მწერ, რომ წელს აღდგომის დღესასწაული ჩაგიმწარდა. რა მოხდა? შენმა საუკეთესო მეგობარმა მაღალი თანამდებობა მიიღო. თავიდან გაგეხარდა, მაგრამ რამოდენიმე კვირის შემდეგ იგი გაგიუცხოვდა. არ პასუხობს შენს წერილებს, ცივი და ხანმოკლეა საუბრებში, იძულებულს გხდის, კაბინეტის კართან ელოდო, ზურგს უკან დამცინავად ლაპარაკობს შენზე. ვეღარ სცნობ მას. რა დაემართა ერთ დროს ესოდენ სანდომიან ადამიანს? როგორც არაბები იტყოდნენ: „იგი სავარძელმა გადაყლაპა“. თუ გსურს, წაუკითხე მას, რასაც ეხლა მოგწერ.
არაბულ ქვეყანაში ორი მეგობარი ცხოვრობდა. ყოველ საღამოს კერიასთან იკრიბებოდნენ და საუბრობდნენ, პატარა სამფეხა სკამებზე ჩამომსხდრები. მოხდა ისე, რომ ერთ-ერთი მათგანი შეიხი გახდა. საცხოვრებლად ქვის სასახლეში გადავიდა და ახლა სადაფის მაღალ ტახტზე იჯდა. ახალი მმართველის მისალოცად ბევრი ხალხი მოდიოდა. მოვიდა მისი ძველი მეგობარიც, რომელსაც გულით სურდა, მიელოცა მისთვის. მაგრამ ამაყმა შეიხმა არ ინება მისი მაშინვე მიღება და მრავალი დღის განმავლობაში კართან ალოდინა. ბოლოს შეიხმა მეგობრის მიღება ბრბანა. მეგობარი მორიდებულად შევიდა, ხოლო შეიხი კიდევ უფრო გაიშხლართა თავის საუცხოო სადაფის ტახტზე. მეგობარი ყველაფერს მიხვდა, განზრახ აქეთ-იქით ყურება დაიწყო, - თითქოს თვალებით შეიხს ეძებდა. მაშინ გულმოსულმა შეიხმა ჰკითხა, ვის ეძებო.
- შენ დაგეძებ ადამის შვილო, სად ხარ? - უპასუხა მეგობარმა და ნაღვლიანად დაურთო - ვიდრე პატარა სკამზე იჯექი, ის სკამი არ ჩანდა, ახლა კი შეხედე, ტახტს უკან კაცს ვერ იპოვი.
იგივე დაემართა შენს მეგობარსაც. ადამიანი მაღალ სავარძელში დაიკარგა. მაგრამ ეს იმდენად ჩვეულებრივი მოვლენაა, რომ შენი რისხვა სასაცილოდ მოჩანს. ადამიანებს მაღლა გაცილებით უჭირთ თავის შემაგრება, ვიდრე - დაბლა.
ჰოი, ადამიანო, ჰოი, მტვერო! რითი ამაყობ? არარაობით სიცოცხლეში თუ არარაობით სიკვდილში?
ერთ ბერძენ მმართველს ჩვევად ჰქონდა ყოველ დილით ორ მხარეს მისალმება - სალამი ერთ მხარეს, სალამი მეორე მხარეს. როცა მას ჰკითხეს, თუ ვის ესალმებოდა, უპასუხა- „ღმერთს და ხალხს, რადგან ყველაფერი რაც გამაჩნია, ან ღმერთისგანაა, ან ხალხისგან“.
ჰოი, ადამიანო, წამი ხარ დროში და მილიმეტრი სივრცეში რითი ამაყობ? შენს შესახებ ნათქვამია წმინდა წერილში: „არაწმიდა არს წინაშე უფლისა ყოველივე მაღალი გულითა“ (იგავ. 16,5) და თუ კიდევ გსურს: „ამპარტავანთა შეჰმუსრავს ღმერთი“ (იაკ. 4,1, პეტრ. 5, 5), ან: „უწინარეს შემუსრვისა უძღვის გინებაჲ“ (იგავ. 16,18). შენი ამპარტავნებით ომი გამოუცხადე ყოვლისშემძლესა და მარადიულს. ატომი აღსდგა უსაზღვროობის წინააღმდეგ! წამი აუჯანყდა უკვდავებას! თვით ჭიანჭველისთვისაც კი აშკარაა შენი მარცხი. უეცრად მოვლენ შენთან სირცხვილი და დაღუპვა. ამიტომ მობრუნდი, მოინანიე, გამოფხიზლდი, გონს მოდი, იქეც ადამიანად, იყავი ადამიანი! ეს უფრო საპატიოა, ვიდრე მეფედ ყოფნა. იყავი ადამიანი! ეს გაცილებით ძვირფასია ყველა გვირგვინზე და მნიშვნელოვანია ყველა ტახტზე.
აი, ჭკუის სასწავლებელი შენი მეგობრისათვის.
შენ კი ჯანმრთელობა, მშვიდობა უფლისაგან და მხიარული აღდგომა.
„მისიონერული წერილები“ (წერილი 25), თბილისი, 2005 წ.