როგორ განვიკურნოთ ამ საშინელი ავადმყოფობის - ამპარტავნებისაგან? ის შემოდის ჩვენში, გვხრწნის და ღატაკებად, უბედურებად გვაქცევს. იგი გვბერავს და გადავსებულ რუმბს ვემსგავსებით. ის ყოველგვარ სათნოებას გვაკლებს და ჩვენ შეგვესაბამება ბრძენი ზირაქის სიტყვები: „თუ სიჭაბუკეში ვერ მოაგროვე, როგორღა შეიძენ შენი სიბერის ჟამს? რარიგ შვენით ხანდაზმულთ განკითხვა და მოხუცებულთ მოცემა რჩევისა!“ (ზირ. 25,3-4). როდესაც გვგონია, რომ საკუთარი თავის ამპარტავნებისგან განკურნება ძალგვიძს, ეს უკვე ამპარტავნების უკიდურესი საფეხურია. მისგან განკურნების ერთადერთი საშუალება უფლისადმი მიმართვაა. დავით წინასწარმეტყველთან ერთად შევღაღადოთ ღმერთს: „ნუ მოვალს ჩემ ზედა ფეხი ამპარტავნებისაი“ (ფს. 35,12). ანუ: ნუ დაუშვებ, უფალო, რომ წყეულმა ამპარტავნებამ ფეხქვეშ გათელოს ჩემი სული.
თავდაპირველად უნდა განიკურნოს ჩვენი გონება, ისე რომ, აღარ გვსურდეს ყოყლოჩინობა, ამის შემდეგ კი ყველა დანარჩენი განიკურნება. გონება იმით იკურნება, რომ ადამიანი აღარ ფიქრობს, თითქოს ის რაღაცას წარმოადგენს უფლისა და წმიდანთა წინაშე. ამქვეყნიური დიდება ისეთი ნაყოფია, რომელიც ადამიანს კი არ კვებავს, არამედ - წამლავს. ღმერთმა შექმნა მთელი სამყარო და თავისი უსაზღვრო მადლის მეშვეობით ადამიანებს მიანიჭა იგი, რათა ისინი ადიდებდნენ შემოქმედს, რომელმაც მთელი დიდება და პატივი თავისთვის დაიტოვა, როგორც ანგელოზებმა ბრძანეს: „დიდებაი მაღალთა შინა ღმერთსა, და ქუეყანასა ზედა მშვიდობაი, და კაცთა შორის სათნოებაი“ (ლკ. 2,14). და თუკი ამპარტავან ადამიანებს სურთ, მიიტაცონ ეს დიდება, რომელიც მხოლოდდამხოლოდ ღმერთს ეკუთვნის, ეს კადნიერება და თავხედობაა, რაც უფლის დიდებულებას შეურაცხყოფს. და ვაი მას, ვინც ამქვეყნად ეძიებს დიდებას და მისაც წუთისოფელი დიდებულად თვლის. ეს დიდება - ფუჭი და ამაოა.
ეს დიდება ამაოა იმიტომ, რომ მას არ შეუძლია, შეგვძინოს ან წაგვართვას რაიმე. „უკუეთუ მე ვადიდებდე თავსა ჩემსა, დიდებაი ჩემი არარაი არს“ (ინ. 8,54). ეს კი ნიშნავს, რომ თუ ადამიანი, რომელმაც რაიმე შექმნა, თავისი თავის განდიდებას იწყებს, მისი ეს დიდება - ამაოებისკენ მიისწრაფვის. ახლა შეგიძლია მიხვედრა იმისა, თუ რამდენად არარაობაა ადამიანური ქებანი, რომელსაც მრავალნი ეძიებენ წუთისოფლისგან.
