შენ შეხვდი ადამიანს, რომელსაც ღმერთი არ სწამს, მაგრამ აღსავსეა ცრურწმენით. იგი გამოგიტყდა, რომ არასოდეს სწამდა ღმერთის, ბავშვობიდანვე უწვდიდა ხელისგულს სამკითხაოდ ბოშებს და ახლაც იმავეს აგრძელებს. შესაძლებელია, ამტკიცებს იმას, რომ მისმა მკითხავმა უფრო მეტი იცის, ვიდრე „ყველა მეცნიერებათა აკადემიამ“ ერთად აღებულმა. ამასთანავე გათვალვის ეშინია და ქუჩაში თავდახრილი დადის. სამშაბათს შავ დღედ სთვლის: ამ დღეს არაფერს აკეთებს და სახლიდან არ გამოდის. რიცხვ „13-ს“ როგორც ცეცხლს, ისე გაურბის. ერთხელ ვიღაცამ მის მაგიდაზე ხუმრობით „13“ დაწერა - მან ხუმარას სკამი მოუქნია. თვითონ იგი კი განათლებული და უზურვნელყოფილი ადამიანია.
მაშ რაღა გაკვირვებს, ძვირფასო დიაკვანო? ის, რომ უღმერთობა და ცრუმორწმუნეობა ხელიხელჩაკიდებულნი მიდიან? ასეთი არაბუნებრიობა ბუნებრივია. ერთიცა და მეორეც - სიცრუეა. ერთსაც და მეორესაც იგი შობს, ვისაც ყველაზე ჭეშმარიტმა ბაგეებმა სიცრუის მამა უწოდეს. ჭეშმარიტება მუდამ ერთიდაიგივეა, ხოლო სიცრუე კი ქამელეონის მსგავსია, ფერებს რომ იცვლის. უღმერთობისა და ცრურწმენის მეგობრობაში არანაირი პარადოქსი არ არსებობს, ტყუილად ფიქრობ ასე: ისინი ერთმანეთს ავსებენ, სურათისა და ჩარჩოს მსგავსად. ყოველგვარი უღმერთოება ცრურწმენის ჩარჩოში ზის და ერთი სიცრუე მუდმივად სტუმრობს მეორეს.
როდესაც მეფე საული ეურჩა ღმერთსა და უფლის წინასწარმეტყველ სამოელს, იგი აენდორში მკითხავთან გაეშურა, რათა მისთვის რჩევა ეკითხა (შეად. 1 მეფ. 28). საფრანგეთის მეფე ფალიპე ეგალელი ორი რამით ტრაბახობდა - უღმერთოებითა და ყავის ნალექზე მკითხაობის ხელოვნებით. განა შენ წმიდა წერილში არ წაგიკითხავს, როგორ შეთანხმდა ორი მატყუარა: პილატე და ჰეროდე მანამდე, ვიდრე ქრისტეს სიკვდილს მიუსჯიდნენ? „და იქმნნეს მეგობარ პილატე და ჰეროდე ურთიერთას მას დღესა შინა, რამეთუ პირველ მტერ იყვნეს იგინი“ (მათ. 23,12), ახლაც ხშირად ერთიანდება ორი სიცრუე, როცა მათ ჭეშმარიტების წინააღმდეგ უწევთ ბრძოლა.
გაიხსენე უღმერთო ებრაელთა ცრუმორწმუნეობა, როცა ისინი ნებისმიერ ფასად ცდილობდნენ ქრისტეს მოკვდინებას! „და მოიყვანეს იესუ კაიაფაჲსით ტაძრად. და იყო განთიად. და იგინი არა შევიდეს ტაძრად, რაჲთა არა შეიგინნენ, არამედ რაჲთა ჭამონ პასექი“ (იოან. 18,28). რამეთუ მათი დღესასწაული იდგა.
იგი, ვინც რწმენას განუდგა, ცრურწმენის ტალღებში ჩაიხრჩო, მაგრამ ვერ ხვდებიან უბედურნი, რომ, ჭეშმარიტი ღმერთისაგან განდგომით, საკუთარი თავი მთლიანად ხელში ჩაუგდეს მის მარადიულ მოწინააღმდეგეს, იმ იდუმალ მაძაგებელს, რომელსაც კაცთა მოდგმის მტერი, სიცრუე და სიცრუის მამა ეწოდა (შეად. იოან. 8,44). ამას რა თქმა უნდა შენი ნაცნობი ბატონი ვერ ხვდება, რომელმაც რაკიღა უარი თქვა ღმერთზე, იგი ბოშა-მკითხავზე გაცვალა.
„მისიონერული წერილები“ (წერილი 127), თბილისი, 2005 წ.