წმიდა წერილში გაუგებარი სიტყვები შეგხვდათ და მათ განმარტებას ითხოვთ. აი ისინიც: „უკუეთუ ვისმე ბრძენ ჰგონიეს თავი თჳსი თქუენ შორის ამას სოფელსა, სულელ იქმენინ, რაჲთა იყოს იგი ბრძენ“ (1 კორ. 3,18). ამ სიტყვებმა გაგაკვირვეს და შეგაცბუნეს. მე ბოლომდე არ მესმის, თუ რატომ: რადგანაც ისინი სრულად სახარებისეულნი გახლავთ. რა თქმა უნდა, მოციქული შორსაა იმისაგან, რომ ადამიანებს სისულელე ურჩიოს: იგი იმის შესახებ საუბრობს, რომ მათ თავიანთი ხორციელი და მიწიერი სიბრძნე ქრისტეს ღვთიური სულის მატარებელ მხსნელ ჭეშმარიტებასთან შედარებით უგუნურებად ჩათვალონ. უფრო გარკვევით ამის შესახებ მოციქული იმავე კორინთელთა მიმართ ეპისტოლეს პირველ თავში ლაპარაკობს: „სიბრძნე ამის სოფლისაჲ სიცოფე არს წინაშე ღმრთისა“ (1 კორ. 3,19) და ვინც საკუთარ თავს სულით გლახაკად არ მიიჩნევს, უფლის სიტყვებით რომ ვთქვათ, ზეციურ სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს,
მითხარით, რა მისცეს ადამიანს თავიანთი მიწიერი ცოდნითა და სიბრძნით წარმართმა ფილოსოფოსებმა? - საკუთარი თავიცა და სამყაროც სასოწარკვეთილებამდე მიიყვანეს, ცნობილმა რომაელმა ფილოსოფოსმა სენეკამ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, მასვე მიბაძა მისმა მოწაფემ - ნერონმა. როდესაც დელფოსელმა წინასწარმეტყველებმა სოკრატე ყველაზე ბრძენ ადამიანად გამოაცხადეს, მან აღიარა ეს და უპასუხა: „ჭეშმარიტად, მე სხვებზე ბრძენი ვარ, რამეთუ ვიცი ის, რომ არაფერი ვიცი“.
ქრისტეს მოციქულები საკუთარ თავზე ამბობდნენ: „ჩუენ სულელ ქრისტვსთჳს“ (1 კორ. 4,10). ანუ სულელები სოფლის წინაშე და სოფლისათვის, მაგრამ არა - წინაშე უფლისა და უფლისათვის. თქვენ იცით, რომ ბუნების ახალი, იდუმალი კანონის ყველა პირველაღმომჩენს ხალხი შლეგად მიიჩნევდა, მაშ როგორღა არ ჩათვლიან ისინი შეშლილად მას, ვინც სიცოცხლის ზებუნებრივი, რეალური და მარადიული სამეფო აღმოაჩინა! ქრისტე მაცხოვარის მიერ აღმოჩენილი სამეფოს შეცნობა, ყოველგვარ შეცნობაზე შეუდარებლად მნიშვნელოვანია: მხოლოდ ამ შეცნობასთან კავშირში იძენს ყოველგვარი სხვა ცოდნა აზრსა და ღირებულებას, როგორც -უდიდესი მოციქული სწერს: „არამედ და შე-ცა-ვჰრაცხო ყოველივე ზღვევად გარდამატებულისა მისთჳს მეცნიერებისა ქრისტე იესუჲს უფლისა ჩუენისაჲთა, რომლისათჳს ყოვლისაგან ვიზღვიე და შემირაცხიეს იგი ნაგევად, რაჲთა ქრისტე შევიძინო“ (ფილ. 3,8).
ქრისტეს გარეშე ამ სამყაროში სრული უკუნეთი და სიგიჟეა გამეფებული. ვისაც სურს, ეზიაროს ჭეშმარიტებას, ანუ - ზეციურ სიბრძნეს, რომელიც ჩვენს მიწიერ ცხოვრებასა და ცისქვეშეთში ყოველგვრ არსებას ანათებს, მან ყოველგვარი კაცობრივი სიბრძნე უგუნურებად უნდა მიიჩნიოს, რადგანაც ამგვარი სიბრძნე სამარემდე მიიყვანს მას. ჭეშმარიტად, უგუნურებაა ყოველგვარი სიბრძნე, რომელიც შორსაა ცხოველმყოფელი, ერთარსი ღვთისგან. საკუთარ თავს ბევრს შემატებს ის ქრისტიანი, რომელიც საკუთარ თავს უგუნურად ჩათვლის ქრისტეს განუზომელი სიბრძნის წინაშე. რადგანაც კაცობრივი სიბრძნის ნაკლულოვანების შეცნობა ერთადერთი საშუალებაა იმისა, რომ გავხდეთ ბრძენნი ქრისტეში.
მშვიდობა თქვენ და ჯანმრთელობა უფლისაგან.
„მისიონერული წერილები“ (წერილი 130), თბილისი, 2005 წ.