თქვენ გსურდათ ჯვარცმული ქრისტეს შვიდი გამონათქვამის მნიშვნელობა გცოდნოდათ, განა ის ნათელი არ გახლავთ?
პირველი გამონათქვამი: „მამაო, მიუტევე ამათ, რამეთუ არა იციან, რასა იქმან“ (ლკ. 23,34). უპირველეს ყოვლისა, ამ სიტყვებით უფალმა თავისი მოწყალება გამოხატა მკველელებისადმი, მოწყალება, რომელიც ტანჯვის დროსაც კი არ სტოვებდა მას. შემდგომში გოლგოთის მთიდან მან ცნობილი, მაგრამ ბევრისათვის კი უცნობი ჭეშმარიტება განაცხადა, უფრო ზუსტად ის, რომ ბოროტმოქმედნი არასოდეს უწყიან, თუ რას სჩადიან. მართლის მოკვლით საკუთარ თავს იღუპავენ, მას კი განადიდებენ. ფეხქვეს სთელავენ უფლის მცნებებს და ვერ ხედავენ, თუ როგორ ეშვება მათ თავზე წისქვილის დოლაბი, რათა აღგავოს ისინი პირისაგან მიწისა და მტვრად აქციოს. წამბილწავნი ვეღარ ამჩნევენ, როგორ ემსგავსებიან თანდათანობით ცხოველებს, სიძულვილით მთვრალებმა არასოდეს უწყიან თუ რას სჩადიან.
მეორე გამონათქვამი: „ამინ გეტყვი შენ: დღეს ჩემ თანა იყო სამოთხესა“ (ლკ. 23,43). ეს სიტყვები მიმართულია ჯვარცმული მონანიე ავაზაკისადმი და იმ ცოდვილთათვის მეტად ნუგეშისმომცემნი არიან, რომლებიც შესძლებენ, რომ უკანასკნელ წამს მოინანიონ ნამოქმედარი. წყალობა უფლისა უსაზღვროა. იგი თავის მისიას ჯვარცმულის ასრულებს. უკანასკნელ ამოსუნთქვამდე ის შველის ყველას, ვისაც ამის ოდნავი სურვილი აქვს.
მესამე გამონათქვამი: „დედაკაცო, აჰა ძე შენი!“ (ინ. 19,26). ამგვარად უთხრა უფალმა თავის წმიდა დედას, რომელიც გოლგოთის ჯვართან იდგა. ხოლო მოციქულ იოანეს კი მიმართა: „აჰა, დედაჲ შენი!“ (ინ. 19,27). ამ სიტყვებში ჩანს შვილის მზრუნველობა, რომელიც მშობლების მიმართ ყველას მოეთხოვება და სავალდებულოა. ის, ვინც ადამიანებს უქადაგა: „პატივ ეც დედასა და მამასა შენსა“ (გამოს. 20,12; მთ. 15,4), თავად ასრულებს ამ მცნებას უკანასკნელ წუთამდე.
მეოთხე გამონათქვამი: „ღმერთო, ღმერთო ჩემო, რაჲსათვის დამიტეობ მე?“ (მკ. 15,34). ეს სიტყვები ადამიანის უძლურებაზე, მაგრამ ამავე დროს შორსმჭვრეტელობაზეც ლაპარაკობენ: რადგან ადამიანი იტანჯება, მისი ტკივილის ქვეშ ერთი საიდუმლო იმალება. ამ და მხოლოდ ამ სიტყვებმა შეძლეს, დაემსხვრიათ ერესი, რამოდენიმე საუკუნის შემდეგ რომ შესძრა ეკლესია. იგი (ერესი - რედ.) ისე არამართებულად და ცრუდ ასწავლიდა, რომ ჯვარზე ღვთაებრივი ბუნება იტანჯებოდა. თუმცა უფლის მარადიული ძე იმიტომაც განკაცდა, რათა სულით და ხორცით ვნებულიყო კაცობრიობისათვის, მათთვის აღსრულებულიყო, როგორც ადამიანი, რადგანაც თუკი ქრიტეს სახით ღმერთი ევნო, - ეს იმას ნიშნავს, რომ ღმერთი ქრისტეშივე აღესრულა. ეს კი შეუძლებელია, რაც შეიძლება, ღრმად ჩაუკვირდით ამ დიდებულ და საშინელ სიტყვებს: „ღმერთო, ღმერთო ჩემო, რაჲსათვის დამიტეობ მე?“
მეხუთე გამონათქვამი: „მწყურის“ (ინ. 19,28). სისხლი მისი დაიღვარა. ამისგან გახლავთ წყურვილიც. დასავლეთის მზე თვალს ჭრიდა მას ტანჯვას უძლიერებდა, სახე საშინლად უხურდა, ბუნებრივია, რომ სწყუროდა, მაგრამ უფალო, რა გწყუროდა შენ ჭეშმარიტად: წყალი თუ სიყვარული? გწყუროდა როგორც ადამიანს თუ როგორც ღმერთს, იქნებ ორვეს ერთდროულად? აი რომაელი ჯარისკაცი ძმრით გაჟღენთილ ღრუბელს გაწვდის. ეს „გულმოწყალების“ ერთადერთი წვეთი გახლავს, ჯვარცმულმა ტანჯვის სამი საათის განმავლობაში ადამიანისაგან რომ მიიღე! თუნდაც ეს ძმარი იყოს, მაინც რომაელი ჯარისკაცი არბილებს პილატეს ცოდვას - შენს მიმართ ჩადენილ რომის იმპერიის ცოდვას. სამაგიეროდ შენ დაამხობ ამ იმპერიას და მის ადგილას ახალს აღმართავ.
მეექვსე გამონათქვამი: „მამაო, ხელთა შენთა შევჰვედრებ სულსა ჩემსა“ (ლკ. 23,46). ძე მიაბარებს სულს თავის ზეციურ მამას, რათა ყველას განეცხადოს, რომ მამისაგან მოვიდა და არა - საკუთარი ნებით, როგორც ამაში ებრაელები ადანაშაულებდნენ. მაგრამ ეს სიტყვები კიდევ იმისთვისაა ნათქვამი, რომ მოისმინონ და იცოდნენ ბუდისტებმა, პითაგორელებმა, კულტისტებმა და სხვა ფილოსოფოსებმა, რომლებიც სულთა გადასახლების შესახებ ადამიანებში, ცხოველებში, მცენარეებში, ვარსკვლავებსა და მინერალებში ათასგვარ ზღაპრებს თხზავენ. უკუაგდეთ ფანტაზიები, შეხედეთ, თუ საით მიემართება მართლის სული: „მამაო, ხელთა შენთა შევჰვედრებ სულსა ჩემსა“.
მეშვიდე გამონათქვამი: „აღსრულებულ არს“ (ინ. 19,30). ეს არ ნიშნავს, რომ ცხოვრება დასრულდა. არა, დასრულდა მისი მისია კაცობრიობის მოდგმის გამოსყიდვისა და ხსნისათვის. „აღსრულებულ არს“ და სისხლითა და სიკვდილით დაიბეჭდა საღვთო საქმე ერთადერთი ჭეშმარიტი მესიისა. დასრულდა ტანჯვა, მაგრამ სიცოცხლე კი მხოლოდ ახლა დაიწყო. დასრულდა ტრაგედია, მაგრამ დრამა არ შედგა. დღეიდან და უკუნისამდე უკანასკნელი დიდებული საქმე - სიკვდილზე გამარჯვება, აღდგომა და დიდება.
„მისიონერული წერილები“ (წერილი 27), თბილისი, 2005 წ.