თუ გსურს, შენს მტრებს უფრო სწრაფად და ადვილად სძლიო, აუცილებელია, ძმაო, რომ განუწყვეტლად და მამაცურად იბრძოლო შენს ვნებებთან, განსაკუთრებით და უპირატესად კი თავის მოყვარეობასთან, ანუ საკუთარი თავის უგუნურ სიყვარულთან, რაც თავის მაამებლობასა და თავის სიბრალულში გამოიხატება, რადგან ის არის ძირი და წყარო ყოველი ვნებისა, და მას ვერ ალაგმავ, თუ შენივე ნებით თავს მოიძულებ, თუ სიხარულით არ შეხვდები მწუხარებას, ნაკლულოვანებას, ცილისწამებას, შევიწროებას სოფლისა და მსოფლიოთა (ერისკაცთა) მხრივ. საკუთარი თავის მიმართ ასეთი შეუბრალებელი დამოკიდებულების მხედველობიდან გაშვება არის და ყოველთვის იქნება მიზეზი ჩვენი სულიერი გამარჯვებების წარუმატებლობისა, მათი გაძნელებისა, გაიშვიათებისა, არასრულყოფილებისა და არამდგრადობისა.
ამგვარად, ეს ჩვენი სულიერი ბრძოლა უნდა იყოს მუდმივი და განუწყვეტელი და უნდა წარიმართოს სულიერი სიმხნევითა და მამაცობით, რასაც ადვილად მიაღწევ, თუ მას ღმრთისაგან მოიძიებ. არ შეყოყმანდე, ისე გამოდი ამ ბრძოლაში. თუ შეგაშფოთებს აზრი იმის შესახებ, რა მძვინვარეა დამოუკიდებელი ბოროტება, რომელსაც იჩენენ შენდამი შენი მტრები-დემონები, და რა რიცხვმრავალია მათი მხედრობა, მაშინ მეორე მხრივ იფიქრე ღმრთის უსაზღვროდ დიდებულ ძალაზეც და შენდამი მის სიყვარულზე, შესაბამისად იმაზეც, რომ შეუდარებლად დიდია რიცხვი ზეციური ანგელოზებისა და მეოხება წმინდანებისა. ისინი ჩვენთან ერთად უხილავად იბრძვიან ჩვენთვის ჩვენი მტრების წინააღმდეგ, როგორც წერია ამალეკის შესახებ: „რამეთუ ელითა დაფარულითა ჰბრძავს უფალი ამალეკსა…“ (გამოსვლ. 17,16). რამდენი უღონო დედაკაცი და უასაკო ყრმა აღძრა საომრად ასეთი ძლიერი და ყველგან მზადმყოფი შეწევნის აზრმა! და მათ გაიმარჯვეს და სძლიეს ამა სოფლის სიბრძნეს, წინააღმდგომი ეშმაკის ყველა მახეს და ჯოჯოხეთის მთელ ბოროტებას.
ამიტომ, ამიერიდან არ უნდა შეუშინდე, როცა გაგაბეზრებს შენი აზრების ნიაღვარი, რომ ბრძოლა მტრებისა შენს წინააღმედგ მეტისმეტად ძლიერია, რომ არა აქვს მას დასასრული და გაგრძელდება იგი მთელი შენი სიცოცხლის მანძილზე. რომ ვერსად გაექცევი დაცემებს და მათ მრავალგზის და მრავალგვარ განმეორებას. იცოდე, რომ ჩვენი მტრები თავიანთი ყველა მახით ჩვენი ღვთაებრივი მხედართმთავრის, უფალ იესუ ქრისტეს ხელში არიან, ვის პატივად და სადიდებლადაც იბრძვი. როგორც მას თვითონ შეჰყავხარ ბრძოლაში, ისე, საბოლოოდ, არა მხოლოდ არ დაუშვებს შენზე მტრის ძალადობას და გამარჯვებას, თუ შენ შენი თავისუფალი ნებით არ გადახვალ მტრის მხარეზე, არამედ თვითონ იბრძოლებს შენთვის და როცა და როგორც ეს მისთვის სათნო იქნება, შენს მტრებს ხელში გადმოგცემს დამარცხებულებს, როგორც წერია: „უფალი ღმერთი შენი გარდამოსულ არს და იქცევის ბანაკსა შინა შენსა: განრინებად შენდა და მიცემად მტერისა შენისა ხელთა შენთა“ (მეორე სჯულ. 23,15)
თუ ღმერთი დააყოვნებს შენთვის სრული გამარჯვების მონიჭებას და გადადებს მას შენი ცხოვრების უკანასკნელ დღემდე, მაშინ იცოდე, რომ ამას უმეტესად ისევ შენი სიკეთისათვის იზამს; ოღონდ შენ უკან არ დაიხიო და გულმოდგინე ბრძოლა არ მიატოვო. თუნდაც ზოგჯერ ჭრილობებიც მიიღო, იარაღი მაინც არ დაყარო და არ გაიქცე. ერთი სურვილი და განზრახვა იქონიე-იბრძოლო სრული აღტყინებითა და სიმამაცით, იმიტომ რომ ეს გარდაუვალია, კაცთაგან არავის ასცილდება ეს ბრძოლა სიცოცხლეში ან სიკვდილის ჟამს. და ვინც არ იბრძვის, რათა სძლიოს ვნებებსა და თავის მტრებს, იგი უთუოდ აღმოჩნდება ტყვეობაში ან აქ, ანდა იქ და სიკვდილს მიეცემა.
