თქვენ არაჩვეულებრივი ხილვის შესახებ მატყობინებთ, რომელიც ეკლესიაში ლოცვისას მოგევლინათ. იხილეთ, თუ როგორ გამოვიდა საკურთხევლიდან უფალი იესო ქრისტე და მის წინაშე დადგა. შემდეგ გამოვიდა ვიღაც ებრაელი რაბინის მსგავსი და უფლისაგან მხარმარცხნივ დადგა. მას მოჰყვა ვიღაც ჩალმიანი და როდესაც მიესალმა უფალს ხელისჩამორთმევით, მის გვერდით დადგა. ასეთი ხილვა გქონდათ თქვენ. მას განმარტავთ როგორც სურვილს უფლისა, რათა გაათანაბროს ყველა რელიგია და შექმნას ყველასათვის ერთიანი რწმენა!
ყველა, ვინც განდობილია ღვთის სასუფევლის საიდუმლოებაში, გეტყვით, რომ ხილვაცა და განმარტებაც ცრუა. სული, რომელიც გამოგეცხადათ, უფლისაგან კი არ არის, არამედ მისგან, ვინც საუკუნეებია, რაც რქებს უღერებს ქრისტეს რწმენას. „მამაო ჩვენო“ სრულდება ვედრებით უფლისადმი: არამედ მიხსნენ ჩუენ ბოროტისაგან (შეად. მათ. მათ. 6,13; ლუკ. 11,4), ღვთისშვილო, ძალუძს კი ვინმეს, გაბედოს და ხელი ჩამოართვას უფალს? ვის შეუძლია, დადგეს ღმერთის გვერდით? განა არ უთხრა ქრისტემ ებრაელებს: „აჰა ესერა დაეტეოს თქუენგან სახლი თქუენი ოხრად“ (მათ. 23,38)? წინასწარმეტყველება ასრულდა. ებრაელები მღვდლებისა და მსხვერპლის გარეშე დარჩნენ. ერთიცა და მეორეც იმწამსვე ქრისტიანებზე გადავიდა, როგორც კი ტაძრის ფარდა ზემოდან ქვემოთ ორად გაიპო. განა არ უთხრა ებრაელებს ებრაელებიდან გამოსულმა პავლე მოციქულმა - მოციქულმა უფლისა: „რამეთუ დასასრული შჯულისაი ქრისტე არს“ (რომ. 10,4), ან კიდევ: „აიღებს პირველსა მას, რაითა მეორე იგი დაამტკიცოს“ (ებრ. 10,9)? მაშ როგორღა შეიძლება, რომ ის, რაც დაცარიელდა, რამაც განვლო და სხვა რამით, ახლით შეიცვალა, გავუთანაბროთ ქრისტეს ცოცხალ რწმენას? როცა თვით მუჰამედი, მიუხედავად ქრისტიანებისადმი თავის სიძულვილისა, აღიარებს და ყურანში წერს, რომ იესო, ძე მარიამისა, განსჯის ქვეყანას და შესაბამისად - მუჰამედსაც? როგორ შეიძლება თანასწორობასა და ერთობაზე საუბარი?
საიდან ეს ხილვა? - კითხულობთ თქვენ. მაცდურისაგან! ყურადღებით ჩაუკვირდით თქვენს ცხოვრებას, და ნახავთ, რომ ჩვენს დროში ძალიან ბევრს საუბრობენ ყველა რელიგიის თანასწორობაზე: ამის შესახებ მცირედმორწმუნენი ლაპარაკობენ. ამ ზრახვებსა და სურვილებს შენც აჰყევი. უფალმა ინება, რომ თქვენი სუბიექტური სურვილები რეალურად და ნათლად გეხილათ. თქვენ ეს გიხარიათ და უფლის წყალობად მიიჩნევთ. მე ამას წყალობას კი არ დავარქმევდი, არამედ - გაფრთხილებას! მაპატიეთ, მაგრამ თქვენ მცნებებს ურევთ. სამოქალაქო უფლება-მოვალეობათა თანასწორობა - ეს ერთია, ხოლო რელიგიათა თანასწორობა კი - სხვა. ქრისტიანებს მკაცრად გვაქვს ნაქადაგები მოწყალება სხვა ადამიანების მიმართ, მიუხედავად მათი აღმსარებლობისა, მაგრამ ამასთანავე მკაცრი დაცვაც ქრისტეს ჭეშმარიტებისა.
როგორც ქრისტიანს, თქვენ შეგიძლიათ, ურწმუნოს გულისათვის მსხვერპლად ქონება და სიცოცხლე გაიღოთ, მაგრამ ჭეშმარიტება - არასოდეს, რადგანაც იგი თქვენგან დამოუკიდებლად არსებობს, იგი თქვენ არ გეკუთვნით. აქ თქვენთვის დაბრკოლების ქვა ამ სხვაობის ვერგაგებაში მდგომარეობს. ამ ვერგაგებისაგან წარმოიშვა სწორედ უთავბოლობა თქვენს სულში. თქვენ ქრისტე და მუჰამედი კი არ იხილეთ - არამედ - საკუთარი სული.
დაე ღმერთი იყოს თქვენი შემწე!
„მისიონერული წერილები“ (წერილი 124), თბილისი, 2005 წ.