მეკითხები, თუ როგორ გახადო შენი შვილი შეძლებული, რათა „ისე არ იტანჯოს, როგორც მე ვიტანჯებოდი მთელი ცხოვრების განმავლობაში, მე კი ბევრი ვიტანჯე და ვიწვალე, მაგრამ რწმენა და ღვთისმოსაობა შევინარჩუნე“? - ასე მწერ შენ.
ღვთისშვილო, შენ ხომ ყველაზე ნამდვილი ბატონი ხარ, რამეთუ ქრისტიანული გაგებით, ნამდვილთ ბატონი ის არის, ვინც შეინარჩუნა სული უფლისა, როდესაც გამოიარა ყველა ტანჯვა და განსაცდელი; ხოლო ამქვეყნიური, წარმართული აღთქმისდამიხედვით, ბატონად იგი იწოდება, ვინც ყოველდღიურად საკუთარ სულს გარეგნული ბატონობის - ხელისუფლების, სიმდიდრის და დიდების წინაშე აყენებს. ჭეშმარიტი ძალაუფლება ჩვენშია და არა ჩვენზე. უზრუნველობა უსაქმურობასთან ერთად - გარანტიაა სულის დაღუპვისა და პიროვნული გახრწილებისა.
ჩვენს სახლში ორი გუთანი გვქონდა: ერთი სუფთა და პრიალა, მეორე კი ჟანგიანი და უფერული. ბიძაჩემს ჩვეულებად ჰქონდა, სუფთა და პრიალა გუთანს - „ბატონ გუთანს“ ეძახდა. „დღეს ბატონ გუთანთან ერთად სახნავად მივდივართ, - ამბობდა იგი, ხოლო ის ჟანგიანი კი დატოვეთ, დაე დაიჟანგოს“. ნამდვილი ბატონობა მსახურებით, სულის ბრწყინვალებითა და ხასიათის სილამაზიით მიიღწევა. მოვედი მსახურებად თქუენდა (შეად. მათ. 20,28), - უთხრა უფალმა მოციქულებს. და ასწავლიდა მათ ყოფილიყვნენ მსახურები მიწაზე, რათა შეენარჩუნებინათ სული უფლისა და ებატონათ ზეცაში. ისინი გუთნის მსგავსად სუფთანი და ნათელნი იყვნენ; მათი დახმარებით სამყაროს ბატონმა დაამუშავა ქვეყანა და მასზე ზეციური ბატონობის, ზეციური სამეფოს კეთილშობილი თესლი დათესა. ჭეშმარიტი ბატონი იგია, ვისაც ბატონის სული და ხასიათი აქვს; ვინც მეხსიერებაში ინახავს საკუთარი ბატონობის ზეციურ წარმომავლობას; ვინც საკუთარ ხანმოკლე მიწიერ ცხოვრებას არა უსაქმურობაში, არამედ უფლის განდიდებაში, საკუთარი და ახლობელთა სულების ხსნაში ატარებს; ვინც სიმდიდრეში თავს ღატაკად გრძნობს, ხოლო სიღატაკეში - უფლით გამდიდრებულად; ვინც ყოველთვის მადლიერებით იღებს, სასოებით იტანს და რწმენით კვდება; ვინც პავლე მოციქულის სიტყვებით რომ ვთქვათ, „სათნო-მიჩნს უძლურებათა შინა, გინებათა, ჭირთა, დევნულებათა და იწროებათა ქრისტესთჳს (2კორ. 12,10).
ყველა, ვინც მიატოვა მოჩვენებითი მიწიერი ბატონობა, გაჰყვა ქრისტეს - ქრისტეს თავადაზნაურობა ზეციური არისტოკრატიაა.
მშვიდობა შენ და წყალობა უფლისაგან.
„მისიონერული წერილები“ (წერილი 169), თბილისი, 2005 წ.