ხალხი თვლის, რომ წმინდანები მათ ეხმარებიან, თქვენ კი თვლით, რომ ისინი მათ ხელს უშლიან. ვის შეუძლია, შეარიგოს თქვენი გონება ხალხის სიბრძნესთან, თუ არა - თავად თქვენ?! თუკი თქვენ ღრმად და ყოველმხრივ შეისწავლით ამ საკითხს, მაშინ ქედს მოუხრით ხალხის სიბრძნეს.
შეხედეთ მას სამუშაოს თვალსაზრისით. თქვენ თვლით, რომ ხალხი ძალიან ცოტას მუშაობს. გინდათ, რომ მან უფრო მეტი იმუშაოს. რისთვის? მილიონიანი უმუშევართა წოდების შექმნის სურვილი გაქვთ? ჩემთვის ცნობილია თქვენი პატრიოტიზმის შესახებ: შეუძლებელია, თქვენ ამის სურვილი გქონდეთ. უკეთესი ხომ არ იქნება, თუკი ხალხი ზომიერად იმუშავებს, ისე, როგორც ადრე? მაშინ ადვილად ავიცილებთ უმუშევრობის უბედურებას, რაც დასავლეთის უდიდესი სახელმწიფოებისთვის პირველი საშიშროებაა. საკმარისია, გადავვარდეთ ერთ უკიდურესობაში, რომ იმ წუთშივე სხვა უკიდურესობა იჩენს თავს. ალბათ სერბ ხალხს აქვს სხვა ნაკლოვანებები, მაგრამ სიზარმაცე სერბთა მანკი არასდროს ყოფილა. სიზარმაცეს სამუშაოს გადამეტებული დაძალება იწვევს.
შეხედეთ სიხარულის თვალსაზრისით: როდესაც ჩვენი ხალხი შრომობს, სიხარულით ივსება. ამიტომაც მღერის მუშაობის ჟამს. სად არის კიდევ ასეთი რამ? მოგისმენიათ კი თქვენ მსგავსი სიმღერა ან მუსიკა რომელიმე ქვეყანაში, სადაც არსებობს უკიდურესობები? ქვეყნებში, სადაც მრეწველობა განვითარებულია, მუშაობა წყევლად და უბედურებად ითვლება. ამიტომაც ტარდება იქ უსასრულო გამოსვლები სამუშაო დღის შემცირების მოთხოვნით: თავიდან გამოდიოდნენ ათსაათიანი სამუშაო დღის მოთხოვნით, შემდეგ რვასაათიანი, ახლა კი - ხუთსაათიანი. რამდენი უქმე დღე დაგროვდებოდა წელიწადში! თქვენ კი გსურთ, ამ თანამედროვე მოძრაობის საწინააღმდეგოდ დააძალოთ ჩვენს ხალხს იმუშაონ უფრო მეტი, ვიდრე - უწინდელ დროში. და, ამასთანავე, თქვენ თავს თანამედროვე ადამიანად თვლით! ხოლო იმ დღიდან, რაც დღესასწაულების ანტიპროპაგანდას ავრცელებთ, სერბულ სოფლებსა და დაბებში სიმღერა აღარ ისმის.
შეხედეთ დასვენების თვალსაზრისით: თქვენ შეცდომით ფიქრობთ, რომ ხალხი საეკლესიო დღესასწაულებს უფრო მეტი დასვენების მიზნით დღესასწაულობს. ხალხს რომც ეფიქრა ასე, ის მაინც სწორად იფიქრებდა. თქვენ, ჩინოვნიკები, გლეხებზე მეტს ისვენებთ. დაითვალეთ, ჩემო გამოთველების მოყვარულო, რამდენ წმიდა დღესასწაულს დღესასწაულობს წელიწადის განმავლობაში ხალხი და რამდენი არასამუშაო დღე გაქვთ თქვენ, შეკრიბეთ საზაფხულო შვებულების ოცდაათი დღე ყველა შაბათ-კვირის დღეები, თქვენი სახელმწიფო დღესასწაულები, და შეადარეთ ისინი სახალხო დღესასწაულებს, თქვენ შეგრცხვებათ და გაჩუმდებით, რადგანაც დაინახავთ, რომ თქვენ დღესასწაულობთ უფრო მეტს, ვიდრე ხალხი. და კიდევ, რაც უაღრესად მნიშვნელოვანია, თქვენ თქვენს დღესასწაულებს უსაქმურობასა და გართობაში ატარებთ, ხალხი კი უსაქმურობისათვის არ დღესასწაულობს, დასვენება მათთვის მეორეხარისხოვანია. როდესაც ხალხი დღესასწაულობს ამით შემწეობას შესთხოვს წმინდანებს, ცას მიწის მოკავშირედ ხდის, ლოცულობს, რათა უფალმა დალოცოს მისი შრომა, რამეთუ იცის ხალხმა, საკუთარი მრავალჯერადი გამოცდილებით, რომ რაც უნდა იშრომოს, ამაოა, თუკი მოწყალე ღმერთი არ მორწყავს დედამიწას, არ გაათბობს მას მზის სხივებით, არ დაიფარავს გვალვისაგან, ქარიშხალისა და სხვა უბედურებებისაგან.
ამიტომ გთხოვთ: ნუ დაამახინჯებთ ხალხის სულს. დადუმდით და ისწავლეთ ხალხისაგან, ისევე, როგორც ხალხი სწავლობს უფლისაგან და საკუთარი ათასწლოვანი გამოცდილებისაგან.
მშვიდობა თქვენდა და სალამი.
„მისიონერული წერილები“ (წერილი 13), თბილისი, 2005 წ.