შენ წაიკითხე ეს სიტყვები და გაოცდი! განა მხოლოდ წმიდა წერილის გარკვეულ სიტყვებს მოჰყავთ განცვიფრებაში ადამიანი? თითოეული მისი სიტყვა ახალი სიცოცხლის მსგავსია! გიკვირს, როდესაც მოციქული ცნობიერების კეთილსურნელებაზე საუბრობს როგორ შეიძლება, კითხულობ შენ, რომ სულიერ სამეფოში კეთილსურნელება არსებობდეს? ძალიან უბრალოდ! ისევე როგორც სულიერი მზერის და სმენის არსებობაა შესაძლებელი. ბრმა ისააკმა შვილის, იაკობის სული სურნელის მეშვეობით შეიგრძნო და თქვა „და ეცა სულნელებაჲ სამოსლისა მისისაჲ და აკურთხა იგი და თქუა: აჰა, ესერა სულნელებაი ძისა ჩემისაჲ, ვითარცა სულნელებაჲ ველისა სავსისა, რომელი აკურთხა უფალმან“ (დაბ. 27,27). წინასწარმეტყველი დროის უდიდეს მანძილზე სულით განსჭვრეტს ქრისტეს, როგორც უმშვენიერესს ადამიანთა შორის, და მისი სამოსის კეთილსურნელებაზე საუბრობს, სამოსქვეშ გულისხმობს რა თქმა უნდა სათნოებებს, რომლებშიც მისი სული იყო გახვეული.
ამაოდ არ ამბობს ჩვენი ხალხი: „სული კეთილსურნელოვანი“ ანდა: „ყარს სული მისი!“ ხალხისათვის ანგელოზთა ძალების გამოვლენას ყოველთვის წინ უსწრებდა საოცარი არამიწიერი კეთილსურნელება, მაგრამ, როცა ვინმეს ეშმაკეული უტევდა, მათი გამოჩენისას ირგვლივ აუტანელი, საზიზღარი სიმყრალე დგებოდა. გაიხსენე უეცარი სასიამოვნო კეთილსურნელება ლოცვისას, ანდა - წმიდა ნაწილებისაგან. მაგრამ ეს ყველაფერი სულიერი სამყაროს საიდუმლოებებს განეკუთვნება და მიუწვდომელია მისთვის, ვინც სხეულით ფიქრობს და აზროვნებს. სიმართლეა ისიც, რომ მოუნათლავ სულებს განსაკუთრებული სუნი აქვთ. მოციქული ღმერთს მადლობას სწირავს იმისათვის, რომ მან მორწმუნეებს მიანიჭა: „მადლი ღმერთსა, რომელმან მარადის განმაცხადნის ჩუენ ქრისტეს მიერ და სული იგი მეცნიერებისა მისისაჲ გამოაჩინის ჩუენ მიერ ყოველსა ადგილსა. რამეთუ ქრისტეს სურნელებანი ვართ“ (2კორ. 2,14-15). კეთილსურნელოვანია უფლის შეცნობა ერთარსება სამების წიაღში, შეცნობა ძისა უფლისა, როგორც მესიისა, შეცნობა მარადიული სიცოცხლისა და სინათლის სამეფოსი, ღვთაებრივი სიყვარულისა, წმიდა და უფლის სარგებელი ზრახვებისა, შეგრძნება საქმეთა და გრძნობათა - ყოველივე ამას ეწოდება კეთილსურნელება ქრისტესი. მას სულით დაატარებენ ისინი, ვინც ქრისტე შეიცნო და ამ შემეცნებით ცხოვრობს. სიცოცხლის ეს კეთილსურნელება, საწინააღმდეგოა სიკვდილის სურნელისა: „რომელთამე სულად სიკუდილითი სიკუდილად და რომელთამე სულად ცხორებითი ცხორებად“ (2 კორ. 2,16). მას კი საკუთარ თავში ისინი ატარებენ, ვინც შორს დგანან ქრისტეს შეცნობისაგან, უარყოფენ ან აღსდგებიან მის წინააღმდეგ. მათი სულები სასიკვდილო სურნელს გამოსცემენ, რამეთუ არაფერი სურთ იცოდნენ იმის შესახებ, რაც სიკვდილის შემდგომ ხდება. სიკვდილი უფლებს მათ სიცოცხლეზე და სულის ყოველ კუნჭულში ჩასახლებულა. მზერა მათი საფლავს იქით ვერაფერს ხედავს, ამიტომაც ასდით მათ სულებს - სურნელი სიკვდილისა. რამეთუ ჩვენი სულის სურნელების გავრცელება ჩვენივე ხედვის საბოლოოო წერტილზეა დამოკიდებული თუკი ის საფლავია, მაშინ სიკვდილის სუნი უდის, ხოლო თუკი - უფალი და ზეციური სასუფეველია, მაშინ - სიცოცხლის კეთილსურნელება.
ყველა ფიზიკური სურნელი სულიერი რეალობის სახე-სიმბოლოს წარმოადგენს, სულიერი კეთილსურნელება უხრწნელი სულებისაგან ვრცელდება და მათ ხარისხზეა დამოკიდებული, მათ კეთილ თუ ბოროტ ზრახვებზე.
„მისიონერული წერილები“ (წერილი 156), თბილისი, 2005 წ.