პირველ რიგში იმიტომ, რომ რწმენა ჩვენი სინათლეა. ქრისტემ თქვა: „მე ვარ ნათელი სოფლისა“ (იოან. 8,12). კანდელის შუქი იმ შუქს მოგვაგონებს, რომლითაც მაცხოვარი ჩვენს სულებს ანათებს.
მეორე, იმისათვის, რათა შეგვახსენოს იმ წმინდანის ნათელი ზნეობის შესახებ, ვისი ხატის წინაშეც ჩვენ კანდელს ვანთებთ. რამეთუ წმინდანები „ძედ ნათლისად“ (იოან. 12,36) იწოდებიან.
მესამე, იმისათვის, რომ ჩვენი ბნელი საქმეების, ბოროტი სურვილებისა და ზრახვების გამკიცხველად გვემსახუროს, დაგვაყენოს წმინდა წერილის ნათლის გზაზე, რათა უმეტესი თავგამოდებით ვიზრუნოთ მაცხოვრის მცნებათა აღსრულებისათვის; „ეგრეთ ბრწყინევდინ ნათელი თქუენი წინაშე კაცთა, რაჲთა იხილონ საქმენი თქუენნი კეთილნი“ (მათ. 5,16).
მეოთხე, რათა გახდეს იგი ჩვენი მცირე მსხვერპლი უფლისადმი, რომელმაც თავი თვისი მსხვერპლად გაიღო ჩვენთვის. მცირედით გამოვხატოთ უდიდესი მადლიერება და ნათელი სიყვარული მისადმი, ვისაც ჩვენს ლოცვებში სიცოცხლეს, ჯანმრთელობასა და ხსნას შევთხოვთ - ყველაფერ იმას, რისი მოცემაც მხოლოდ უსაზღვრო ზეციურ სიყვარულს შეუძლია.
მეხუთე, - რათა დავაფრთხოთ ბოროტი ძალები, დროგამოშვებით თავს რომ გვესხმიან, ზოგჯერ ლოცვის დროსაც და ჩვენი ფიქრები შემოქმედიდან სხვა რამეზე გადააქვთ. რადგანაც ბოროტ ძალებს უყვართ წყვდიადი, სინათლის დანახვაზე კი თრთიან, განსაკუთრებით იმ სინათლისა, ღმერთს და მის წმინდანებს რომ ემსახურება.
მეექვსე, - რათა ჩვენში თავგანწირვისაკენ ლტოლვა აღძრას, მსგავსად იმისა, თუ როგორ იწვის კანდელში ჩვენს ნებას დამორჩილებული ზეთი და პატრუქი, დაე ასევე იწვოდნენ სიყვარულის ალით ანთებული ჩვენი სულები ყველა სატანჯველისას უფლის ნებას რომ ემორჩილებიან.
მეშვიდე, - რათა შეგვახსენოს რომ, როგორც კანდელის ანთებაა შეუძლებელი ჩვენს დაუხმარებლად, ასევეა ჩვენი სულიც, ის ჩვენი შინაგანი კანდელია, და მისი ანთება ღვთიური წყალობის წმინდა ცეცხლის გარეშე, რაც არ უნდა აღსავსე იყოს სათნოებით სული, წარმოუდგენელია. რადგან ჩვენი სათნოებანი ის საწვავია, რომელსაც უფალი თავისი ცეცხლით აღანთებს.
„მისიონერული წერილები“ (წერილი 18), თბილისი, 2005 წ.