ვინმე ფარისეველმა უფალი ჩვენი იესო ქრისტე სადილად მიიწვია. მიიწვია არა პატივისცემის, არამედ - პირადი გამორჩენის მიზნით. იესომ, განჭვრიტა ფარისევლის უწმინდური ზრახვანი და ტრაპეზის წინ ხელები არ დაიბანა. განა სამართლიანი არ არის, თუ უწმინდურს განუბანელი ხელებით მივიღებთ? ფარისეველი ამის გამო აღშფოთდა, ხოლო უფალმა ეს აღშფოთება იმისათვის გამოიყენა, რათა გამოეაშკარავებინა ფარისევლები, რომლებიც აჩვენებდნენ საკუთარ გარეგან სისუფთავეს, ხოლო „შინაგანი... სავსე არნ ნატაცებითა და უკეთურებითა“ (ლუკ. 11,39). ფარისეველი ფიქრობდა, რომ ამ მოწვევით უფლისადმი განსაკუთრებულ წყალობას იჩენდა, მაგრამ მაცხოვარმა გაკიცხა იგი და უთხრა: „მიეცით მოწყალებაჲ, და აჰა თქუენი ყოველი წმიდა არს“ (ლუკ. 11,41). შენ მეკითხები, თუ რას ნიშნავს უფლის ეს სიტყვები.
ისინი აღნიშნავენ მოწყალე გულს, რომელიც ხელს მოწყალების გასაცემად აღძრავს. უფალი, რომელიც გულს ხედავს, მხოლოდ ამგვარ მოწყალებას იღებდა. თუკი გული ბოროტი და გაქვავებულია, ხელთაგან განაცემი უქმი იქნება: მას უფალი უარჰყოფს. ხალხი შეიძლება, გარეგნული მოწყალებით მოატყუო, ღმერთს კი - ვერასოდეს მოატყუებ. უწმინდურია გული - უწმინდურია საჩუქარიც, რაოდენ დიდიც არ უნდა იყოს იგი. უწმინდური გულისაგან არაწმინდა აზრები და სურვილები გამომდინარეობენ, გასვრიან ადამიანთა გარეგნულ საქმეებსაც, რაც უნდა კეთილად და სუფთად გამოიყურებოდნენ ისინი. რა სარგებელი აქვს ხელის დაბანას, თუკი უწმინდურობა გულისა აჭუჭყიანებს მას?! თუკი სახლი შიგნიდან სიმყრალით და სიბილწითაა სავსე, რა სარგებელი აქვს კარისა და ფანჯრების მორთვას?! საკუთარი ღვთაებრივი წინაგანჭვრეტით ქრისტე ხედავდა და გრძნობდა ფარისეველის უწმინდურ სულს. მან არ ინება ხელთა განბანა, არ ისურვა მცირე მოვალეობის შესრულება, რათა სახლის პატრონისათვის უფრო დიდი მოვალეობის შესახებ შეეხსენებინა. არ ისურვა, უმნიშვნელოს შესრულება, რათა მნიშვნელოვანის გამო ესაყვედურა. ყველაზე უწმინდური ხელებიც კი სუფთანი არიან უწმინდურ გულთან შედარებით. მაშ განვიბანოთ გულნი ჩვენნი და ყველაფერი წმიდა იქნება ჩვენში.
მრისხანე მეფე კალიგულას შესახებ ჰყვებიან, რომ მან ერთხელ სენატორები ბოროტი განზრახვით სატრაპეზოდ მიიპატიჟა. იმპერატორის კარი სისუფთავისგან ბრწყინავდა და არაფერი უწმინდური მასში არ იყო, გარდა - თვით მეფის გულისა. ჩვეულებისამებრ მან ხელ-პირი დაიბანა და ძვირფასი ნელსაცხებლებით დაიზილა. გული მისი კი უწმინდურებით იყო აღსავსე. იმ დროს, როცა იგი თავაზიანად ქედს იხრიდა მათ წინაშე, აქებდა და ადიდებდა სენატორებს, ჯალათები მისი ბრძანებით სტუმრების შვილებს სიცოცხლეს ასალმებდნენ.
ეს და კიდევ სხვა ათასი მაგალითი ნათლად მეტყველებს იმაზე, რომ ძე უფლისა უნდა ჩამოსულიყო დედამიწაზე, რადგანაც იმგვარი უწმინდურობა გამეფდა ადამიანთა გულებში, იმდენად გადაფასდა ღირებულებები, რომ ისინი თანდათან უაზრობად ჩანდა. და სხვას არავის ძალუძდა გულთა განწმენდა და სამყაროს შეცვლა - ერთი ღმერთის გარდა. ქება და დიდება უფალს ჩვენსას, შენ კი სიცოცხლე და ხსნა.
„მისიონერული წერილები“ (წერილი 138), თბილისი, 2005 წ.