მეც მინდა გკითხო, ჩემო ძვირფასო თანამგზავრო და რასაც მიპასუხებ, შენთვის ჩემი პასუხიც ის იქნება. რა არის შენი აზრით ყველაზე მნიშვნელოვანი ახალდაბადებულისათვის? საკვები, სითბო, სისუფთავე თუ მზრუნველობა? შენ მიპასუხებ, რომ ყველა ეს პირობა აუცილებელია ბავშვის ნორმალური განვითარებისათვის.
გამოღვიძებული და მონანიე სული ჩვილ ბავშვს ჰგავს. გაიხსენე, რას ეუბნებოდა მაცხოვარი ნიკოდიმოსს ადამიანის ხელახლადშობის თაობაზე (იხ. იოან. 3,1-21). ახალშობილი სულისათვის აუცილეგელია რომ ქრისტეს სიტყვით იკვებოს, განიწმინდოს ლოცვითა და მარხვით, გათბეს შემოქმედისადმი სიყვარულით, ფხიზლად დაიცვას თავი ყოველგვარი მომაკვდინებელი და ბოროტი აზრების ისრებისაგან. განა მაცხოვარმა არ გვიქადაგა თავისი მოციქულების პირით: „უკუეთუ გიყუარ მე, მცნებანი ჩემნი დაიმარხენით“ (იოან. 14,15). არ უთქვამს: „დაიცავით მცნება“, არამედ: „დაიცავით მცნებანი“, ესე იგი - ყველა, ხოლო ქრისტეს მცნებების დაცვა პირველ რიგში საკუთარი სულისათვის შრომაში მდგომარეობს.
შენ ცნობილი მებაღე ხარ. რამდენი შრომა გაქვს დახარჯული მხოლოდ ერთ ხეზე? და არც ერთს არ ტოვებ. მაშ როგორღა არ გავისარჯოთ ჩვენს სულზე, ჩვენს ერთადერთ ქონებაზე, რომელსაც გაუმაძღარი სიკვდილი შთანთქავს?
აი შენ თვლი, რომ შენი სულის სახსნელად იერუსალიმის მოლოცვა იყო საჭირო. ასეთი მცნება უფალს არ აქვს, მაგრამ შენ მისადმი სიყვარულით და სულის სახსნელად აიღე საკუთარ თავზე ეს ღვაწლი. როგორღა შეიძლება, უგულვებელვყოთ როგორც ნაკლებ მნიშვნელოვანი თუნდაც ერთი მცნებათაგანი უფლისა, რომლებიც მან დაგვიტოვა?
მშვიდობა შენდა და სიხარული უფლისაგან!
„მისიონერული წერილები“ (წერილი 14), თბილისი, 2005 წ.