რა თქმა უნდა, არიან, რადგანაც, რომ არ ყოფილიყვნენ, კურთხევას აზრი არ ექნებოდა. კურთხეული და უკურთხებელი: აი რაში მდგომარქობს ძირითადი განსხვავება ადამიანებს შორის. ურღვევ ერთიანობას უფალთან, კურთხება მოაქვს, ხოლო ღმერთისაგან განდგომა - კურთხევის ჩამორთმევას ნიშნავს. ამაზე გვიამბობს სახარებისეული იგავი უძღები და მორჩილი შვილების შესახებ.
ერთი კურთხეული შვილისაგან მთელ სახლს ძალუძს კურთხევის მიღება და წარმატების მიღწევა ყველაფერში, ხოლო ერთი უკურთხებლის მიზეზით შეიძლება, მთელი მოდგმა მწუხარებას განიცდიდეს. წაგიკითხავს წმინდა წერილში მშვენიერი მოთხრობა კურთხეული იოსების შესახებ, რომელიც შურიანმა ძმებმა ეგვიპტელ ვაჭრებს მიჰყიდეს? უფლის კეთილი განზრახვით, რომელიც მუდამ იფარავს მართალს, იოსები პატიფარს მიჰყიდეს, რომელიც ფარაონის დიდებული იყო. და როდესაც მან იხილა იოსების ღვთისმოსაობა, მთელი თავისი მამულების მმართველად დანიშნა „და იყო კურთხევაჲ უფლისაჲ ყოველთა ზედა მონაგებთა მისთა სახლსა შინა და აგარაკსა. და მისცა ყოველივე, რაჲცა იყო მისი, ხელთა იოსებისთა“ (დაბ. 39,5). ასეა წმინდა წერილში, ასევეა ცხოვრებაშიც ყველა დროისთვის. განა არასოდეს გაგიგონია, როგორ ამბობენ შენი თანასოფლელები: „როგორც კი ეს შვილი გამიჩნდა, ჩემს სახლში კურთხევა უფლისა მასთან ერთად მოვიდა?“ გამჭრიახი ხალხური გონება, უფლის სულით შთაგონებული, ყოფიერების საიდუმლოებებში აღწევს უფრო ღრმად, ვიდრე დაღლილი ტვინი, რომლებიც ღვთიური სულის გარეშე განსჯის.
ასევე არსებობენ უკურთხებელი ადამიანებიც, ფუჭი, უღმერთო და ზნეობრივად არაწმინდა სული ყოეელთვის ამაოა. იონა წინასწარმეტყველი გაურბოდა ღმერთს და ეწინააღმდეგებოდა მის მცნებებს: ამგვარად ჩამოსცილდა ის უფლის კურთხევას. ამის მიზეზით ლამის ის ხომალდი დაიღუპა, რომლიდაც იგი მიცურავდა, როდესაც იონა ხომალდიდან გადმოსვეს, ქარიშხალი შეწყდა. კურთხეულმა პავლემ გზად რომში მიმავალმა ქარიშხლისაგან იხსნა სხვა ხომალდი და მასზე მყოფი ორას სამოცდათექვსმეტი სული, უფლის ანგელოზის სიტყვით, რომელიც ძილში გამოეცხადა მას და უთხრა: „ნუ გეშინინ, პავლე! კეისრისა ჯერ-არს შენდა წარდგომაჲ და აჰა ესერა მიგმადლნა შენ ღმერთმან ყოველნი, რომელნი არიან შენ თანა ნავსა მაგას“ (საქმ. 27,24).
ომის დროს განსაკუთრებით ხშირად საუბრობენ იღბლიან და უიღბლო ხალხზე, სწორედ ისინი არიან კურთხეულნი და უკურთხებელნი. ისუ ნავესმა ბრძოლაში მარცხი განიცადა ქარმინის შვილი ქურდი აქანის მიზეზით (იხ. ნავ. 7,1-26). განა არ გაგიგონია, როგორ ამბობენ ადამიანები: „მას შემდეგ, რაც ეს კაცი ჩემს სახლშია (ანდა: მას შემდეგ, რაც ეს კაცი ჩემი თანამშრომელი გახდა), არაფერი გამომდის?“ როდესაც კეთილი და ბოროტი კაცი თანამშრომლობს, რომელ სამუშაოზეა ლაპარაკი? ერთი თუ უკან ექაჩება, ხოლო მეორე კი - წინ? ვიდრე მეფე სოლომონი ერთ, ჭეშმარიტ ღმერთს ემსახურებოდა, ისიც და ხალხიც კეთილად იყვნენ, მაგრამ, როდესაც მოიყვანა ცოლად ეგვიპტელი წარმართი ქალები, მათ სოლომონს და მის სამეფოს უბედურება მოუტანეს, რადგანაც ამ ქალებმა საუკუნოდ შეარცხვინეს იგი, სახლი მისი წითლად შეიღება ძმათა სისხლით, ხოლო სამეფო კი დაიშალა. ასე წერია წმიდა წერილში და ასევეა ცხოვრებაშიც. უკუნითი უკუნისამდე.
შენ კი ნუ გეშინია, მხოლოდ ყური უგდე სოლომონის მამის სიტყვებს, რომელთა მოსმენაც სოლომონმა არ ისურვა: „ნეტარ არს კაცი, რომელი არა მივიდა ზრახვასა უღმრთოთასა და გზასა ცოდვილთასა არა დადგა და საჯდომელსა უსჯულოთასა არა დაჯდა“ (ფს. 1,1).
კურთხეულია შენთვის დამდეგი წელი.
„მისიონერული წერილები“ (წერილი 101), თბილისი, 2005 წ.