მათ დაცინვას ღიმილით უპასუხე. ის ავი გულიდან მოდის; დაე შენი ღიმილი უბოროტო იყოს.
დაცინვა ყოველთვის უმეცრებისაგანაა, ღიმილი - ცოდნისაგან. დაცინვით ისინი მსაჯულის მიმართ შენს ლოცვას ფასდაუდებელს ხდიან, რადგანაც არ არსებობს უფლისთვის უფრო ძვირფასი ლოცვა, ვიდრე - ლოცვა გაუმრუდებელი გულისა, რომელიც გარშემორტყმულია ბოროტების ისრებით, სიძულვილით, აბუჩად აგდებითა და დაცინვით. ეს ორლესული ისრებია, მაგრამ შენი სიმამაცით დაბლაგვებულნი უკან უბრუნდებიან მსროლელთ.
ერთხელ, დავით მეფის ცოლმა მეუღლის გულმხურვალე ლოცვას დასცინა. ამ დაცინვამ შეურაცხყო უმეტესად უფალი, ვიდრე - დავით მეფე და დასაჯა უზენაესმა საულის ასული, არ ჰყოლია მას შთამომავალი სიკვდილამდე. ვინც ყურადღებით აკვირდება ადამიანთა ბედსა და შემთხვევებს, იცის, თუ როგორ მკაცრად სჯის ღმერთი სიწმიდეთა დამცინავთ.
შენ კი, თუ თვლი, რომ სიტყვა უკეთესი წამალია, ვიდრე დუმილი, უთხარი მათ: „თვალი მატყუებს, თუ ნამდვილად ვხედავ, როგორ ევედრებით თქვენ ყოველდღე ვაჭრებს, მამასახლისებს, პოლიციელებს თქვენი გასაჭირის შესახებ? რაღად დამცინით, როცა მე საუკუნეთა შემოქმედს ვევედრები? განა უძლურთა მიმართ ლოცვა სასაცილო არ არის? განა სიგიჟე არაა - თაყვანი სცე მტვერს, და არა - სიცოცხლის მომნიჭებელს და უფალს?“
სადღაც, წინასწარმეტყველთან ნათქვამია: ყოველი, ვისაც კაცის იმედი აქვს, წყეულია (შეად. იერ. 17,5). აშკარაა, რომ ის, ვინც იმედს ამყარებს მოკვდავ ადამიანზე - საპნის ბუშტზე და არა ყოვლისმომცველ ღმერთზე, წყეულია. და ეს წყევლა, რომელიც მას და მის სახლს აწევს, მთელი სიცოცხლის თანამდევია. ნათელია ისიც, რომ წყეულია ყოველი ადამიანი, რომელიც მხოლოდ ადამიანს ევედრება და არ ევედრება მას, ვინც ყოვლისმომცველია და ყველაფერი შეუძლია. მაგრამ, შეხედე, - ზოგჯერ ასეთ სიტყვებზე მეტად დუმილია სასარგებლო.
პირველი დაცინვა შეაკრთობს ხოლმე მლოცველის სულს, მაგრამ შენ უკვე გადაიტანე და არ შეგიწყვეტია ლოცვა. შემდეგი დაცინვა კი ლოცვისაკენ გაქეზებს. შენ ამბობ, რომ თვითონაც გამოგიცდია ეს. ახლა შენთან უფალი ახლოსაა, ეკლესიაც უფრო სათნოა და ლოცვაც უფრო ტკბილია. იცოდე, დადგება დრო, როცა დაცინვები შეწყდება, იქნება მოწიწება, გაკვირვება და მადლიერება, მაგრამ სწორედ მაშინ შენი სული უფრო დიდ საფრთხეში აღმოჩნდება, ვიდრე დღესაა. ახლა შენ თავმდაბლობას სწავლობ, მერე კი სიამაყისგან მოგიწევს თავის დაცვა. აი, ეს უკვე სხვა გამოცდაა, სხვა ცდუნებაა.
იცოდე, სწორედ ისინი არიან ჩვენი მტრები, ვინც დაცინვით გვტანჯავენ. მათ შესახებ იტყოდა უფალი: „გიყვარდეთ მტერი თქვენი“ [მათ. 5,44]. და ისინი, რომელთაც არ იციან, თუ რას სჩადიან, სიკეთეს მოგვაგებენ. წყენითა და შევიწროებით ჩვენში ღვთიური ცეცხლის ჩირაღდანს აღანთებენ და ლანძღვით მადევარნი, როცა უფლის ტაძრისკენ მივემართებით, ღმერთთან უფრო გვაახლოვებენ. რადგან მიწაზე თავს გვაბეზრებენ, ზეცას უფრო სასურველს ხდიან ჩვენთვის. ყინვასა და ქარს არ სურთ სიკეთე ხისთვის, მაგრამ სწორედ რომ უნებლიეთ მოაქვთ მისთვის იგი. ასევე არიან შენი მტრებიც.
ამიტომ აპატიე, დალოცე ისინი და ევედრე ღმერთს მათთვის. გიყვარდეს ისინი, როგორც - უფლის შემდეგ შენი ყველაზე დიდი კეთილისმსურველნი, - ამაშია მწვერვალი სიყვარულისა. მაგრამ თუკი სული შენი ვერ მოითმენს მიწიერი მტვერის ამ მცირე შრიალს, მაშინ შერცხვები მაცხოვრის წინაშე და არა მხოლოდ ხალხისა და დემონების, არამედ უფლის დასაცინიც გახდები.
ხშირად მოინახულე სახლები მწუხარებისა, იარე სასაფლაოებზე. იფიქრე ქრისტეს ჯვარზე და ხშირად მიეახლე მას. იფიქრე ცხოვრების დასასრულზე. ყველაფერი ეს დაგეხმარება, რომ განმტკიცდე ლოცვაში და გაიმარჯვო.
მშვიდობა შენდა და წყალობა უფლისა შენ თანა.
„მისიონერული წერილები“ (წერილი 3), თბილისი, 2005 წ.