მწერ, რომ რაღაც დაუძლეველი და აუხსნელი დარდი გაწუხებს. სხეული შენი ჯანმრთელია, სახლი სავსეა, გულში კი სიცარიელეა. სწორედაც რომ შენი გულია სავსე მძიმე ნაღველით. იძულებული ხარ, მეჯლისებს დაესწრო და მხიარულების ადგილები მოინახულო, მაგრამ ეს მხოლოდ ზრდის მწუხარებას.
ერიდე ძლიერ: ეს სულის საშიში დაავადებაა! მას სულის საერთოდ მოკვდინება ძალუძს. ასეთ მწუხარებას ეკლესია მომაკვდინებელ ცოდვად მიიჩნევს, რამეთუ მოციქულის სიტყვებით რომ ვთქვათ, არსებობს ორი სახის მწუხარება: მწუხარება ღვთის გულისათვის, ცხონებისათვის სინანულს ბადებს, და - მწუხარება მიწიერი, რომელიც ბადებს სიკვდილს (იხ. 2 კორ. 7,8-10). აშკარაა, შენ მეორე სახის მწუხარებისაგან იტანჯები.
მწუხარება ღვთისათვის მოიცავს ადამიანს მაშინ, როცა იგი საკუთარ ცოდვებს იხსენებს, ინანიებს მათ და შეჰღაღადებს უფალს. ანდა, როცა ვინმე მწუხარებს ახლობელთა ცოდვების გამო, როდესაც ხედავს რწმენისაგან მათ განდგომას. ასეთ მწუხარებას ღმერთი სიხარულად აქცევს ხოლმე, მსგავსად იმისა, რასაც პავლე მოციქული აგვიღწერს, როდესაც საუბრობს ყველა ქრისტეს მონაზე: „ვითარცა მწუხარენი და მარადის გვიხარის“ (კორ. 2, 6-10). ისინი ხარობენ, რადგანაც უფლის ძალასა და სიახლოვეს გრძნობენ, ნუგეშინისცემულნი არიან მისგან. ასე აქვს ნათქვამი მეფსალმუნესაც: „მოვიხსენე ღმრთისაჲ და ვიხარე“ (ფს. 74,4).
წმიდანთა მწუხარება ღრუბლის მსგავსია, რომლთა შორის ნუგეშის მზე ანათებს. შენი მწუხარება კი მზის დაბნელებას ჰგავს. ვგონებ, შენს კისერზე წვრილმანი ცოდო-ბრალი მრავლად უნდა იყოს, რომლებსაც უმნიშვნელოდ თვლიდი, აღსარება არ გითქვამს და არც მოგინანიებია. აბლაბუდის მსგავსად შემოეხვივნენ ისინი შენს გულს და ბუდე მოუწყვეს იმ მძიმე მწუხარებას, რომელსაც დემონური ძალა ღვარძლიანად აკავებს შენში. ამიტომ, გადახედე მთელ შენს ცხოვრებას, მოუწყვე შენს თავს დაუნდობელი სასამართლო და თქვი აღსარება. აღსარებით განსწმენდ სულის სამკვიდრებელს და დაივანებს მასში უფლისაგან მობერილი ნედლი და ჯანსაღი ჰაერი. აი, შემდეგ კი, თამამად მოკიდე ხელი კეთილ საქმეებს. ვთქვათ, გაიღე მოწყალება ქრისტესთვის. უფალი დაინახავს, იგრძნობს ყოველივეს და მალე სიხარულს მოგაგებს. მოგაგებს იმ გამოუთქმელ სიხარულს, რომელსაც მხოლოდ ის იძლევა და რომლის გაუფერულება არანაირ მწუხარებას, არანაირ სატანჯველს, არანაირ დემონურ ძალას არ შეუძლია. იკითხე ფსალმუნები. ეს არის წიგნი მჭმუნვარე სულთათვის, წიგნი ნუგეშისა.
დაე, მოგივლინოს უფალმა სიხარული.
„მისიონერული წერილები“ (წერილი 17), თბილისი, 2005 წ.