მწერ იმის შესახებ, თუ რამდენი ტანჯვა გადაიტანე ქმრისაგან. იგი გლანძღავდა, სახლიდან გაგდებდა, გცემდა კიდეც. მაგრამ შენ ლოცვითა და იმედით ყოვლისმხედველისადმი გამონახე საკუთარ თავში საკმაო ძალები, რათა ეს ყოველივე გადაგეტანა, არავისთან დაგიჩივლია და შენი უბედურება სახლიდან გარეთ არ გაგიტანია. განსაცდელმა სული დაგირბილა, შენში ამპარტავნება აღმოფხვრა და კიდევ უფრო მეტად მიგაჯაჭვა ღმერთთან. იყო დრო, როდესაც ფიქრობდი, რომ ჭკუიდან შეიშლებოდი, მაგრამ შენ კი არა - შენი ქმარი შეიშალა. ახლა შფოთავ მისი სულის გამო და კითხულობ: „შეიძლება თუ არა, რომ შეშლილები გადარჩნენ?“
თუკი უფლისა და მისი განგებისა გწამს, ირწმუნე ბოლომდე და უყოყმანოდ. თუკი, როგორც ღმერთი იტყვის: ფრინველიც კი „არა დავარდების ქუეყანასა ზედა თჳნერ მამისა თქუენისა“ (მათ. 10,29), როგორღა შეიძლება, რომ ადამიანი ჩავარდეს ტანჯვასა და სნეულებაში მისი ნების გარეშე? ხოლო ძირითადი ნება უფლისა ადამიანისადმი კი ის არის, რომ - ყველა გადარჩეს. ესეიგი, შეშლილობა შენს ქმარს მისსავე სახსნელად დაატყდა. მოწყალე ღმერთს მისი გადარჩენა რომ არ ნდომებოდა, შენს მეუღლეს ასეთ საშინელ სნეულებას არ მოუვლენდა: იგი მოკლავდა მას საკუთარ ცოდვათა გამო - ყოველგვარი ავადმყოფობითა და ტანჯვით; ზეციური მკურნალი ჰკურნავს ადამიანთა სულებს. ამიტომ მძიმედ ავადმყოფებმა უნდა შეიბრალონ არა იმდენად საკუთარი თავი, რამდენადაც, სხეულებრივად ჯანმრთელნი, რომელთაც სიკვდილი ცოდვაში წამოეწევათ ხოლმე. ნათქვამია: „მოიწიოს აღსასრული აწ, და მოვიდეს აღსასრული შენ ზედა და შურ ვიგო შენგან გზათათჳს შენთა, და მიგცნე შენ ზედა ყოველნი საძაგელებანი შენნი“ (ეზეკ. 7,3), თუკი ცოდვაში - მაშინ სასჯელი, ხოლო თუკი მონანიებაში - შენდობა და ჯილდო.
მაგრამ შენ შეიძლება, თქვა: მას ხომ ამჟამად არც მონანიება შეუძლია და არც ლოცვა. ამიტომ შენ ილოცებ მის მაგივრად, შენ გაიღებ მსხვერპლს. მას კი ამჟამინდელ მდგომარეობაში მხოლოდ ტანჯვა ძალუძს გადარჩენისათვის, სხვათა ჭკუის სასწავლებლად ყველა საავადმყოფო ღმერთზე მიგითითებთ, მაგრამ არცერთი აკეთებს ამას ისე აშკარად, როგორც სულით დავრდომილთა საავადმყოფო.
დაამყარე იმედი შენი უფალზე და მშვიდად იყავ.
„მისიონერული წერილები“ (წერილი 160), თბილისი, 2005 წ.