თქვენ ავადმყოფის სარეცელზლე მწოლიარე მწერთ. გარს უცხო ადამიანები გახვევიათ, მათი სახელები თქვენთვის უცნობია, ისინიც მხოლოდ ავადმყოფობის ისტორიიდან გიცნობენ. არავინ ახლობელთა და ნათესავთაგან თქვენ არ გნახულობთ. ოდესღაც კი ჯარებს ხელმძღვანელობდით. ათასობით ადამიანი მოწიწებითა და პატივისცემით წარმოსთქვამდა თქვენს სახელს, გაქებდნენ და განგადიდებდნენ. მკერდი თქვენი ჯილდოთა რაოდენობით კანკელს მოგაგონებდათ. და აი, დავიწყებული და მარტოხელა ბრძანებდით, უცხო უცხოთა შორის, აწმყოსეული სიბნელიდან წარსულის ნათელ დღეებს უმზერთ.
იყავით ვაჟკაცური. თქვენი დღევანდელი ლანძღვა გადატანილ ბრძოლებზე ბევრად უფრო მძიმეა. იმიტომ, რომ არ არსებობს უფრო მძიმე ბრძოლა, ვიდრე ის, რომელსაც ადამიანი საკუთარ თავთან, ერთი - ერთზე აწარმოებს. გაიხსენეთ უფალი გეთსიმანიის ბაღში: „და იყო იგი ღუაწლსა შინა, უმეტესად ილოცვიდა და იქმნა ოფლი მისი, ვითარცა ცუარი სისხლისაჲ გარდამომავალი ქუეყანასა ზედა“ (ლუკ. 22,44). მაგრამ შემდეგ იყო აღდგომა, პატივი და დიდება, რომელიც აგერ უკვე ათეულობით საუკუნეა, რაც ქვეყნიერებას კიდით კიდემდე სწვდება. უდიდეს წმიდა მამას იოანე ოქროპირს სიბერის ჟამს იმპერატორი არ სწყალობდა. მას ცილი დასწამეს, გალანძღეს და დედაქალაქიდან უდაბნოში განდევნეს. გატანჯული, ავადმყოფი და მარტოხელა, განა იგი წუწუნებდა და ჩიოდა? არა. აი რას წერდა წამებისა და დამცირების უფსკრულიდან: „რას ნიშნავს მამულიდან განდევნა, უცხოობა, განსჯა, ცილისწამება, ძალადობა, აბუჩად აგდება, ზიზღი ხალხის მხრიდან, წამება მონებისა და თავისუფალი ადამიანებისაგან, რას ნიშნავს ეს, თუკი ყოველივე ამისათვის ჯილდო - ზეცა და მარადიული განძია, რომელთაც საზღვარი არ აქვთ და ჩვენთვის უკვდავება, მარადიული ნეტარება მოაქვთ?“
ო, რარიგ მშვენიერი და დიდებულია ზეციური ჯილდო.
მწერთ, რომ ხალხის თავისუფლებისათვის ბრძოლაში რწმენა გეხმარებოდათ. თქვენ რწმენა უფლისადმი ახლა, როგორც არასდროს, ისე გჭირდებათ. არსად ისე აშკარად არ მჟღავნდება მისი მოქმედება, როგორც მარტოხელა, დავიწყებული, უარყოფილი და ავადმყოფი ადამიანის ცხოვრებაში. იმ დროს, როდესაც მას ქვეყანა ყურში ჩასჩურჩულებს: შენ არავის სჭირდები, რწმენა ეუბნება: შენ სჭირდები ღმერთს; ხმაურიანი მიწიერი დიდების ჟამს, რომელიც გვირგვინებით გამკობდათ, რწმენა სულს გიტკბობდათ, დღეს კი მას შეუძლია, ერთადერთ სარჩოდ იქცეს თქვენი სულისათვის. იკითხეთ ფსალმუნები და სახარება.
ნუგეში და მშვიდობა თქვენ უფლისაგან.
„მისიონერული წერილები“ (წერილი 139), თბილისი, 2005 წ.