ერთმა ადამიანმა მდიდარი მემკვიდრეობა მიიღო, მაგრამ იგი მხოლოდ სახლის ასაშენებლად და მოსაწყობად გამოიყენა. ცხოვრობდა ამ სახლში იგი მარტო, არც ვინმესთან მიდიოდა და არც სხვა კეთილ ადამიანებს იღებდა სტუმრად. საკუთარ თავს ყველაფერზე უარს ეუბნებოდა, ყოველივეს სახლში აბანდებდა. დაუბანელი, დაუვარცხნელი და მშიერი ვაჭარი მთელ თავის ქონებას სახლს ახარჯებდა. მეზობლებს წლობით არ ენახათ მისი სახე, სამაგიეროდ, საცხოვრებელი იყო ისე მორთული, რომ გამვლელნი აღტაცების წამოძახილისაგან თავს ვერ იკავებდნენ. სახლის პატრონი შექებას უსმენდა და მხოლოდ ეს იყო მისი ერთადერთი სიხარული. „ვინ ცხოვრობს ასეთ სახლში? ვინ არის ის, თუკი ამგვარი ბინა აქვს?“ - კითხულობდნენ გამვლელნი. მაგრამ პატრონის სახე არავის ენახა. ბოლოს მან ყველაფერი, რაც კი ებადა სახლის მორთვა-შენახვისათვის გაფლანგა და საკუთარი თავი სასოწარკვეთილებამდე მიიყვანა.
ერთხელაც სახლს მეხი დაეცა, იგი აალდა და დაიფერფლა, თავად პატრონმა ძლივს გამოასწრო ქუჩაში და გადარჩა. ხალხი შეშინდა, როდესაც მას შეხედა: იგი სწორედ რომ საფრთხობელას ჰგავდა, თმა-წვერმოშვებული, ჭუჭყიანი და ჩამოფხრეწილი. მისი შემხედვარე, ყველა გარბოდა, თითქოს ურჩხული ყოფილიყო. სასოწარკვეთილი ქალაქგარეთ წაეხეტა, თვითონაც არ იცოდა, თუ - საით. გზად ბოშებს გადაეყარა: „ჩვენს საქმეში გამოგვადგება!“ - გადაწყვიტეს მათ, სტაცეს ხელი დაასახიჩრეს, დათხარეს თვალები, გადაუმტვრიეს ხელ-ფეხი და აიძულეს, რომ მათთვის ემათხოვრა.
სახლის პატრონი, ცოდვილი ადამიანის სულის სიმბოლოა, დიდი სიმდიდრე - უფლის საჩუქარია. სახლის მშენებლობა, გამაგრება და მორთვა - ხორცსა და მიწიერ ცხოვრებაზე ზრუნვას ნიშნავს, ჩამოგლეჯილი და მშიერი ადამიანი კი - მიშვებული, დამშეული სულია ადამიანის სხეულში. მეხი - უეცარი სიკვდილია, მეზობელები, ამ კაცს რომ თაკილობენ, - ანგელოზები უფლისა, ცოდვილის საზიზღარ სულს ზურგი რომ აქციეს. ბოშები - ეშმაკები, რომლებიც ეძიებენ და ატყვევებენ მის მსგავსთ.
„მისიონერული წერილები“ (წერილი 162), თბილისი, 2005 წ.