აპოკალიფსის საოცარ წიგნში ნაწინასწარმეტყველევია სამყაროს აღსასრულის წინ ქრისტეს ორი უდიდესი მოწმის მოვლინება. გადმოცემის თანახმად, ესენი ენოქი და ილია იქნებიან. თავიანთი სიტყვისა და საქმის ძალით ისინი დაამოწმებენ ცოცხალი ქრისტეს შესახებ; მესაყვირეთა მსგავსად გამოაღვიძებენ და შეუძახებენ ცოდვილ კაცთა მოდგმას, რათა მოინანიონ. თქვენ კითხულობთ: რის შესახებ დაელაპარაკებიან ისინი ადამიანებს? მე შევეცდები, დაახლოებით მაინც გიპასუხოთ შეკითხვაზე. ისინი იღაღადებენ, რათა ადამიანთა დავსილ სმენას გააგონონ:
- მოინანიეთ დაუყოვნებლივ, ერთი დღითაც კი არ გადასდოთ, რამეთუ დადგა სამყაროს აღსასრული!
ამაზე ადამიანები გაიცინებენ და სიცილით უპასუხებენ:
- ამ სამყაროს არ აქვს არც დასაწყისი და არც დასასრული, მონანიების შესახებ კი ჩვენი ბებიები და უმეცრები გვეუბნებოდნენ.
წინასწარმეტყველები კვლავ იტყვიან:
- თქვენ - სინათლის შვილები ხართ. თქვენი ზეციური მამა - მამაა სინათლისა, ღმერთი ერთი და ცოცხალი, მოინანიეთ და იმეფეთ შვილებმა სინათლისა, მსაჯული მოდის, აი, ის უკვე ზღურბლსაა მომდგარი.
შეშლილი ხარხარით უპასუხებს ხალხი:
- ჩვენ არა ვართ შვილები, არამედ თავად ვართ ღმერთნი სინათლისა. თვითონვე ვქმნით ნათელს, ეს თქვენ, მომსვლელებმა უნდა მოინანიოთ თქვენი იგავები და წყევლანი, ვიდრე არ გაგვისამართლებიხართ.
მაგრამ არ დადუმდება ორი ღვთისკაცი და კვლავ მოუწოდებენ:
- ადამიანებო, გამოფხიზლდით, სიმთვრალის, სიძულვილისა და ბოროტებისაგან, იყავით ერთი სულით - ერთი აზრით უფალ იესო ქრისტეში.
ამაზე ხალხი წყენით შეეპასუხება:
- თუკი ერთი სულითა და აზრით ვიქნებით, მთელი პოლიტიკური ცხოვრება ჩაკვდება, სამი მთავარი პარტიის სისტემაზე რომაა დაფუძნებული - პროგრესულის, ზეპროგრესულისა და ულტრაპროგრესულის. თქვენ თანამედროვე მოწინავე პოლიტიკის წინააღმდეგნი ბრძანდებით, ამისათვის კი ქვებით ჩაქოლვას იმსახურებთ.
კვლავ მოუწოდებენ წინასწარმეტყველები:
- ნუ აღსდგებით ერთმანეთის წინააღმდეგ: თქვენ - ძმები ხართ, ეშმაკები გაცდუნებენ, გშლიან და განადგურებენ. გათავისუფლდით ეშმაკებისაგან.
ამ სიტყვების გამგონე ხალხთა მმართველები განრისხდებიან:
- მთელი ეკონომიკური სისტემა სამხედრო მრეწველობაზეა დამოკიდებული. ომები - საუკეთესო სელექციონერნი არიან, ისინი ძლიერებსა და სიცოცხლისუნარიანებს არჩევენ, ასე გვასწავლიან ფილოსოფოსები, ამასვე ვსწავლობთ ველური ბუნებისაგან, ნიანგებისა და ორანგუტანგებისაგან.
იღაღადებენ მაშინ ღვთის კაცები:
- ძმანო, მოეშვით შეშლილ აზრებსა და სიტყვებს, იჩქარეთ, რათა თქვენი სულები გეენის ცეცხლისაგან იხსნათ, რომელიც უკვე ხახას აღებს, რათა შთანგთქათ! თავი დაანებეთ ყოველგვარ ხორციელ სიბრძნებს: თქვენ ცხოველები კი არა, უფლის შვილები ხართ, უფალი ახლოვდება.