ეს დიდება იმათთვისაც ამაოა, ვინც მას მოაგროვებს. ეს იმიტომ, რომ მათ არ იციან, რომ შინაგანად შენ ცოდვილი ხარ. მათთვის ცნობილია მხოლოდ შენი გარეგნული იერსახე. სხვა რა დიდების მიგება შეუძლიათ შენთვის, გარდა იმისა, რომელიც გამშვენებულ საფლავს მიესადაგება, რომელიც გარედან თავს იწონებს წარწერებითა და ეპიტაფიებით, შიგნიდან კი სავსეა სიმყრალითა და ხრწნილებით, როგორც თავად უფალმა ბრძანა: „ვაი თქუენდა, მწიგნობარნო და ფარისეველნო ორგულნო, რამეთუ მიმსგავსებულ ხართ საფლავთა განგოზილთა, რომელნი ჩანედ გარეშე შუენიერ, ხოლო შინაგან სავსე არიედ ძუალებითა მკუდართაითა და ყოვლითა არაწმიდებითა“. (მთ. 23,27). ამქვეყნიური დიდება ამაოა იმიტომაც, რომ ის ვერასოდეს შეედრება ზეციურ დიდებას. მთელი ეს ხრწნადი სამყარო ისეთივე არარაობაა, როგორც ერთი წამი მარადიულობასთან შედარებით. მისი დიდება ამაოა, ვინაიდან მსწრაფლწარმავალია. მთელი ჩვენი ცხოვრება მარადიულობასთან შედარებით - უფრო მცირეა, ვიდრე გულისცემა, თვალის დახამხამება - წამზე უმცირესიც კი.
ადამიანები პატივს მოგაგებენ ლამაზი ტანისამოსის გამო, მაგრამ ეს პატივი შენ სულაც არ მოგემართება, არამედ იმ აბრეშუმის ჭიებს, რომელთა ძაფებითაც ის შეიკერა. რაც არ უნდა ლამაზად იცვამდე, მაინც ვერ გამოიყურები ფარშევანგივით ლამაზად - ოქროსფერი და ჭრელი ბუმბულით; ვერასოდეს იქნები მინდვრის ჭრელ ყვავილებსა და შროშანზე ლამაზი. „ხოლო გეტყვი თქვენ, რამეთუ არცაღა სოლომონ ყოველსა მას დიდებასა მისსა შეიმოსა, ვითარცა ერთი ამათგანი“ (მთ. 6,29) - ამბობს უფალი. ადამიანები გაქებენ შენი კეთილშობილების გამო, თუმცაღა ეს სიტყვებიც არ მოგემართება შენ, არამედ - შენს წინაპრებს. პატივს გცემენ იმისათვის, რომ მდიდარი ხარ, მაგრამ უფალმა იცის, თუ რამდენი უსამართლობით მოიხვეჭე ეს სიმდიდრე და როგორ გიშლის იგი ხელს ზეცისკენ სავალ გზაზე. „იესუ ჰრქუა მოწაფეთა მისთა: ამინ გეტყვი თქუენ, რამეთუ მდიდარი ძნიად შევიდეს სასუფეველსა ცათასა“ (მთ. 19,23). ადამიანები გაქებენ სილამაზის გამო, მაგრამ შენი ჭეშმარიტი სილამაზე იფარება გარეგნობით, როგორც ზამთარში იფარება თოვლის ქვეშ ფუნა. შენი სილამაზე მარადიული ვერ იქნება, ისევე როგორც თოვლი არ არის მარადიული. ბოლოს, „როდესაც ადამიანი მოკვდება, რადგან დასაბამი ამპარტავებისა ცოდვაა და ვისაც იგი აქვს, სისაძაგლეს ამოანთხევს. ამის გამო უფალი მრავალ განსაცდელს უმზადებს და საბოლოოდ კიდეც ღუპავს მათ“ (ზირ. 10,13). რომელიმე საფლავის გახსნისას შენ დარწმუნდები ამქვეყნიური დიდების სიცრუეში. რაოდენ საოცარია, რომ ასეთი დიდება, მიუხედავად იმისა, რომ ის - არარაობაა, მაინც ესოდენ სასურველია უგუნური ადამიანების თვალში!
