აღწერთ, ვიღაც თქვენი თანამოქალაქე, საკუთარ თავს მეცნიერს რომ უწოდებდა, როგორ აგროვებდა ყველასაგან და მათ შორის თქვენგანაც ფულს, რათა თითოეული ადამიანისათვის ფრთები დაემზადებინა. ადამიანებმა დაუჯერეს და მინდობილად აძლევდნენ ფულს, ვიდრე ის „მეცნიერი“ რაღაც უხილავი „ფრთების“ მეშვეობით თქვენი ქალაქიდან არ გაქრა. „ახლა ხალხმა აღარ იცის, თუ ვის და რას დაუჯეროს“, - ასე ამთავრებთ წერილს. აქაც, ზოგიერთი მონათლული ადამიანი კითხულობს: რისი ვირწმუნოთ? ამ კითხვაზე პასუხის გაცემა ადვილი იქნება, თუკი თავდაპირველად განვსაზღვრავთ, ვისი გვწამს.
ჩვენ იმისი გვჯერა, ვინც სამ თვისებას გამოამჟღავნებს: სამართლიანობას, ცოდნასა და სიყვარულს. ბავშვებსაც სჯერათ თავიანთი მშობლებისა, იმიტომ, რომ დარწმუნებულნი არიან მათ სამართლიანობაში, ცოდნასა და სიყვარულში. ჩვენც გვწამს ქრისტესი - უფლის ძისა, იმიტომ, რომ დარწმუნებულნი ვართ, ის - ჭეშმარიტებაა და ვუყვარვართ. „გრწმენინ ჩემი...“ (იოან. 14,11), - ეუბნება ის მოწაფეებს. მათ მიატოვეს ყველაფერი და გაჰყვნენ უფალს, იმიტომ, რომ სწამდათ. ჩვენ გვჯერა მეეტლესი, როცა სიბნელეში ვთხოვთ მას, რომ სახლში მიგვიყვანოს; გვჯერა უცნობი მიკიტანისა, რომ იგი არ მოგვწამლავს და დაგვაპურებს; გვჯერა ღამის გასათევად სახლში შემოსული უცნობი სტუმრისა, რომ არ მოგვკლავს და არ გაგვძარცვავს; ვუჯერებთ მწყემსს, გზაჯვარედინზე გზას რომ მიგვითითებს; ვუჯერებთ შემთხვევით ღარიბს, რომ იგი ნამდვილად არაფრისმქონეა და მოწყალებას გავიღებთ და ასეულობით სხვა უცხო ადამიანისა გვჯერა, თუმცა მათი სიმართლის, ცოდნისა და მითუმეტეს - ჩვენდამი სიყვარულის დამდასტურებელი საბუთი არ გვაქვს.
მთელი ჩვენი ცხოვრება რწმენაზეა დაფუძნებული. თუკი თქვენ ამ რწმენას გაანადგურებთ, მაშინ ადამიანის მთელ ცხოვრებას დამბლას დასცემთ. თუ ყოველდღიურად გვჯერა ნაცნობ-უცნობის, როგორ არ ვირწმუნოთ ქრისტესი, რომელშიც არ ყოფილა სიცრუის ნატამალიც კი და რომელმაც საკუთარი ცოდნა საქმეებითა და სასწაულებით დაამტკიცა. დაგვიმოწმა თავისი ჩვენდამი სიყვარული ჯვარცმისმიერი ტანჯვითა და სიკვდილით? ხოლო თუ მისი გვწამს, ჩვენთვის ადვილია ყოველივე იმის დაჯერება, რაც მან გვითხრა, განგვიცხადა, გვიქადაგა და დაგვპირდა. ასევე, როგორც რწმენის ნებისმიერი გამოცდის ჟამს, ყოველდღიური და ჩვეულებრივი საგნებიდან დაწყებული, ზეციური საიდუმლოებებით დამთავრებული, ადამიანმა უწინარესად უნდა იკითხოს: ვისი სწამდეს? და მხოლოდ შემდგომ: რა სწამდეს?
ქრისტეს კურთხევა თქვენ და თქვენს ეკლესიას.
„მისიონერული წერილები“ (წერილი 170), თბილისი, 2005 წ.