თქვენ „ახალ სარწმუნოებას“ ისურვებთ და ბუნების, მისი კანონებისადმი რწმენას გვთავაზობთ. ჩვენი და სხვა ქრისტიანი ხალხების ისტორია რომ იცოდეთ, თქვენთვის თვალსაჩინო იქნებოდა, თუ რამდენად უსაფუძვლოა ეს წინადადება. იმაში, რასაც გვთავაზობთ, არაფერია ახალი და უჩვეულო, რამეთუ ზესტად ასეთი იყო ჩვენი წარმართი წინაპრების რწმენა ქრისტიანობის მიღებამდე. ხოლო ქრისტიანობა კი, რომელსაც ჩვენ ვეყრდნობით, სწორედ ის ახალი რწმენაა, იმ ძველ, წარმართულთან შედარებით. შესაბამისად, თუკი ახალი რელიგია გსურთ, ის თქვენ გაქვთ. ხოლო თუ ბუნებისა და მისი სტიქიების თაყვანისცემა გინდათ - ესეიგი, ახალი რწმენა კი არა,- უძველესი აღმსარებლობის აღორძინება გადაგიწყვეტიათ. ნახეთ, როგორ ზუსტად საუბრობს ამის შესახებ პავლე მოციქული გალატელთა მიმართ ეპისტოლეში: „ეგრეთცა ჩუენ, ვიდრე-იგი ყრმაღა ვიყვენით, წესთა მათ ქუეშე ამის სოფლისათა ვიყვენით დაკირთებულ. ხოლო ოდეს მოიწია აღსასრული ჟამთაჲ, მოავლინა ღმერთმან ძე თჳსი, შობილი დედაკაცისაგან, და იქმნა იგი შჯულსა ქუეშე... ხოლო აწ იცანთ ღმერთი, უფროჲსღა გიცნნა თქუენ ღმერთმან, ვითარ მიიქცევით კუალად უძლურისა მის და გლახაკისა წესისა, რომელთაჲ კუალად ზემოჲთვე გნებავს მონებად?“ (გალატ. 4,3-4,9). ხედავთ საითკენ მიდიხართ?
ათასწლეულების განმავლობაში ცხოვრობდნენ ჩვენი პირქუში წინაპრები წარმართობის წყვდიადსა და ბუნების საგნობრივ საწყისთა ტყვეობაში. ძლივს მოვახერხეთ მატერიის ხახიდან დასხლტომა და სულიერი ღვთაების, ერთიანი სიცოცხლის ღმერთის, მისი სულიერი შვილების სიმაღლეებამდე მიღწევა და ახლა თქვენ ჩვენი კვლავ ბურუსსა და მონობაში უკან დაბრუნება გსურთ! რა არის ბუნება, თუ არა ქმნილება უფლისა? თუ არა მყიფე ლერწამი ყოვლისშემძლე ღმერთის გვერდით! თქვენ გსურთ, საკუთარი სიცოცხლე მისგან განარიდოთ და სუსტ ლერწამს დაუკავშიროთ! რა უფრო მეტია: ქოთანი თუ მექოთნე? თქვენ ქოთანს მექოთნეზე მეტად აფასებთ! ეს შიშისა და სიბეცის მიზეზით მოგდით. შეგაშინათ სამყაროს მტვერმა და ქარმა, რომელიც მას დაატარებს, გსურთ, შიშით ქედი მოუხაროთ მას თქვენი უძველესი წარმართი წინაპრების მსგავსად. ნუთუ ვერ ხედავთ, რომ თვით ადამიანის სულმაც კი საკუთარი თავი ბუნების სტიქიებზე ძლიერად გიჩვენათ, მაშ რამდენად ძლიერია სული უფლისა? რატომღა გსურთ, ადამიანური სული მატერიას ფეხქვეშ გაათელინოთ? განა შეიძლება, ბატონი მონის მსახურად იქცეს?
დაუტოვეთ სლავ წარმართებს ეს არასაკადრისი და წვრილმანი ფიქრები. ასეთი აზრებით ისინი ველურები იყვნენ და იმადვე დარჩებოდნენ კიდევ ათასი წელი. ისევე, როგორც პეპელა ვერ იქცევა კვლავ მუხლუხოდ და გარსში ვერ გაეხვევა, რომლიდანაც გამოფრინდა, ჩვენც ასევე ვერ დაუბურნდებით ძველი წარმართული რწმენის გახრწნილ გარსს.
დაე, ქრისტემ გაგანათლოთ და გაგასხივოსნოთ.
„მისიონერული წერილები“ (წერილი 167), თბილისი, 2005 წ.