შენ პატიმრობა მოგისაჯეს. ახლა საკანში ზიხარ და საკუთარ ცხოვრებას ცხრილში ატარებ, მსგავსად წმინდა საცრისა. გიკვირს, რომ ყოველივე ასე სწრაფად მოხდა, მთიდან დაგორებული ქვის მსგავსად... შენი ცხოვრება მშვიდად მიმდინარეობდა, მანამ, ვიდრე საკუთარი ძმის სასარგებლოდ ცრუ ჩვენებას მისცემდი. თავს იმართლებდი: „იგი ხომ ჩემი ძმაა! აბა სხვას ვის დავეხმარო, თუ არა მას, თუნდაც სიცრუეზე დაფიცებით?“. ასეთი აზრებით იმართლებდი თავს საკუთარი თავისა და მოსამართლეთა წინაშე. მაგრამ ერთმა მოსამართლემ გითხრა: „ჩვენ ყველანი ძმები ვართ, რა მოხდება მაშინ, თუკი ყველა ისე მოიქცევა, როგორც შენ?“. მხოლოდ მაშინ მიხვდი, რომ ცოდვილმა აზრებმა დანაშაულამდე მიგიყვანეს.
ერთი ცრუმოწმე ასეთ ისტორიას მიყვებოდა: „მე ყალბი ჩვენება მივეცი, სასჯელი რომ ამეცილებინა, ამის შესახებ სასამართლოში არ განვაცხადე, არადა მოვალე ვიყავ, რამეთუ ადამიანური სასჯელი ღვთიურზე მსუბუქია. ჩემი დანაშაულიდან ორ წელიწადში სახლი ჯოჯოხეთს დაემსგავსა. პირველი უბედურება ჩემს ხარებს შეემთხვათ. საზიდარში შებმულნი უფსკრულში ჩაიჩეხნენ და დაიხოცნენ. ამ ცნობით შემომეგება ცოლი იმავე დღის საღამოს, როცა ყალბი ჩვენების მიცემის შემდგომ მაზრიდან სახლში დავბრუნდი. რამოდენიმე კვირის შემდეგ ბოსელს მეხი დაეცა და ყველა ცხვარი დახოცა. ქურდებმა სახლი გამიძარცვეს. ცოლი ავად გახდა, მე სამკურნალოდ ფული ვისესხე, მაგრამ მალე იგი ტანჯვით გარდაიცვალა. ჩემი საცოდავი შვილი მძიმედ დაავადდა იმ დაავადებით, რომლისგანაც დღედაღამ კრუნჩხვებში ვარდებიან - პირზე დუჟითა და კბილთა ღრჭიალით. გაღარიბებულმა და ვალებში ჩავარდნილმა ჩემი უბედურების შესახებ ერთ მეგობარს ვუამბე. მისი კითხვა ჩემთვის მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნას გავდა: „ოდესმე ცრუ ჩვენება ხომ არ მიგიცია?“ თითქოს ყინულოვანი თქეში გადამევლო, გამოვფხიზლდი და ყველაფერი გამახსენდა. ისე, რომ პასუხი არ გამიცია, წამოვდექი და პირდაპირ სასამართლოსკენ გავეშურე, ყველაფერი ვაღიარე. მისჯილი ვადა მოვიხადე. გამოვედი და საკუთარი ცხოვრების ხელახლა აწყობას შევუდექი, სამუდამოდ ვისწავლე ღვთის შიში“.
ხედავ, თუ როგორი უბედურება შეიძლება შეემთხვეს ცრუმოწმეს? რამეთუ ასეთია კანონი ღვთისა, ძმაო ჩემო: არ შეიძლება; კოცონი ჩააქრო და არ დაიწვა. როცა არღვევ ადამიანურ კანონებს, რომელნიც დამწვარი ფოთლების მსგავსად იცვლებიან, უბედურება და სიღარიბე გატყდება თავს. მაშინ რაღა უნდა ითქვას უფლის მარადიული და ცეცხლოვანი კანონის შესახებ?
არა ცილი სწამო (ლუკ. 18,20; იხ. გამოსლ. 20,16) - მცნება უფლისა, რომელიც ჩაწერილია ორივე, ძველსა და ახალ აღთქმაში; ხუმრობა არ არის - მისცე ცრუ ჩვენება უფლისა და მისი ანგელოზების წინაშე. ხუმრობა არ არის ქუდმოხდილი წარსდგე ჯვრისა და სახარების პირისპირ და წამოიძახო: ცოცხალ და ყოვლისშემძლე ღმერთს ვფიცავ, რომ ეს ჭეშმარიტება - სიცრუეა; ანდა: ეს სიცრუე - ჭეშმარიტებაა. და დაე ჩემი სიმართლისამებრ მომაგოს უფალმა! გასაკვირი არაა, რომ ღმერთი ჭეშმარიტებისა და სიმართლისა შოლტავს თავის ცრუმოწმეთ, ვის ხელებს, ვის ფეხებს, სხვებს თვალებს, ზოგიერთ ოჯახს და ახლობლებს, დანარჩენებს ცხვრებსა და მის მსგავსთ. ჩემს მეზობლად ცოცხალი მაგალითი არსებობს იმისა, თუ როგორ გადაეწნა უხილავი მათრახი უფლისა ყალბ მოწმეს თვალებზე: ადამიანმა ცრუ ფიცი მისცა მიწის ნაკვეთის გამო; ჭეშმარიტად მისი გულისათვის საკუთარი სულით ზღო. როდესაც მიიღო ეს დაწყევლილი მიწის ნაჭერი, როგორც კი მასზე ფეხი შედგა, მაშინვე თვალისჩინი წაერთვა. ახლა კი ზის დაბრმავებული, კერიასთან.
აი რა ხდება უფლის სამყაროში მათ თავს, ვინც ფიქრობს, რომ სამყარო მათ ეკუთვნის და არა ღმერთს.
შენ კი, იკითხე სახარება და უფლის გეშინოდეს. განათლდები და ყოველივე კარგად იქნება.
„მისიონერული წერილები“ (წერილი 116), თბილისი, 2005 წ.