შენ გაიგონე, თუ როგორ ლაპარაკობენ ერეტიკოსები: „ყველა ქრისტიანი მღვდელია, ამიტომაც განსაკუთრებული მღვდელმსახურები არა გვჭირდვბა. რამეთუ ყოველმა მონათლულმა ნათლობისას მიიღო სამღვდელო ღირსება. შესაბამისად, ყოველი ქრისტიანი კაცს, ან ქრისტიან ქალს შეუძლია მღვდელმსახურების ჩატარება, რომელსაც ახლა მხოლოდ ხელდასხმული მღვდლები ასრულებენ!“
იცოდე, რომ ეს უდიდესი შეცდომაა. ასეთ შემთხვევაში შეიძლებოდა გვეთქვა, რომ ყველა ქრისტიანი - მოციქულია, მაგრამ ჩვენ ვიცით, უფალმა მოციქულებად განსაკუთრებული ხალხი შეარჩია. თავის მხრივ მოციქულებმა ხელი დაასხეს დიაკვნებს, შემდეგ მღვდლებს, ეპისკოპოსებს და პატრიარქებს. ამის შესახებ გარკვევით წერია მოციქულთა საქმეებშიც (იხ. საქ. 6,6; 14,23) და პავლე მოციქულის ეპისტოლეებშიც (იხ. I ტიმ. 3; 4,14; 5,17,22; ტიტ. 1,5). წმიდა იაკობ მოციქულიც ამტკიცებს, რომ ეკლესიის უხუცესებს უფლება აქვთ მღვდელთმსახურების ჩატარებისა. წაიკითხე სიტყვები მისი ეპისტოლედან: „უძლურ თუ ვინმე არს თქუენ შორის, მოუწოდენ ხუცესთა ეკლესიისათა და ილოცონ მის ზედა და სცხონ მას ზეთი სახელითა უფლისაჲთა“ (იაკ. 5,14). როგორც ხედავ, ასეთი განკარგულება ეკლესიისა ჯერ კიდევ მოციქულთა მიერ გაიცა, რათა პრესვიტერებს, სულიწმინდის ძალით, აღესრულებინათ უფლის საიდუმლოებები, ეხელმძღვანელათ მონათლული ხალხისათვის და წაეყვანათ ხსნის გზით. მადლობა ღმერთს, ეს ასეა! რადგანაც უფლის განგებულებით ასე რომ არ ყოფილიყო დადგენილი, მაშინ ყველას შეეძლებოდა, საკუთარი თავისათვის მღვდელი ეწოდებინა და ქრისტიანობის გახლეჩა დასაწყისშივე მოხდებოდა. მოხდებოდა გახლეჩა რწმენასა და საეკლესიო წესრიგშიც: განა შესძლებდა ხომალდი ეკლესიისა ამ განხეთქილებათა გადალახვას გასული ცხრამეტი საუკუნის განმავლობაში, ცხრამეტი მღელვარე ოკეანის მსგავსი რომ იყო?!
ძველი აღთქმის სჯულითაც ყველას არ შეეძლო, რომ მღვდელთმსახური ყოფილიყო, შეეძლო მხოლოდ მას, ვინც დადგენილი და გამორჩეული იყო. მაგრამ იმ დროშიც გამოჩნდებოდნენ ხოლმე მეამბოხენი, რომლებიც უკანონოდ ითვისებდნენ მღვდელთმსახურების ჩატარების უფლებას. ამგვარად წაგვიკითხავს ჩვენ კორეს, დათანის, აბირონის შესახებ, რომლებიც აღსდგნენ მოსესა და აარონის წინააღმდეგ და გაიძახოდნენ: „ყოველი შესაკრებელი, ყოველნი წმიდა არიან და მათ შორის არს უფალი. და რაჲსთჳს აღდგომილ ხართ კრებულსა ზედა უფლისასა?“ (რიცხ. 16,3). განრისხდა მათზე უფალი და მკაცრად დასაჯა ისინი „და განეღო ქუეყანა და შთანთქნა იგინი და სახლნი მათნი და ყოველნი კაცნი, მყოფნი კორეს თანა და ყოველი საცხოვარნი მათნი და შთავიდეს იგინი და ყოველნი, რაოდენნი იყვნეს მათნი ცოცხალნი, ჯოჯოხეთად. და დაფარა იგინი ქუეყანამან“ (რიცხ. 16,32-33).
ასე რომ, ვხედავთ, ორივე აღთქმა ერთიდაიმავეს შესახებ საუბრობს, ღმერთს არ სურს, რომ ყველა მორწმუნე მღვდელი იყოს. მაგრამ არსებობს ერთი ღირსება, სამღვდელოებაზე აღმატებული, რომელიც ყოველი მორწმუნისათვის ხელმისაწვდომია, თუკი ისინი მის მოხვეჭას ისურვებენ. ეს - წმიდანობაა. მოციქულები წმიდანებს ყველა ნამდვილ ქრისტიანებს უწოდებენ. წმიდანთა სახელები კალენდარში და მარადიული სიცოცხლის წიგნში შედის. მრავალ და მრავალ გლეხს, ხელოსანს მიწიერი სამღვდელო ღირსების არარსებობამ ხელი არ შეუშალა, რომ უფლის წმიდანთა სიაში შესულიყო, ხოლო ზოგიერთ ერეტიკოს - მღვდელს და მწვალებელს სამღვდელო ხარისხმაც კი ვერ უშველა, რომ თავი მარადიული დაღუპვისაგან ეხსნა.
მშვიდობა შენ და ჯანმრთელობა უფლისაგან.
„მისიონერული წერილები“ (წერილი 145), თბილისი, 2005 წ.