მღვდელმოწამე კოზმა ეთოლიელი ამბობს: „თუნდაც ყველა მღვდელმა, მღვდელმთავარმა, პატრიარქმა და მთელმა სამყარომ შეგინდოს, შენდობილი მაინც არ იქნები, თუ საქმით არ შეინანებ“. ანუ თუ ცოდვას არ განვეშორებით და ცხოვრებას არ შევიცვლით, ჩვენი სინანული ჭეშმარიტი ვერ იქნება. ფსიქოლოგიური ან სხვა მძიმე პრობლემებით დათრგუნული მრავალი ადამიანი სრული მზადყოფნით მიდის მოძღვართან, ცრემლმორეული ამბობს აღსარებას და აღთქმას დებს, რომ აღარასოდეს დაუბრუნდება ცოდვას, შეიცვლის ცხოვრებას და ა.შ. მაგრამ რამდენად ღრმა იქნება ამგვარი აღსარება? ის არ უნდა შემოიფარგლოს ემოციური აღტყინებით. საჭიროა დრო, შრომა, სათნოებათა მოხვეჭა, ცოდვასთან ბრძოლა და ღვთის მადლის შემწეობა.
ასეთ დროს სინანული ადამიანის სულში ფარულად, საიდუმლოდ მიმდინარეობს. მსგავსად იმისა, „...კაცი რომ თესლს ჩათესავს მიწაში და სძინავს, და დგება დღისით თუ ღ მით, და არც კი იცის, როგორ აღმოცენდება და იზრდება თესლი. რადგანაც მიწას თავისთავად გამოაქვს ნაყოფი: ჯერ ღერო, შემდეგ თავთავი, ბოლოს, სავსე მარცვალი თავთავში.“ (მარკ. 4, 26-28).
როგორც უკვე ვთქვით, ღვთის მადლის გარეშე სინანული შეუძლებელია. ადამიანს, რომელიც ცოდვის სიბნელეში იმყოფება და არ ესმის, თუ რაოდენ მშვენიერია ცხოვრება უფალში, არ შეუძლია შეიგრძნოს სხვაობა ამა სოფლის ცოდვილ ცხოვრებასა და ეკლესიის წმიდა ცხოვრებას შორის. მხოლოდ მაშინ, როცა ღვთის მადლი მის გულში ღვთაებრივი სიყვარულის თესლს დათესს, ის შეძლებს, დაინახოს თავისი სულიერი სიღატაკე. მზის ნათელი, რომელიც ბნელ ოთახში აღწევს, ყოველივეს ანათებს. ასევე ღვთის მადლიც ცხადყოფს ჩვენი სულის სიცარიელეს, აშიშვლებს ჩვენს ვნებებს, ჩვენს ცოდვებს. ამიტომაც წმიდანები ესოდენი მოშურნეობით სთხოვდნენ უფალს: „მომანიჭე სრულყოფილი სინანული“. ჭეშმარიტი სინანული - უსაფრთხო გზაა, რომელსაც ღვთის სასუფევლისკენ მივყავართ.
თარგმნა ნათია თარაშვილმა
გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ № 47(255), 2003
წ.