სწორედ რომ სულიერი ცხოვრებაა ჭეშმარიტი, ყოველივე დანარჩენი მტვერია.
მტვერია ჩვენი სხეულიც, მიწაა, მიწისგანვე ვალად აღებული. მიწა, წყალი, ცეცხლი და ჰაერი - ამათგან, ამ ოთხი სტიქიისაგან არის შექმნილი ადამიანი. შექმნილია ისე ოსტატურად, ისე საოცრად, რომ ვერც კი გამოხატავ. და მაინც, თავისთავად სხეული სიცოცხლე არაა, ისევე როგორც ოთხთვალა ვერ იქნება მგზავრი, ხოლო გალია კი - ფრინველი.
რა არის სიცოცხლე? წმინდა წერილი უფლისა პირველივე გვერდზე ნათლად პასუხობს ამ კითხვას: „და შექმნა უფალმან ღმერთმან კაცი მტუერისა მიმღებელმა ქუეყანისაგან. და შთაბერა პირსა მისსა სული სიცოცხლისაჲ და იქმნა კაცი იგი სულად ცხოველად“ (დაბ. 2,7).
კარგად გესმის კი შენ აზრის სიტყვებისა: „საშუალებით“ და „უშუალოდ“? საშუალებით, ე.ი. - მიწისაგან შექმნა ღმერთმა სხეული, ხოლო უშუალოდ - საკუთრივ სული თვისი შთაბერა. ასე იქცა ადამიანი ცოცხალ არსებად.
ამგვარად, ადამიანი ხილული სახით ხორციელია, მაგრამ სხეული მაცოცხლებელ სუნთქვას ატარებს, რომელიც უშუალოდ შემოქმედისგანაა.
ეს სული აკავშირებს ადამიანს შემოქმედთან და მის ირგვლივ არსებულ ზეციურ, სულიერ სამყაროსთან. ესაა მცირე ალი, მსგავსი მარადიული ღვთიური ალისა, და მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი სხეული ასე უბადრუკად და საცოდავად არსებობს დედამიწაზე მწერთა და ცხოველთა შორის, ამ ალით ის ზეცასა და მარადისობას უკავშირდება.
ცხოვრება სულისა, რომელსაც წარმართავს და აცოცხლებს ღვთიური სული, - აი, რას წარმოადგენს ადამიანის ცხოვრება.
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, სულიერი ცხოვრება - ესაა უწყვეტი შრომა იმისათვის, რომ გავხდეთ ღირსნი ღვთიური სულისა, რომელიც ჩვენშია. რისთვის გვმართებს შრომა? იმისათვის, რომ ჩვენ შემოქმედისაგან საჩუქარი მივიღეთ. არც ერთ ჩვენთაგანს არ უყიდია იგი და არც გადაუხდია მასში. იგი მარადიული სიყვარულისაგან მოგვენიჭა. საჩუქარში საფასურს არ იხდიან, საჩუქარი საჩუქარია. მაგრამ ის, ვინც საჩუქარს იღებს და თანაც იმდენად ძვირფასს, როგორიც სიცოცხლეა, ეს საჩუქარი უნდა დაიმსახუროს.
მაგრამ როგორ ვუპასუხოთ სიყვარულზე სიყვარულით უფალს და როგორ გავხდეთ მისი ღვთაებრივი საჩუქრის ღირსნი? - ამაშია უდიდესი მეცნიერება, სულიერი მეცნიერება რომ ეწოდება და ყველა მეცნიერებაზე მაღლა დგას. იგი ადამიანს სულიწმიდისაგან მიეცა. იმან, ვინც ძვირფასი საჩუქარი მოგვიძღვნა, თვით ასწავლა ადამიანს, რომ მისი ღირსი ყოფილიყო.
თუკი ამ ნათელ და ტკბილ მეცნიერებაში შეღწევა გსურს, კურთხეულ იყოს სურვილი შენი.
მშვიდობა შენ და სიხარული უფლისაგან.
„მისიონერული წერილები“ (წერილი 1), თბილისი, 2005 წ.