გსმენია ნეტარი დიაკონის, ამბაკუმის შესახებ: როდესაც იგი ითურქებს მთელი ბელგრადის გავლით, დაბორკილი მიჰყავდათ, რათა ძელზე გაესვათ, ეს ვაჟკაცი ბოსნიელი მღეროდა: „სერბს ქრისტესათვის სიკვდილი უხარის!“. ეს სიტყვები მსგავსია პავლე მოციქულის სიტყვებისა, რომლითაც მან ფილიპელებს მიმართა: „გული მეტყჳს განსლვად და ქრისტეს თანა ყოფად, უფროის და უმჯობეს ფრიად, ხოლო დადგრომაჲ ხორცთა შინა უნებელადრე თქუენთჳს“ (ფილიპ. 1,23). მოციქული ლაპარაკობს არა სიკვდილზე, არამედ ამ ცხოვრებიდან სხვა ცხოვრებაში გადასვლის თაობაზე, და იმ ცხოვრებას უფრო შეჰხარის, ვიდრე - არსებულს.
ამასწინათ ერთ მოხუცს ვკითხე, თუ რისი მიღება სურდა ყველაზე მეტად ღმერთისაგან. გულზე ხელები დაიკრიფა და მიპასუხა:
- სიკვდილის, მხოლოდ სიკვდილის!
- გჯერა კი შენ, სიცოცხლისა სიკვდილის შემდგომ?
- სწორედ რომ ამ რწმენის გამო მსურს სწრაფი სიკვდილი - თქვა მოხუცმა.
ურწმუნოებს ეშინიათ სიკვდილის, რადგანაც მასში სიცოცხლის განადგურებას ხედავენ. მრავალ მორწმუნეს ეშინია სიკვდილის, რადგანაც თვლის, რომ უნდა აღასრულოს თავისი საქმე ამქვეყნად: ფეხზე დააყენო შვილები, ანდა დაამთავრო დაწყებული საქმე. თვით ზოგიერთი წმინდანიც კი შიშს განიცდიდა სიკვდილის ჟამს. როდესაც ანგელოზნი დაეშვნენ, რათა მიეღოთ სული წმიდა სისოისა, ეს ზეციური ადამიანი ევედრებოდა, რომ ცოტა ხნით კიდევ დაეტოვებინათ ამ ცხოვრებაში, რათა შესძლებოდა, მოენანიებინა და მომზადებულიყო სხვა ცხოვრებისათვის. უფრო ზუსტად, წმიდანებს სიკვდილის კი არ ეშინოდათ, არამედ - უფლის სამსჯავროსი, სიკვდილის შემდგომ. და ეს არის ერთადერთი გამართლებული შიში ქრისტიანისათვის, რომელსაც მტკიცედ სწამს მარადიული სიცოცხლესა და უფლის სამსჯავრო.
ხოლო სხვა, ზეციური ცხოვრების რწმენის გარეშე, სიკვდილის შიში უბრალო თოკია კისერზე, რომლითაც სიკვდილი განსჯილებს საკუთარი ხახისაკენ მიათრევს. სიცოცხლე ურწმუნოსათვის სხვა არაფერია, თუ არა ქროლვა სიკვდილისა, ქროლვა, რომელაც აშლის და, მიმოაბნევს მკვდარ ფერფლს, გაჰქექს და ჩატკეპნის მას მიწაში. უღმერთოს რომ შესძლებოდა ყველაფრის ბოლომდე, ლოგიკურად გააზრება, მას უნდა ეთქვა, სიცოცხლე საერთოდ არ არსებობს, საკვდილი - ერთადერთი რწმენაა მისი, სიკვდილი - ერთადერთი მარადიული ძალაა, სიკვდილი - ერთადერთი ღმერთია.
ჩვენთვის კი, ქრისტიანთათვის, საკვდილი - ეს სკოლის დამთავრებაა, სამხედრო სამსახურის დამთავრებისა და სამშობლოში დაბრუნების სიგნალია; ქრისტეს მორწმუნეთათვის სიკვდილი თავისთავად - არაფერია. უფალმა უთხრა მართას და ახლა ჩვენც გვეუბნება: „მე ვარ აღდგომაჲ და ცხორებაჲ. რომელსა ჰრწმენეს ჩემი, მო-ღათუ-კუდეს, ცხონდესვე“ (იოან. 11,25). ვის დაგუჯერთთ, თუ არა - ქრისტეს, ძმაო სტავრო? ხალხს მაშინაც კა ვერ ენდობი, როცა საკუთარ სახელს ამბობენ, და უფრო ნაკლებად, როცა იტყვიან: „ხვალ გადაგიხდი“, განსაკუთრებით, თუკი ღრმა და ამაღლებულ თემებზე საუბრობენ. უფლის ძის გარდა არავინ არაფერი უწყის სიკვდილის შესახებ, არც იმის შესახებ, თუ რა გველის სიკვდილის შემდგომ. მაგრამ მან იცოდა, განაცხადა და გვიჩვენა. მისმა გამარჯვებამ მოციქულის სიტყვებით რომ ვთქვათ, გაანადგურა სიკვდილი (იხ. 1 კორ. 15,26). რატომღა უნდა გვეშინოდეს იმისა, რაც ქრისტეს აღდგომით დამარცხებულია? სიკვდილის შიში არ ეკარება მათ, ვინც ქრისტეს ეკვრის, სიკვდილის დამთრგუნველსა და სიცოცხლის მომნიჭებელს.
და მაინც რჩება ერთი შიში, სრულიად დროული და გამართლებული: ის შიში, რომელსაც გრძნობდნენ წმიდა სულები, თავიანთი სიკვდილის ჟამს. ეს არ არის სიკვდილის შიში, არამედ შიში საკუთარი მოუმზადებლობისა მარადიული სიცოცხლისათვის. შიში საკუთარი სულიური უსუფთაობისა, რამეთუ არაწმიდანი ვერ იხილავენ უფალსა და ჭეშმარიტ ზეციურ ცხოვრებას.
უფალმა მოგანიჭოს სიმამაცე და ნუგეში.
„მისიონერული წერილები“ (წერილი 105), თბილისი, 2005 წ.