„ნეტარ არიან გლახაკნი სულითა, რამეთუ მათია სასუფეველი ცათა“ (მათ. 5, 3) - თქვა უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ. შენ ეს გაცბუნებს. შეცბუნება კი იქიდან მომდინარეობს, რომ გონებაბრგვილობა განუვითარებელი ადამიანებისა სულის იმ სიგლახაკეში გერევა, რომელსაც ქრისტე ადიდებს.
სულიერი სიგლახაკე, ანუ უპოვარობა იმ საუკეთესო გონთა გამორჩეული თვისებაა, რომელნიც ოდესმე მოვლენიან ქვეყნიერებას. ეს გაცნობიერებაა საკუთარი არასრულყოფილებისა უფლის დიდების წინაშე, გაცნობიერება საკუთარი ბიწიერებისა - შემოქმედის სიწმინდის წინაშე, გაცნობიერება სრული დამოკიდებულებისა - ღვთის უსაზღვრო ძალაზე.
დავით მეფე საკუთარი თავის შესახებ ამბობდა: „მატლ ვარ და არა კაც“. დავითი კი გონებაბრგვილი არ ყოფილა; პირიქით, იგი მდიდარი და გენიალური გონებით იყო დაჯილდოებული. მისი ძე, სოლომონ ბრძენი წერს: „იყავ შენ მოსავ ყოვლითა გულითა შენითა უფლისა მიმართ და სიბრძნესა შენსა ნუ აჰყვები“ (იგავ. 3, 5). სწორედ ეს ნიშნავს, იყო სულით გლახაკი, ესე იგი, მთელი არსებით მიენდო უფალს და არა - საკუთარ თავს.
ნეტარია იგი, ვისაც შეუძლია, გულმხურვალედ აღიაროს ჩემი ძალა არარაა, გონება ჩემი უძლურია, ნება ჩემი არამდგრადია. უფალო დამეხმარე!
სულით გლახაკი ეს ის წმიდანია, რომელსაც მოციქულის მსგავსად შეუძლია თქვას: არ ვცნობ არაფერს, თვინიერ უფლისა (იხ. 1 კორ. 2,2).
სულით გლახაკი - ეს ის მეცნიერია, რომელიც ნიუტონის მსგავსად აღიარებს, რომ მისი არცოდნა გაცილებით დიდია მის ცოდნაზე.
სულით გლახაკი - ის მდიდარია, რომელიც მდიდარ იობთან ერთად ამბობს: „შიშველი მოველ ამქვეყნად და შიშველი წავალ“ (იხ. იობ. 1,21).
წმიდა საბა, სტეფან დეჩანსკი და თავადი ლაზარე თავს სულით გლახაკებად თვლიდნენ. მეტი რაღა ვთქვათ? მოციქულები, მღვდელთმთავრები, წმინდანები, მთელი მილიონიანი ერი, სამწყსო უფლისა თავს სულით გლახაკებად თვლიდნენ, ამიტომაც დაიმკვიდრეს ღმერთის აღთქმული ზეციური სასუფეველი.
გონებაბრგვილ ადამიანად იმას ნუკი ჩათვლი, ვისი ცოდნაც შეზღუდულია, არამედ ის ჩათვალე, ვინც სკუთარი ცოდნით ტრაბახობს.
სულიერი სიგლახაკე - პირდაპირ წინააღმდეგობაშია ქედმაღლობასა და ტრაბახთან. უგუნური ქედმაღლობისა და დამღუპველი ტრაბახისაგან სურდა ჩვენი დაცვა ქრისტეს, როცა ქებას ასხამდა სულით გლახაკებს.
მშვიდობა შენდა და სიხარული უფლისაგან.
„მისიონერული წერილები“ (წერილი 20), თბილისი, 2005 წ.