ჩაწვდი, ძმაო ჩემო, თუ რა ყოფილა ადამიანური დიდებანი? ახლა კი იმას დაუფიქრდი, რას წარმოადგენს ის, ვინც მას ეძიებს. თუ წინასწარმეტყველს ჰკითხავ, ის გიპასუხებს, რომ ყოველი ადამიანი - უბრალოც და ისიც, ვინც ყველა მეფეზე ძლევამოსილია - თითქოს არც არაფერია, იგი სისუსტითა და უძლურებით, სიბრიყვითა და უბედურებითაა აღსავსე. ყველაფერი ამაოა და ყოველნი ნაშობნი ადამიანთაგანნი - ამბობს დავით წინასწარმეტყველი. და შენც, ძმაო, სწორედ ასეთი ხარ უფლის წინაშე და თუ ამასთან ერთად, ამპარტავანიც ხარ, მაშინ არარაობაზე უარესი ყოფილხარ, ვინაიდან იპარავ დიდებას, რომელიც მხოლოდ უფალს ეკუთვნის, როგორც ნეტარი ავგუსტინე ამბობს: „ყოველივე სიკეთე - შენია, უფალო; შენია - დიდება. და ის, ვინც სარგებლობს შენი კეთილი ძღვენით, მაგრამ დიდებას ეძიებს არა შენთვის, არამედ თავისთვის - ქურდი და ავაზაკია, ეშმაკს ემსგავსება, რომელმაც შენი დიდების მიტაცება მოისურვა“. ნუთუ არ გსურს, დამდაბლდე? განა ვერ ხედავ, რომ გულით ჭუჭყსა და არარაობას ატარებ, რაც უფლის ყოვლისშემძლეობას ვერ შეედრება? თუ ამპარტავანი ხარ, დაისჯები, როგორც ღვთის დიდების მიმტაცებელი, მან ხომ თავად თქვა ასეთი სიტყვები: „მე ვარ უფალი, ეს არის ჩემი სახელი; ჩემს დიდებას არ მივცემ სხვას და ჩემს ქებას - გამოქანდაკებულ კერპებს“ (ესაია 42,8). რაოდენ ღატაკი ხარ, ამპარტავანო კაცო! ეცადე, ჰპოვო რაიმე კარგი, რაც შენი ძალებით გაგიკეთებია. ეცადე - და თავად ამხელ შენს თავს, ვინაიდან ყოველი სიკეთე, რაც კი გაქვს, ღმერთისგან მიგიღია. „რაი გაქუს, რომელი არა მიგიღებიეს, რაისა იქადი, ვითარცა არა-მიღებულსა?“ (1 კორ. 4,7).
იმის შემდეგ, რაც ამპარტავანი ადამიანის გონება განიკურნება, აუცილებელია მისი ნების განკურნებაც, რაც მისგან თავის ქების ყოველგვარი სურვილის განძევებით მოიპოვება. ეს მაშინ მოგვეცემა, თუ დავფიქრდებით იმაზე, რაც ამპარტავნებისაგან გამოწვეული ყველაზე უდიდესი ბოროტებაა - მარადიული ტანჯვა-წამება. უნდა ჩავკლათ უგრძნობელობა, რითაც ამპარტავნება ხიბლავს ჩვენს გულს. ერთი რამ უნდა გავაცნობიეროთ - სიმდაბლის გარეშე ვერ ვცხონდებით. „უკუეთუ არა მოიქცეთ და იქმნნეთ, ვითარცა ყრმანი, ვერ შეხვიდეთ სასუფეველსა ცათასა. რამეთუ რომელმან დაიმდაბლოს თავი თვისი, ვითარცა ყრმაი ესე, იგი უფროის იყოს სასუფეველსა ცათასა“ (მთ. 18,3). ცხონების საქმეში სიმდაბლე ისევე აუცილებელია, როგორც ნათლობა. და რაც უფალმა თქვა სიმდაბლის შესახებ, იგივეს ამბობს ნათლობის მიმართაც: „ამენ, ამენ გეტყვი შენ: უკუეთუ ვინმე არა იშუეს წყლისაგან და სულისა, ვერ ხელეწიფების შესლვად სასუფეველსა ღმრთისასა“ (ინ. 3,5). ესაია წინასწარმეტყველი გვეუბნება, რომ ჯოჯოხეთში ჩადიან ძლიერნი, დიდებულნი, განდიდებულნი, მდიდარნი და სხვანი, მათივე მსგავსნი: „მოდრკება ადამის ძე და კაცი დამცირდება, ამპარტავანთა თვალი დაიხრება“ (ის. 5,15). იცოდე, ძმაო, რომ ამპარტავნება - დროშა და საყვირია სატანისა. მთიები ამპარტავნებისა ყოველთა შეუნანებელთა მეფეა. ის ყველა ცოდვილის წინამძღოლია, ამპარტავნება კი მისი მთავარი თვისება - უდიდესი დაბრკოლება ცხონებისაკენ მიმავალ ჩვენს გზაზე.
