უპირველეს ყოვლისა ამის შესახებ ჩემი სინდისი მიდასტურებს, შემდეგ - გონება და ნება.
სინდისი მეუბნება: უფლის ესოდენ დიდი ტანჯვისათვის ხალხის კეთილდღეობისა და ხსნის გამო არ შეიძლებოდა ყოფილიყო სხვა ჯილდო, გარდა აღდგომისა და ზეციური დიდებისა. აუწერელი ტანჯვანი მართლისა ენით გამოუთქმელი დიდებით დაგვირგვინდა. ეს მაძლევს ნუგეშსა და მშვიდობას.
გონება მეუბნება: აღდგომის ბრწყინვალე გამარჯვების გარეშე უფლის მის მთელი გმირობა საფლავში დარჩებოდა, მთელი მისი მისია ამაო იქნებოდა.
ნება მეუბნება: ქრისტეს აღდგომა მშველის მე კეთილსა და ბოროტს შორის მერყეობისაგან, გაბედულად მაყენებს სიკეთის გზაზე და მინათებს ამ გზას, მაძლევს ძალასა და აღმაფრენას.
ამ სამი ხმის გარდა, რომლებიც ჩემში ერთსადაიმავეს ადასტურებს, არსებობენ გარეგანი უძლეველი მოწმენი: დიდებული მენელსაცხებლე დედები, თორმეტი უდიდესი მოციქული, ხუთასზე მეტი სხვა მოწმე (იხ. 1კორ. 15,6) - ყველა, ვინც კი კვირაობით ხედავდა და უსმენდა მას, არა სიზმრად, - არამედ ცხადში, არა ერთი წუთით, არამედ - ორმოცი დღე. ცეცხლოვანი იუდეველი სავლეც, ქრისტიანთა მდევნელი, მემოწმება, რომ ნახა აღმდგარი უფალი, გაიგონა მისი ხმა და შეასრულა მისი ბრძანება. და ოცდაათი წლის შემდეგაც, როცა მის თავზე ნერონის მახვილი ეშვებოდა, არ სურდა საკუთარი მოწმობის უარყოფა. მოწმეა წმიდა პროკოფი, რომაელი მხედართმთავარი, რომელიც აღმოსავლეთის ქრისტიანთა წინააღმდეგ ლაშქრობაში უნდა გამგზავრებულიყო, მაგრამ გამოეცხადა გზაში უფალი იესო ქრისტე და ჭეშმარიტ რჯულზე მოაქცია. იმის მაგიერ, რომ ქრისტიანები გაეჟლიტა, თავის ნებით მიეცა იგი ქრისტესთვის მოსაკვდინებლად. მოწმეა ათასობით ქრისტესთვის ტანჯული, საუკუნეების განმავლობაში ჯურღმულსა თუ ჯალათის მახვილით ქრისტეს აღმსარებელნი, იერუსალიმელი მოწამეებით დაწყებული - ახალმოწამეებით დამთავრებული.
მემოწმება ყველა ის წმინდანი, რომელთაც ხშირად ვხვდებით ცხოვრებაში, მემოწმებიან სიხარულით, როცა ესმით ქრისტეს მკვდრეთით აღდგომა. იგი მათი სინდისის თანამჟღერია, სძრავს მათს სულებს და ახარებს მათ გულებს.
მოწმობას ვიღებ ცოდვილთა და ქრისტეს მოძულეთაგან, რამეთუ მათი უარყოფა აღდგომისა მე საწინააღმდეგოს მიმტკიცებს. ამქვეყნიური სამსჯავრო ამოწმებს მოწამეთა ჩვენებებს და მათი სამართლიანობის ხარისხის მიხედვით არკვევს დამოწმების ღირებულებას. როცა წმიდა და სპეტაკი მოწამენი ამტკიცებენ, რომ იციან ქრისტეს აღდგომის შესახებ, მე სიხარულით ვიღებ მათ დამოწმებას, როგორც ჭეშმარიტებას. როცა უწმინდურნი, არამართლმორწმუნენი და ცოდვილნი უარყოფენ აღდგომას, ამით ისინი მხოლოდ ამტკიცებენ პირველთა მოწმობას და ამყარებენ ჩემს რწმენას ჩემი უფლის აღდგომის ჭეშმარიტების შესახებ. რამეთუ უარყოფენ არა ცოდნით, არამედ - ღვარძლით.
მოწმეა მრავალი ტომი თუ ხალხი, წარმართობიდან განათლებისაკენ აღმდგარი, მონობიდან თავისუფლებისაკენ, უზნეობის ჭაობის საფლობისა და გონების დაბნელებიდან - უფლის შვილობის ნათლისაკენ. სერბი ხალხის აღდგომაც ქრისტეს აღდგომის დასტურია ჩემთვის.
თვით სიტყვები „მკვდრეთით აღდგინება“ ამასვე მიდასტურებენ, რადგან ქრისტეს აღდგომის გარეშე არ იქნებოდა ეს სიტყვა კაცობრიობის ენაში. როცა პავლე მოციქულმა პირველად წარმოთქვა ეს სიტყვები ათენში, ბევრისმცოდნე ათენელებს გაუკვირდათ და საგონებელში ჩაცვივდნენ (იხ. საქ. 17,32).
ასე რომ, ღვთის შვილნო, გილოცავთ და გესალმებით: ჭეშმარიტად აღსდგა ქრისტე!
„მისიონერული წერილები“ (წერილი 26), თბილისი, 2005 წ.