გარდაცვლილი ვაჟის დარდმა მხოლოდ ახლაღა - უკვე მოხუცებულობისას მიგიყვანათ ეკლესიაში, მასში ეძიებთ ნუგეშს. კითხულობთ, არსებობენ თუ არა სულები. ეს იგივეა, რომ იკითხოთ: „არსებობს ღმერთი?“ რამეთუ ღმერთი სული გახლავთ, შეუქმნელი, მარადიული, ყველგანმყოფი, ყოვლისშემძლე, ყოვლადკეთილი.
შემოქმედი ღმერთის ირგვლივ ქმნილ არსებათა სამეფო არსებობს. დასნი წმიდა, ნეტარი ანგელოზებისა. ისინი მრავალჯერ გამოეცხადებიან ადამიანებს სამყაროს შექმნიდან - დღემდე. ანგელოზთა გამოცხადების შემთხვევები ბიბლიაშია აღწერილი, განსაკუთრებით ახალ აღთქმაში, ქრისტიანული ეკლესიის ისტორიაში, რომ აღარ ვილაპარაკოთ უკვე ბოროტების ბნელ სულებზე, რომელთაც ქრისტე ადამიანებისაგან სდევნიდა: ეს ღმერთისაგან განადგომილი დემონები არიან, რომლებიც მარადიული სიკვდილისა და სასოწარკვეთილების წინაკარში იმყოფებიან.
ვიცი, თქვენ ყველაზე მეტად ის გაინტერესებთ, არსებობენ თუ არა გარდაცვლილთა სულები: არსებობს თუ არა სული თქვენი გარდაცვლილი ვაჟიშვილისა... არსებობენ! სულის სიკვდილის შემდგომი ცხოვრება არის კიდეც ერთერთი აზრი და მიზანი ჩვენი ხანმოკლე მიწიერი ცხოვრებისა. ქრისტეში და ქრისტეს მიერ არის ყოველივე გამხელილი და განცხადებული: თვით ღმერთი, სიკეთისა და ბოროტების სულებიც, გარდაცვლილ მართალთა ცოცხალი სულები და მოუნანიებელი ცოდვილების უსასოდ დარჩენილი სულები (იგავი ლაზარესა და მდიდარზე). (იხ. ლუკ. 16,19-31).
წაიკითხეთ სახარებაში, თუ როგორ გამოეცხადნენ უფლის ფერიცვალების დროს თაბორის მთაზე მოსე და ილია წინასწარმეტყველთა სულები, წაიკითხეთ, თუ ქრისტეს სიკვდილის დროს როგორ გაიხსნენ საფლავები და გაცოცხლდნენ გარდაცვლილები, ამგვარად ყოვლადსახიერ მაცხოვარს სურდა, საკუთარ აღდგომამდე დაემოწმებინა მთელი მსოფლიოსათვის ადამიანთა საყოველთაო აღდგომის შესახებ „და გამივიდოდიან კეთილის-მოქმედნი აღდგომასა ცხორებისასა, ხოლო ბოროტის-მოქმედნი აღდგომასა სასჯელისასა“ (იოან. 5,29).
თქვენ კიდევ კითხულობთ: თუკი სულები არსებობენ, როგორები არიან ისინი? თქვენ უფალი არც ამ და არც იმქვეყნად წყვდიადისა და ბოროტების სულთა ნახვის უფლებას არ მოგცემთ! ხოლო თუ როგორი არიან ისინი, რომლებმაც ზეციური სასუფეველი დაიმკვიდრეს, სახარებაში წერია, პასუხი თვით მესიამ გასცა, თქვა, რომ ისინი ანგელოზთა და უფლის ძის მსგავსნი არიან.
დაე მიანიჭოს ყოვლადძლიერმა უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ თქვენს ვაჟს ის ჭეშმარიტი სასუფეველი და ცხოვრება თავის წმინდა ანგელოზთა შორის.
„მისიონერული წერილები“ (წერილი 128), თბილისი, 2005 წ.