შენთვის უსარგებლო არ იქნება ამასთან ერთად გახსოვდეს ისიც, თუ რატომ არის ღმრთისთვის სათნო ჩვენი დატოვება ასეთ საბრძოლო მდგომარეობაში. ეს კი აი, რისთვის ხდება. ღმერთმა, როგორც ძველად, როცა ისრაელის ერი აღთქმულ ქვეყანაში შეჰყავდა, არ დაუშვა იქ მცხოვრები ყველა ერის მოსპობა, არამედ ადგილზე დატოვა ისრაელისათვის უცხო და მისდამი მტრულად განწყობილი ხუთი ტომი, რათა, ჯერ ერთი, გამოეცადა, მტკიცედ სწამს მის რჩეულ ერს და ერთგულად თუ ასრულებს მის მცნებებს, და მეორეც, რათა ესწავლებინა თავისი ერისათვის ხელოვნება ბრძოლისა (მსაჯ. 2,21-23; 3,1-2)-ასე არ სპობს იგი ერთბაშად ყველა ჩვენს ვნებასაც, არამედ ტოვებს მათ ჩვენში, რათა გვებრძოდნენ ისინი სიცოცხლის ბოლომდე იმავე მიზნით. სახელდობრ, რათა გამოცადოს ჩვენი მისდამი სიყვარული და მისი ნებისადმი მორჩილება, და გვასწავლოს სულიერი ბრძოლა. დაწვრილებით გადმოგვცემს ამას ნეტარი თეოდორიტე. ღმერთი,-ამბობს იგი,-აკეთებს ამას იმისათვის,
ა) რომ ჩვენ არ მივეცეთ უზრუნველობას და დაუდევრობას, არამედ ვიყოთ ფხიზელნი,
მოსწრაფენი და დაკვირვებულნი;
ბ) რომ არ დაგვავიწყდეს ჩვენი მარადჟამ განმზადებული თავდასხმა, არ მოვექცეთ მტრის
ალყაში და არ ვიძლიოთ ვნებათა მიერ;
გ) რათა მუდამ ვევედრებოდეთ ღმერთს და ვიყოთ მისგან შეწევნის მეძიებელნი და
მომლოდინენი;
დ) რათა კი არ ვამაყობდეთ, არამედ სიმდაბლით განვიხილავდეთ საკუთარ თავს;
ე) რათა ვისწავლოთ მთელი არსებით მოძულება ვნებებისა და მტრებისა, რომლებიც ასე
დაუღალავად გვესხმიან თავს;
ვ) რათა გამოიცადოს, ბოლომდე თუ ვინარჩუნებთ ღმრთის პატივისცემას, სიყვარულსა და
რწმენას;
ზ) რათა აღგვძრას ღმრთის ყველა მცნების სიზუსტით აღსასრულებლად და საიმისოდ, რომ არ
გადავხდეთ თვით უმცირესსაც კი;
თ) რათა განუწყვეტელი ბრძოლა გვაძლევდეს შესაძლებლობას მეტი და მეტი გვირგვინების
მოპოვებისას;
კ) რათა ღმერთი განვადიდოთ, ხოლო ეშმაკი და ცოდვა უმეტესად შევარცხვინოთ ჩვენი
ბოლომდე მოთმინებით;
ლ) რათა სიცოცხლეში ბრძოლას შეჩვეულებს აღარ გვეშინოდეს მისი სიკვდილის ჟამს, როცა
მოსალოდნელია ყველაზე სასტიკი ბრძოლა ჩვენს წინააღმდეგ.
ასე რომ, ჩვენ, ყოველთვის გარშემორტყმულები ამდენი და ამგვარი მტრებით, რომელთაც ასე ბოროტად ვძულვართ, არ უნდა ველოდეთ მათგან მშვიდობას, დაზავებას, ბრძოლის შეწყვეტას ან გადადებას, არამედ ყოველ წამს მზად უნდა ვიყოთ ბრძოლისათვის და მაშინვე მამაცურად უნდა ჩავებათ მასში, როგორც კი მას მტრები გაგვიჩაღებენ. რა თქმა უნდა, უკეთესი იქნებოდა, რომ ჩვენ დასაწყისშივე არ გაგვეღო ჩვენი ბუნების კარები და არ შემოგვეშვა ჩვენი მტრები და ვნებები ჩვენს შიგნით, სულსა და გულში, მაგრამ მას შემდეგ, რაც ერთხელ უკვე გაიკვლიეს მათ ჩვენში შემოსასვლელი გზა, აღარ უნდა მივეცეთ უზრუნველობას, არამედ უნდა შევიარაღდეთ მათ წინააღმდეგ, რათა განვდევნოთ ისინი ჩვენგან. ისინი ურიცხვნი და უტეხნი არიან და არ გავლენ, თუ ბრძოლით არ გავაძევებთ.
წიგნიდან: „უხილავი ბრძოლა“.
კალამონის სავანე