შენ ბოროტი ენების თავდასხმებისაგან იტანჯები. უკვე ბევრი რამ გადაიტანე ორმოცდაოთხი ცილისმწამებლისაგან. მათ შენი ღირსება შეურაცხყვეს, გაგჭორეს შენ და საქმენი შენი, შენი ოჯახი, დაამდაბლეს შენი წარმატებები, ქონების დიდი ნაწილი ცილისმწამებელთა წინააღმდეგ სასამართლო პროცესებს შეალიე. შენი ცხოვრება მშვენიერი იქნებოდა, რომ არა „ბოროტი ენები“. ისინთან გდევენ, შენ იტანჯები და ყოველი მათგანისაგან ღირსების დასაცავად სასამართლო პროცესებში ფულს ხარჯავ.
სინამდვილეში, ისინი არაქრისტიანულად იქცევიან, მაგრამ არც შენ ებრძვი მათ - როგორც ქრისტიანი. გაიხსენე, როგორ იქცეოდა ჩვენი რელიგიის ფუძემდებელი ცილისმწამებლური გამოხტომებისას: „ვითარცა ცხოვარი კლვად მიიგვარა და ვითარცა ტარიგი წინაშე მრისხუველისა უჴმობელად, ესრეთ არა აღაღებს პირსა თჳსსა“ (საქ. 8,32). აი შენ, მიწიერი ხელმწიფის, კონსტანტინე დიდის მაგალითი: ერთხელ მლიქვნელებმა მეფესთან მის ავის მსურველთა გამო დაიჩივლეს, რომელნიც ცილს სწამებდნენ და ლანძღავდნენ საკუთარ მეფეს: „ეს მზაკვრები - ამბობდნენ ისინი, - არა მარტო ცრუობდნენ და ცილს გწამებდნენ, არამედ უარესი რამ ჩაიდინეს. ისინი თქვენს მარმარილოს ქანდაკებასთან მივიდნენ, ქალაქის ცენტრში რომ დგას და მანამდე სცემდნენ ქვებითა და შოლტებით, ვიდრე ცხვირი არ მოსტეხეს და სახე მთლიანად არ დაუმახინჯეს“. მეფემ მდუმარედ მოისმინა ეს ცნობა, შემდეგ საკუთარი სახე მოისინჯა და თქვა: „სახე ჩემი სუფთაა, შუბლი უვნებელი, ცხვირიც ადგილზეა!“ შერცხვათ ამბის მომტანთ და განერიდნენ მეფეს.
ვის დასწამეს უფლის ძესა და მის მოციქულებზე მეტად ცილი? მაგრამ ცილისმწამებელთა ბაგეებს მიწა ჰფარავს. მოციქულთა საპატივცემულოდ კი მთელს დედამიწის ზურგზე ტაძრები აღიმართა. თუკი სული შენი ჯანმრთელი და სუფთაა უფლის წინაშე, მაშინ მას - ვერც ადამიანური და ვერც ეშმაკეული ცილისწამება ვერაფერს დააკლებს. რამეთუ სიცრუე ქარის, მოტრიალე მტვრის მსგავსად მოფრინდება და ჩაივლის, ხოლო ჭეშმარიტება კი დარჩება. ეს მთელი მსოფლიოს ბრძენი ადამიანების გამოცდილებითაა დამოწმებული.
ასე რომ, ნუ იტანჯები და ფულს იმისათვის ნუ ყრი, რომ საკუთარი ღირსება დაიცვა უღირსთაგან, რადგანაც ისინი ფუჭი სიტყვებია. უკეთესი იქნება, თუკი ღვთის ღირსებას დაიცავ, მაშინ უფალიც დაიცავს შენსას. ხოლო მის ღირსებას კი ღმერთის სიმართლის შენახვით და ქადაგებით დაიცავ.
მშვიდობა შენ და სიხარული უფლისაგან.
„მისიონერული წერილები“ (წერილი 132), თბილისი, 2005 წ.