თქვენ ხანგრძლივი ექსპედიციიდან დაბრუნდით, რომელშიც ხალხურ შემოქმედებას სწავლობდით. ახლა კი ვერ მალავთ თქვენს აღტაცებას, გამოწვეულს იმით, თუ როგორ შესძლო უბრალო, გაუნათლებელმა და უმეცარმა ხალხმა ასეთი საოცარი ნაწარმოებების შექმნა.
სამართლიანად ბრძანდებით აღტაცებული. ჭეშმარიტად უბრალო ხალხმა იმგვარი ტკბილხმოვანი სიმღერები, ხალხური ხელოვნების ისეთი მშვენიერი ნიმუშები შექმნა, ისეთი გასაოცარი შენობები აღმართა, ღრმა აზრები და ბრძნული ჩვეულებანი დაამკვიდრა, რომ ვერც ერთი ადამიანი, რაც არ უნდა ნიჭიერი და განათლებული ყოფილიყო ის, არა მარტო ვერ აჯობებდა, ვერც კი მიუხალოვდებოდა მათ. ყოველივე ამის შექმნა ხალხმა საღვთო შთაგონებით შეძლო.
თავის ამაღლებული ქმნილებებით ხალხი უფლისა და მისი განგების არსებობას მოწმობდა. რამეთუ ღმერთის თანამონაწილეობის გარეშე შეუძლებელია მთელი ამ მიუწვდომელი სილამაზისა და სიბრძნის მქონე უბრალო ხალხის შრომის ახსნა, გლეხი ქალისა თუ კაცისა, მწყემსისა თუ მეწისქვილისა. საიდუმლოს ახსნა იმაში მდგომარეობს, რომ ხალხი ყველაფერში ღმერთს ეყრდნობოდა, მას ევედრებოდა და მოიღო უფალმა სულიწმიდა, რომელიც წარმართავდა ხალხის აზრებს, გრძნობებს, სიტყვებსა და საქმეებს. იმ განათლებულ ადამიანს კი, რომელსაც საკუთარი თავის იმედი აქვს, ღმერთი საკუთარ თავს წარუდგენს და იგი იმას ქმნის, რისი შექმნაც ადამიანს უფლის გარეშე არ ძალუძს.
როგორ შეძლო გალილეველმა მებადურმა, სრულიად უბრალომ და უწიგნურმა, დაეწერა მეოთხე სახარება? როგორ დაწერა მეთევზე პეტრემ თავისი საღვთო ეპისტოლეები? მიწას ამის ახსნა არ ძალუძს: ეჭვგარეშეა, აქ ზეცა ჩაერია, წმიდანები, ღვთის ადამიანები, სულიწმინდით განათლებულები საკუთარი სახელით კი არ საუბრობდნენ, არამედ - ღმერთის და როგორ გიკვირთ ახლა უბრალო ადამიანებს, როცა ოდესღაც „უკჳრდა ჰურიათა მათ და იტყოდეს: ვითარ უკუე ამან წიგნი იცის უსწავლელად? მიუგო იესუ და ჰრქუა: ჩემი ესე მოძღურებაჲ არა არს ჩემი, არამედ მომავლინებელისა ჩემისაჲ“ (იოან. 7, 15-16).
და თუმცა ქრისტეს პიროვნება ყველა შემთხვევაში გამონაკლისია, მაინც მსგავსი სიტყვები ხალხის მისამართითაც შეიძლება ითქვას: სიბრძნე ხალხისა, ხალხისგანვე არ მოდის, არამედ - უფლისაგან. ხალხი ამას გრძნობს და გულით ატარებს: გრძნობს და სწამს, რომ ღმერთის ნების გარეშე სიმღერა არ იმღერება, სახლი არ შენდება, მაქმანი არ იქსოვება და დღესასწაული არ აღინიშნება.
„მისიონერული წერილები“ (წერილი 166), თბილისი, 2005 წ.