ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ შურის ცეცხლზე, სიძულვილის ცეცხლზე, ჟინსა და ყოველგვარი სასტიკი ვნების ცეცხლზე. რა თქმა უნდა, ის ცეცხლი არ იგულისხმება, რომელიც დედამიწაზე მოიტანა სიყვარულის და ჭეშმარიტების მეუფემ, უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ. ყველაფერი ეს ჯოჯოხეთის ცეცხლის უწმინდური ენებია, რომელიც დედამიწას სწვდება.
ქრისტემ წმინდა ცეცხლი მოიტანა; ის თავად ბრწყინავდა და ანათებდა მარადისობაში. ეს ჭეშმარიტებისა და სიყვარულის ცეცხლია, ცეცხლი წმიდა, ღვთიური, ცეცხლი მარადიული კერიისაგან - წმინდა სამება. ჭეშმარიტების ცეცხლი, საიდანაც სიყვარულის სითბო იღვრება.
ეს ის ცეცხლია, რომლითაც წინასწარმეტყველი იერემიას სიტყვები იქნა ანთებული, რომელიც დაუოკებლად იზიდავდა ღვთიურ ჭეშმარიტების საქადაგებლად წინასწარმეტყველს (იხ. იერ. 23,29).
ეს ის ცეცხლია, რომელიც ცეცხლოვანი ენების სახით გადმოვიდა მოციქულებზე, გაანათლა და გააბრწყინა უბრალო მებადურები, აქცია ისინი უდიდეს ბრძნებად (იხ. საქ. 2,2-4).
ამ ცეცხლით განათებული იყო მთავარდიაკონ სტეფანეს სახე, და ამით იგი უფლის ანგელოზს ემსგავსებოდა (იხ. საქ. 6,15).
ეს სულიერი ცეცხლია ჭეშმარიტებისა და სიყვარულისა, რომლითაც მოციქულებმა და მათმა მოწაფეებმა მონათლეს და ხელმეორედ შვეს სამყარო, გააცოცხლეს უღვთო კაცობრიობა, განბანეს, განწმიდეს და გაანათლეს იგი. ყოველივე კეთილი ქვეყანაზე ამ ზეციური ცეცხლისაგანაა, რომელიც მიწაზე უფლისაგან გადმოვიდა.
ეს ზეციური ცეცხლია, რომელიც განსწმენდს სულს, ისევე, როგორც მიწიერი ცეცხლი განსწმენდს ოქროს. ამ ცეცხლის ნათელი გვიჩვენებს გზას, საიდან მოვდივართ და საით მივდივართ. ამ ნათელში შევიმეცნებთ ჩვენს ზეციურ მამასა და ჩვენს მარადიულ მამულს. ამ ცეცხლისაგან აღინთება ჩვენი გული გამოუთქმელი სიყვარულით უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს მიმართ, როგორც ეს ორ მოციქულს ევმაუსისაკენ მიმავალ გზაზე შეემთხვა, რასაც ისინი ადასტურებენ: „და იგინი იტყოდეს ურთიერთას: ანუ არა გულნი ჩუენნი განხურვებულ იყვნეს ჩუენ შორის, ვითარ-იგი მეტყოდა ჩუენ გზასა ზედა და ვითარ-იგი გამომითარგმანებდა ჩუენ წიგნთა?" (ლუკა, 24,32).
ეს ცეცხლი ამოძრავებდა ქრისტეს, რათა გარდამოსულიყო ზეციდან მიწაზე და გვამოძრავებს ჩვენ, რათა ავმაღლდეთ ზეცად.
ჩვენ ყველანი ამ ცეცხლით ვართ მონათლულნი, როგორც წმიდა წინასწარმეტყველი და ნათლისმცემელი იოანე იტყვის: „მე უკუე ნათელ-გცემ თქუენ წყლითა სინანულად. ხოლო რომელი შემდგომად ჩემსა მოვალს, უძლიერეს ჩემსა არს, რომლისა ვერ შემძლებელ ვარ ჴამლთა მისთა ტვირთვად. მან ნათელ-გცეს თქუენ სულითა წმიდითა და ცეცხლითა“ (მათე 3,11).
ეს ცეცხლი აღვიძებს ადამიანის გულში გამოუთქმელ შურს ყოველგვარი კეთილის მიმართ. ის ახარებს მართლმორწმუნეს და სწვავს ცოდვილს. ჩვენთვისაც მტანჯველია იგი მანამ, ვიდრე არ განვიწმინდებით ყოველგვარი ტყუილისა და უწმინდურებისაგან. რადგანაც ნათქვამია: „რამეთუ ღმერთი ჩუენი ცეცხლ განმლეველ არს“ (ებრ. 12,29) ცოდვილთათვის.
„მისიონერული წერილები“ (წერილი 11), თბილისი, 2005 წ.