გონს მოდი, დაუკვირდი შენს შინაგან სამყაროს და თუ გულში იპოვი ამპარტავნების ნაკვალევს, შეეცადე, ამოშალო იგი. ნუ განიკითხავ ნურც ერთ ცოდვილს, რომელიც თავს იქებს, ვინაიდან შესაძლოა, რომ ის, ვინც ამჟამად ბოროტია, მეყსეულად შეიცვალოს, როგორც სახარებისეული ავაზაკი. ასევე შენც, რომელიც ამჟამად კეთილისმყოფელი ხარ, შეიძლება, უეცრად ბოროტებაც ჩაიდინო, როგორც ეს იუდას დაემართა. თავად განკითხვაც უკვე ამპარტავნების გამოვლინებაა. პავლე მოციქული ამბობს: „შენ ვინ ხარ, რომ განიკითხავს სხვის მონასა? თვისისა უფლისა დგეს გინათუ დაეცეს, დგეს სამე, რამეთუ შემძლებელ არს ღმერთი დადგინებად მისდა“ (რომ. 14,4). ამგვარად, ნუ მოიძულებ ღატაკებსა და უმნიშვნელო ადამიანებს, ვინაიდან ღატაკნი - ქრისტეს ნაცვალნი არიან, როგორც თავად მან ბრძანა მათ შესახებ: „რაოდენი უყავთ ერთსა ამას მცირეთაგანსა ძმათა ჩემთასა, იგი მე მიყავთ“ (მთ. 25,40).
ნუ იყოყოჩებ შენი კეთილშობილებითა და ნიჭიერებით, ვინაიდან ის მცირედიც, რაც გაქვს, შენი საკუთრება არ არის, და თანაც რამდენჯერ ბოროტად გამოგიყენებია ის? შენ იმ ზანგს ჰგავხარ, რომელიც სითეთრეს სასწაულად მიიჩნევს, ვინაიდან თვითონ თეთრი მხოლოდ კბილები აქვს. თავს ნუ იქებ და მუდამ პირველობას ნუ ეძიებ. ნუ ისურვებ, რომ სხვებზე კარგი გამოჩნდე. „თქუენ ხართ, რომელნი განიმართლებთ თავთა თვისთა წინაშე კაცთა, ხოლო ღმერთმან იცის გულნი თქუენნი, რამეთუ კაცთა შორის მაღალი საძაგელ არს წინაშე ღმრთისა“ (ლკ. 16,15). გახსოვდეს, რომ უფალს შენი ნებისმიერი ცოდვის მოთმენა შეუძლია, გარდა - ამპარტავნებისა. გაიხსენე ის შეურაცხყოფა, დევნა და უპატიობა, რაც ქრისტემ ჯვარზე მოითმინა და ეს თავის დამდაბლებაში დაგეხმარება.
„რა აღასრულა ღმერთმა ჩვენი გადარჩენისათვის“, თბილისი, 2004 წ.