თქვენ, პატიოსანი მღვდელი, სამღვდელო ტანსაცმელს, წვერსა და თმას „წვრილმანებად“ მიიჩნევთ, გიკვირთ, რომ მაღალი სამღვდელოება მათ მნიშვნელობას ანიჭებს. თუმცა შემდეგ რეფორმის ჩატარების მნიშვნელობაზე საუბრობთ, მღვდელთმსახურის გარეგნულ იერსახესა და ქცევის წესს რომ შეეხება. როგორღა უთანხმდებიან ერთმანეთს „წვრილმანები“ და რეფორმის მნიშვნელობა? ყოველი მეგობარი ეკლესიისა საკუთარ თავს უნდა დაეკითხოს: რატომ არ აპროტესტებენ მიწიერი ხელმწიფის ოფიცრები საკუთარ ფორმას, არ აპროტესტებენ არც მებაჟეები, არც პოლიციელები და რკინიგზელები? ისინი თვინიერად ატარებენ იმას, რასაც უფროსობა უბოძებთ და ისე იქცევიან, როგორც ამას კანონები მოითხოვენ. როგორ შეიძლება, რომ ზუციური ხელმწიფის „ოფიცრები“ საკუთარი „ფორმისა“ და წესების წინააღმდეგ აღსდგნენ? თუკი ხალხს სურს, თავისი მღვდელი ანაფორით, წვერსა და გრძელ თმებში იხილოს, მაშინ ყველა დანარჩენი მიზეზი არც კი განიხილება. თუკი ხალხს არ სიამოვნებს მღვდლის ნახვა ვაჭრის ტანსაცმელში, მოკლედ შეკრეჭილი თმითა და წვერგაპარსული სახით, ასეთი „რეფორმა“ ნებისმიერ შემთხვევაში უნდა შეწყდეს, როგორც ხალხის ღვთისმოსაობის შეურაცხმყოფელი. შესაბამისად ამგვარ საქმეში კრიტერიუმად ხალხის რელიგიური გრძნობა, მისი შეფასება ითვლება და არა გარკვეულ მღვდელთმსახურთა გემოვნება. გარდა ამისა, თუკი წვერი და მოშვებული თმა ხელს არ უშლის პოეტებსა და მხატვრებს, მაშ რატომღა შეუშლიან ხელს ისინი ქრისტეს მღვდელთმსახურებს, სასულიერო პირებსა და ხალხის წინამძღოლებს?
ნეტარი იერონიმე ირონიით წერდა თავისი დროის მღვდლების შესახებ, გარეგნული ბრწყინვალების მოყვარულნი რომ იყვნენ: „მე მრცხვენია ვთქვა, მაგრამ არსებობენ ადამიანები, რომელნიც მღვდლის ან დიაკვნის ანაფორას იმ მიზნით იცვამენ, რათა უფრო თავისუფალი ურთიერთობა ჰქონდეთ ქალებთან. ისინი განსაკუთრებულად ზრუნავენ საკუთარ კოსტუმზე, თმის სიგრძეზე, ატარებენ ბრილიანტის ბეჭდებს; ისე დადიან, მიწას ოდნავ ეხებიან, რომ არ გაისვარონ. შეიძლება, იფიქრო, რომ ისინი ახალდაქორწინებულნი არიან და არა - მღვდელთმსახურნი!“.
ანტიკურ დროში წვერი ფილოსოფოსთა განმასხვავებელი ნიშანი იყო. ერთხელ ისე მოხდა, რომ მრავალი ფილოსოფოსი-შარლატანის გამოჩენის მიზეზით, კეისარმა განკარგულება გასცა, რომ ყველა ფილოსოფოსისათვის წვერი გაეკრიჭათ. იმ დროის უდიდესმა ფილოსოფოსმა ეპიქთეტემ ამაზე უპასუხა: „კეისარს ძალუძს ჩემი თავის გარეშე დატოვება, მაგრამ არა - წვერისა!“. აი, როგორ მნიშვნელობას აძლევდა იგი გარეგნულ განმასხვავებელს საკუთარი წოდებისა.
ეს ყოველივე წვრილმანია! იტყვით თქვენ. დიახ, წვრილმანია, ეჭვგარეშეა. ქრისტიანის სულთან შედარებით, ტანსაცმელი და წვერი - უმნიშვნელოა. მაგრამ მთელი ცხოვრება უმნიშვნელოსა და მნიშვნელოვანისაგან შედგება. რწმენა ჩვენი კი იმდენად მყიფეა და ფაქიზი, რომ წვრილმანებსაც კი ძალუძთ, ავნონ, ანდა - დაეხმარონ მას. თუკი მეტყველთა ფარას სურს, რომ მისი მწყემსები გარეგნულადაც განსხვავდებოდნენ მისგან, და გარკვეული დამახასიათებელი ნიშნები იქონიონ განსხვავებისა, რატომ უნდა შევეწინააღმდეგოთ ამას? ჩინეთში კათოლიკე მისიონერები ითვალისწინებენ იმ ხალხის ფსიქოლოგიას, რომელთაც უქადაგებენ, არ რცხვენიათ კიკინის, გრძელი ჟილეტისა და შარვლის ტარება. რატომღა უნდა შეეწინააღმდეგოს ქრისტესმოყვარე მღვდელმსახური ხალხს და რაღაც „უმნიშვნელოს“ გამო კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს გაცილებით მნიშვნელოვანი სულიერი ცხოვრებისა და გაძლიერების საქმეში?
მშვიდობა თქვენ უფლისაგან.
„მისიონერული წერილები“ (წერილი 149), თბილისი, 2005 წ.