...შენი შვილის შესახებ მწერ. თურმე ის ვაჭრობის შესასწავლად გაუშვი, რათა განათლებული და შენზე უკეთესი დამდგარიყო. გახდა განათლებული, მაგრამ უკეთესი კი - არა. მოკლე ხანში გაანადგურა შენი და საკუთარი კარგი რეპუტაციაც, რომელიც ქალაქში გქონდათ. ვიდრე ის სწავლობდა, აუცილებელს იკლებდი, არა მარტო ხორცისათვის, არამედ - სულისთვისაც. შეწყვიტე ეკლესიაში სიარული - ძვირია: სანთელიც უნდა დაანთო და ერთი-ორი გროშიც ჩააგდო შესაწირავში. შეწყვიტე დიდების დღესასწაულობა - ძვირია: პური დიდებისა, სტუმრები, მღვდელი! ყველაფერი მიატოვე იმის გულისათვის, რათა ვაჟიშვილს ვენასა და პარიზში სწავლა შესძლებოდა.
ჭეშმარიტად, მან ბევრ რამეში გაჯობა: ბევრი იცის, შენზე უკეთ ერკვევა საბუღალტრო წიგნებში. მაგრამ მუდმივი მყიდველები შენს ფარდულს გაურბიან. გაკვირვებული ხარ. „რატომ? - ჰკითხე საკუთარ თავს. - ჩემმა შვილმა იცის უცხო ენები, ვაჭრობის ხელოვნება, მთელი ევროპის ვალუტა და ბალანსები, რატომ მოდიოდა ხალხი ჩემთან, უბირთან, ხოლო მასთან - მეცნიერთან კი არ მიდის?“. საბრალო ძმაო, შენ ერთი „წვრილმანი“ დაგავიწყდა, რომელზეც დამოკიდებულია წარმატება ვაჭრობაშიც და გამარჯვება ბრძოლის დროსაც. ხალხს სურს ადამიანი, შენ კი მათ მეცნიერს სთავაზობ. ხალხს ეშინია მეცნიერთან საქმის დაჭერა, რომელსაც ადამიანობის არა სცხია რა. ამიტომაც შენი მუდმივი მყიდველნი თავჩაღუნულნი ჩაუვლიან შენს ფარდულს და სხვაგან შედიან.
დიდი ფულის ფასად ადამიანის სახედაკარგული არამზადა შეიძინე. შენს შვილს გაგონებაც არ სურს იმის შესახებ, რაც თქვენს ქალაქში პატივისცემით სარგებლობს და ხალხში თაყვანისცემას იმსახურებს. ღმერთი, სული, ლოცვა, მოწყალება, ადამიანობა, შემწყნარებლობა - ყველაფერი ეს, მისთვის ძველი, გაუნათლებელი ვაჭრების ზღაპრებია. ფარდულში იგი მუდამ გაღიზიანებული და უხეში, ხოლო დუქანში კი მხიარულია. უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, დუქანში იგი ისე გრძნობს თავს, როგორც სახლში, ხოლო ფარდულსა და საკუთარ სახლში კი ისე, თითქოს ბეგარას იხდიდეს. მაგრამ მას, ვისაც დუქანი „ლოცავს“, სახლი დაწყევლის ხოლმე.
საბოლოოდ მან ისე ოსტატურად მოგატყუა, რომ ახლა სრულიად დარწმუნდი, - შვილი შენზე მოხერხებული აღმოჩნდა. მან აგიხსნა, რომ წარმატებისათვის თანამედროვე ვაჭრობაში საჭიროა ფარდულის მასზე გადაწერა. შენც მიამიტურად დასთანხმდი წინადადებას და ეკონომიკისა და ბუღალტერიის ამ „მცოდნემ“ სასამართლომდე მიგიყვანა. შენ ამგვარ რამეს აზრადაც ვერ გაივლებდი, მანამ, ვიდრე ერთ მშვენიერ დღეს, ღამეული ლოთობისაგან გაბოროტებულმა პირდაპირ არ განგიცდხადა, რომ შენ ქუჩის ბოგანო ხარ, ფულისა და თავშესაფრის გარეშე დარჩენილი. სულიერად გატეხილი სასამართლოში წახვედი ადვოკატებთან და მეგობრებთან... მაგრამ ყველამ, ვინც კი საქმე ნახა, გითხრა, რომ შენმა შვილმა მოხერხებულად დაგტოვა ქონების გარეშე. ბევრს მწერდი იმის შესახებ, თუ როგორ ცდილობდი, დაგებრუნებინა იგი, რასაც მძიმე და პატიოსანი შრომით აგროვებდი მთელი ცხოვრების მანძილზე. ბოლოს სასოწარკვეთილი კითხულობ: ცოდვა კი იქნება ასეთი არამზადა შვილის მოკვლა?
რა აზრი აქვს მკვდრის მოკვლას? განა მკვდარი არ არის თითოეული არამზადა, ვინც ყველას თვალწინ იხრწნება? არ მოკლა შვილი, მაგრამ მიმართე იმ ერთადერთს, ვისაც შენი შვილის გაცოცხლება და გადარჩენა ძალუძს. უკეთესია იყო ბოგანო, ვიდრე დამნაშავე, რომელმაც სული დაკარგა. შენ დღემდე შენს ვაჟზე მეტად მდიდარი ხარ და უფრო მეტად შეგიძლია, დაეხმარო, ვიდრე მას შეუძლია შენი დახმარება. მას დაუბრუნდი, ვინც შვილის გულისათვის მიატოვე: ღმერთს, ეკლესიას, ჯვრის დიდებას, საკუთარ სულს დაუბრუნდი, რომც არ გქონდეს არც სანთელი, არც პური დიდებისა, არც კაპიკი: ღმერთი ყველაფერს ხედავს. ამის მაგივრად შენ მას მიუძღვენი ცრემლი და ლოცვა. თუკი მოწყალების თხოვნა მოგიწევს, როცა გადააბიჯებ სახლის ზღურბლს, თქვი: „გაიღეთ მოწყალება პურისა და სანთელისათვის: პური მე - მოხუცებულს, ხოლო სანთელი - ჩემი ვაჟის სახსნელად!“ თქვი ასე შენი ფარდულის ზღურბლზეც, დაე გაიგონოს. შემდეგ წადი ღვთის ტაძარში და სანთელი დაანთე. მის მიერ შეირყევიან ცანი ყოვლისმხედველნი და ისინი დაგეხმარებიან.
საქმის გადაწყვეტა სანთლით უკეთესია, ვიდრე - ნაჯახით.
უფალმა გიშველოს.
„მისიონერული წერილები“ (წერილი 108), თბილისი, 2005 წ.