სიტყვებს მაცხოვრისა, რომლის შესახებაც შენ კითხულობ: „ამენ გეტყჳ თქუენ, რამეთუ არიან ვინმე აქა მდგომარგთაგანნი, რომელთა არა იხილონ გემოჲ სიკუდილისა, ვიდრემდე იხილონ სასუფეველი ღმრთისაჲ, მომავალი ძალითა!“ (მარკ. 9,1). ზოგიერთი ცრუ განმმარტებელი ბიბლიისა ასე ხსნის, რომ უფალს მხედველობაში ჰქონდა ის, თითქოს ქვეყნის აღსასრული მათივე სიცოცხლეში დადგებოდა და ზოგიერთი დამსწრეთაგან იცოცხლებდა ამ დღემდე, ასე ისინი ლაპარაკობენ, ვისაც საკუთარი თავი ქრისტეს მხრებზე წარმოუდგენია.
მაგრამ ქრისტე ამბობს - ვერ იგემებენ სიკვდილს - ეს ნიშნავს რომ ხორციელად ისინი მაინც უნდა მოკვდნენ. შესაბამისად, აშკარაა რომ მისი სიტყვები არ ეხება სამყაროს დასასრულსა და საერთო ხილვას უფლის ანგელოზთა სამყაროსი, არამედ მაცხოვარი საუბრობს ზეციურ სასუფეველზე, რომელიც აღწევს ცხოვრების ბრძმედიდან მორწმუნეთა სულებში, ჯერ კიდევ მიწიერი ცხოვრებისას, მანამ ვიდრე სიკვდილს იგემებდნენ.
როდესაც ადამიანი მონანიებით იწმინდება ყოველგვარი სიბილწისაგან, მის სულში მაღლიდან გადმოდის ძალა ღვთის სულისა და მაშინ სული თავის თავში შეიგრძნობს ზეციურ სასუფეველს. შენ იკითხავ: როგორ შეიგრძნობს იგი მას? ისე როგორც „სიმართლე და მშვიდობა და სიხარულ სულითა წმიდითა“ (რომ. 14,17) და კიდევ შეიგრძნობენ მას, როგორც შინაგან, სულიერ ძალას, იმავ მოციქულის სიტყვებით: „არა სიტყჳთა არს სასუფეველი ღმრთისაი, არამედ ძალითა“ (1 კორ. 4,20). და კიდევ, როგორც უჩვეულო ზეციურ შუქს: „რამეთუ ღმერთმან, რომელმან თქუა ბნელისაგან ნათელი გამობრწყინვებად, რომელმან გამოაბრწყინვა გულთა შინა ჩუენთა, განსანათლებელად მეცნიერებისა დიდებისა ღმრთისა წინაშე პირსა იესუ ქრისტესსა“ (1 კორ. 4,6), ხოლო, როცა ადამიანის სული ჭეშმარიტებით მშვიდობის, სიხარულით, ძალითა და სინათლით ივსება, მაშინ იგი აღტაცებული ღაღადებს, როგორც ერთი ვინმე, რომელმაც საუნჯე აღმოაჩინა: აბბა მამაო!
ძე ღვთისამ თავი დაიმდაბლა და ადამიანებთან გარდამოვიდა, რათა ისინი უფლის შვილებად ექცია. „და რამეთუ ხართ შვილნი, გამოავლინა ღმერთმან სული ძისა თჳსისაჲ გულთა შინა ჩუენთა, რომლითა ვღაღადებთ: აბბა, მამაო“ (გალატ. 4,6), ანუ ისინი, ვინც თავის თავში მიიღებენ იმავე სულს, რომელიც უფლის ძეში, იესო ქრისტეში იმყოფებოდა, უზენაესის მადლითა და წყალობით უფლის მონათესავენი, მისი შვილები ხდებიან.
ეს როგორ - იკითხავ კვლავ - სასუფეველი უფლისა ჩვენში შემოდის და ჩვენც შევდივართ უფლის სასუფეველში?! ეს სრულიად მარტივია. როგორც ჰაერი შემოდის ჩვენში, ჩვენ კი - ჰაერში. სინათლეც შემოდის ჩვენში და ჩვენ - სინათლეში. მინდვრის ყვავილთა შორეული არომატიც შემოდის ჩვენში ხოლო ჩვენ კი მასში შევდივართ. ასევეა სასუფეველი ღვთისა. იგი მოდის ჩვენთან და შემოდის ჩვენში, ჯერ კიდევ ჩვენი დროებითი, მიწიერი ცხოვრების ჟამს, ხოლო როცა ამ ქვეყანას განვეშორებით, ჩვენ ღვთის სასუფეველში შევდივართ. როცა უფალს ლოცვით მივმართავთ, ვამბობთ: „მოვედინ სუფევაი შენი“ (მათ. 6,10), ანუ ჩასახლდები ჩვენში სულით შენით და იმეფებ ჩვენს სულებში, მსგავსად შენი სამეფოსი!
ეს ყველა ქრისტიანს ეხება, რომლებიც ირჯებიან და ლოცვით სთხოვენ ღმერთს ზეციურ სასუფეველს, რამეთუ უფალი თავისი სიტყვებით მიმართავდა მოციქულებსაც და მთელ ხალხსაც. მაგრამ განსაკუთრებით წინასწარმეტყველურად ისინი უფლის ფერიცვალების ჟამს ჟღერენ, რომელიც წმიდა თეოფილაქტეს სიტყვებით, „არის გამოხატულება მომავალი ზეციური დიდების, ანუ იმ დიდებისა, რომელშიც მორწმუნენი იქნებიან... მსგავსად იმისა, თუ როგორ ბრწყინავდა ქრისტე ელვით, ასევე გაბრწყინდებიან მართალნიც“. პეტრე, იაკობი და იოანე იყვნენ ისინი, ვინც თაბორის მთაზე ქრისტეს ფერიცვალება იხილა, ასეთივენი იყვნენ მოციქულები ორმოცდაათი დღის თავზე, როცა იხილეს და შეიგრძნეს უფლის სასუფევლის ძალა სულიწმინდით, რომელიც მათზე ციდან ცეცხლოვანი ენების სახით გადმოვიდა.
ქრისტემ დაგლოცოს, დაე შენც იხილო სასუფეველი ღვთისა - უკვე ამ ცხოვრების ჟამს, შენს მოკვდავ სხეულში. დაე იხილე და განუცხადე შენს ძმებს სასიხარულო ამბავი სიცოცხლის, სინათლისა და მარადიული სიხარულის სამეფოს შესახებ.
„მისიონერული წერილები“ (წერილი 109), თბილისი, 2005 წ.