როგორც თვითონ მწერ, მრავალ წელს ემსახურებოდი ერთ ბატონს. დღე არ გავიდოდა ისე, რომ იმაზე არ გეფიქრა, მას რა სურს, რას ითხოვს, რას გეგმავს. თუმცა შენი ბატონი მოკვდავი ადამიანი იყო და - გარდაიცვალა, მაგრამ არსებობს უკვდავი ბატონიც, რომელიც არ კვდება, რომელიც შენს ბატონზეც ბატონობდა, და ყველა მეფესა თუ კარისკაცზეც, მთელს ქვეყანაზეც. ეს - უფალი ღმერთია, შემოქმედი და ყოვლისმპყრობელი ცისა და მიწისა. განა ბუნებრივი არაა, ქვეშევრდომებმა ამ ბატონთა ბატონისა ყოველდღე მასზე იფიქრონ? გაიგონ ნება მისი, შეისწავლონ მისი მცნებანი, შეაღწიონ მის ზრახვებში? მაგრამ ზუსტად ის, რაც ბუნებრივია, ადამიანებმა უარყვეს და საკუთარი ნებით, საკუთარი ფიქრით, წესითა და კანონით იწყეს ცხოვრება. ნაყოფი ასეთი ცხოვრებისა აშკარაა: შფოთი, დაბნეულობა, სასოწარკვეთილება, უფსკრული ადამიანთა სულებსა და თვით ადამიანებს შორის.
როდესაც თვითონვე ხედავ ყოველივეს, განცვიფრებული კითხულობ: რა ვქნათ, რომ უკეთ ვიცხოვროთ? მე არ გიპასუხებ და სიტყვას ერთ წმინდა ადამიანს მივცემ...
ამბობენ, ოდესღაც ძველ ეგვიპტეში ხალხთა შორის განხეთქილებები დაწყებულა, დღევანდელის მსგავსი. მაშინ ორმა მამაცმა მეგობარმა ალექსანდრიიდან გადაწყვიტა მსოფლიოს გარშემო მოგზაურობა, რათა თუნდაც ერთი ბრძენი და ბედნიერი ადამიანი ეპოვათ. ხანგრძლივი და უნაყოფო ძებნის შემდეგ ისინი ერთ წმიდანს მიადგნენ, რომელიც ტყეში განმარტოებით ცხოვრობდა. მან მიწამდე ქედი მოუხარა მოსულთ და სიხარულით შეიპატიჟა ქოხში. ხანგრძლივი საუბრის და გამოკითხვის შემდეგ, მოგზაურებმა, დაწრმუნებულებმა იმაში, რომ იპოვეს ადამიანი, რომელშიც შეერთებული იყო სიბრძნე და ბედნიერება, შესძახეს: „ღვთისნიერო ადამიანო, ჩვენ არ ძალგვიძს ისე ცხოვრება, როგორც შენ! როგორღა ვპოვოთ ბედნიერება“. ატირდა ღვთისნიერი ადამიანი, აღაპყრო ზეცად თვალნი და ცრემლმდინარემ თქვა: „არ უნდა იცხოვროთ ისე, როგორც მე, მაგრამ ბედნიერნი რომ იყოთ, მისდიეთ ამ წესებს:
„იფიქრეთ ღმერთზე იმდენად მაინც, რამდენსაც ადამიანებზე ფიქრობთ;
გეშინოდეთ ღმერთის იმდენად მაინც, რამდენადაც ადამიანების გეშინიათ;
ევედრეთ ღმერთს იმდენად მაინც, რამდენსაც ადამიანებს ევედრებით;
იმედი იქონიეთ ღმერთისა იმდენად მაინც, რამდენადაც ადამიანების იმედი გაქვთ;
დახმარება შესთხოვეთ ღმერთს იმდენად მაინც, რამდენადაც ადამიანებს შესთხოვთ;
შეასრულეთ კანონი ღმრთისა იმდენად მაინც, რამდენადაც ადამიანურ კანონს ასრულებთ;
მადლიერნი იყავით ღმერთისა იმდენად მაინც, რამდენადაც ადამიანებს ემადლიერებით;
ადიდეთ ღმერთი იმდენად მაინც, რამდენადაც ადამიანებს განადიდებთ!“
როდესაც მოისმინეს ცხოვრების ეს გაკვეთილი, მეგობრები ბედნიერნი დაბრუნდნენ სახლებში. ესეც შენ პასუხი, ძმაო, შენ კი ამის შესახებ ჩასძახე. ყურში ახლობელს, მე მხოლოდ ერთი შემიძლია დავურთო: ვინც ამ მარტივ ანბანს ყურად არ იღებს, ვერასდროს შეძლებს, ჩაუჯდეს ძნელ სახელმძღვანელოს.
დაე, უფალმა გაგახაროს.
„მისიონერული წერილები“ (წერილი 106), თბილისი, 2005 წ.