მოთმინებადაკარგული ხალხი გამძვინვარდება: - რა იგავებს იგონებთ და თხზავთ სულზე?! ჩვენმა პროგრესმა დიდი ხანია უარჰყო გამონაგონი რაღაც „სულის“ შესახებ, ეს ჩვენი წინაპრების ფანტაზიები იყო. სხეული - განძია ჩვენი, ღვთაებაა. ოდესღაც იგი რაღაც მტირალა სითხეს გამოყოფდა, რასაც სულის ცრემლებს ეძახდნენ... მაგრამ ევოლუციის პროცესში სხეულმა სრულყოფილებას მიაღწია და მისგან გათავისუფლდა. იგი მხოლოდ პროგრესისაკენ ისწრაფვის!
მაშინ წინასწარმეტყველები გარდასახავენ წყალზე ჯვარს, მას თავიანთი სიტყვების დასამტკიცებლად წმინდა სისხლად გადააქცევენ და მრისხანედ შესძახებენ:
- ჩვენ გეუბნებით, თქვენ კი იცინით და ბრაზობთ. ჩვენ გასწავლით, თქვენ კი ამბოხს სტეხთ. უკანასკნელად, საბოლოოდ, ჩვენი ბაგეებით გელაპარაკებათ მხსნელი და მაცხოვარი თქვენი: ქრისტე ჯვარცმული და აღდგინებული მოგიწოდებთ უკანასკნელად: მოინანიეთ! შეიცოდეთ საკუთარი თავები და ჩამოსცილდით ნაპირს მარადიული უფსკრულისა! გესმით? მეხი გრუხუნებს! გრძნობთ? მიწა იძვრის! შეიგრძნობთ, თუ როგორ ირყევა ჰაერი? არ გესმით ხმები იმქვეყნიური სამყაროდან? ვერ ხედავთ ზმანებას? წეროები ზამთრის სიცივის მოახლოებას გრძნობენ, თქვენ როგორღა ვერ გრძნობთ სამსჯავროს მოახლოებას? მოინანიეთ, ადამის ცოდვის უკანასკნელო შთამომავლებო!
ცოფიანი მძვინვარებით აღრიალდებიან შეშლილი ცოდვილები:
- ებრაელებმა მოკლეს ქრისტე, რომელიც სიცოცხლეშივე მატყუარა იყო, ჩვენმა პროგრესმა კი მოკლა იგი სიკვდილის შემდგომ. თქვენთვის ყველაფერი შეფარდებითია: ყოველგვარ ჭეშმარიტებას ადვილად ვაქცევთ სიცრუედ და სიცრუეს კი ჭეშმარიტებად. მაგრამ თქვენ რომ თავი მეტად არ მოგვაბეზროთ, მოგკლავთ ძალაუფლებით ჩვენი მეფისა - ბატონო ჩვენო, ეშმაკო, დაგვეხმარე ჩვენ!
და მაშინ ჯოჯხეთის წყვდიადიდან აღსდგება სატანა და გააღვივებს მდუღარებამდე ადამიანთა მრისხანებას უფლის ორი მოწმის წინააღმდეგ და ადამიანები დახოცავენ მათ. იქნება ხორხოცი და მხიარულება ცოდვილთა.
მაშინვე მიწა შეირყევა, ისე როგორც არასდროს სამყაროს შექმნის დღიდან. დაეცემიან მთები და ბორცვები, წყაროს წყლები დაშრებიან და მთელი ხალხები გაწყდებიან, არავინ იქნება მათი დამმარხავი, მაშინ მრავალი შეშინდება: მოინანიებს და განადიდებს ღმერთს, რომელიც საუკუნოდ ცოცხალია. ეს მონანიენი შეიქმნებიან იმ ორი მოწმის გმირობის და მარტვილობის ნაყოფად - ჭეშმარიტებისათვის რომ იტანჯნენ.
მაგრამ წყვდიადი, მსგავსად სქელი კუპრისა, მთელ ქვეყნიერებას დაფარავს და მრავალი შეიშლება საშინელებისაგან. მაშინ ადამიანთა სასოწარკვეთილი ქვითინის, არნახული მიწისძვრის გუგუნსა და გაუღწეველი ბურუსის ტყვეობიდან გამოაღწევს ხმა ზეცაურ მაცხოვრებელთა გუნდისა, რომლებიც სულ უფრო და უფრო ხმამაღლა გაისმება: „სიძე მოდის!“...
თითქოს ბნელ, უმთვარო ღამეში, სრულიად ახალი, არნახული, უჩვეულო ნათელი ჩამოიღვრება. ნაცვლად მზისა და მთვარისა, მზეზე უფრო ნათელი ჯვარი გაბრწყინდება - ნიშანი ძისა კაცისა - და გაანათებს მთელ სამყაროს.
და მაშინ, ქრისტეს მონავ და თანამსახურო ჩემო, გამოჩნდება იგი - ხსნა ჩვენი და მხსნელი ჩვენი.
„მისიონერული წერილები“ (წერილი 164), თბილისი, 2005 წ.