მესმის შენი წუხილი. როგორც უფროსმა დამ, დედის სიკვდილის შემდეგ მას დედა შეუცვალე. გაჭირდა ცხოვრება. ვიდრე ის სწავლობდა, მისი გულისთვის გათხოვება დააგვიანე და გადაწყვიტე, არ გათხოვილიყავი. შენი ცხოვრება გაიღარიბე მისი ცხოვრების გასამდიდრებლად. ადრე ძმას უყვარდი და გიჯერებდა, მაგამ უკანასკნელი ორი წლის მანძილზე ძლიერ შეიცვალა. თავდაპირველად მან თავი უღმერთოდ გამოაცხადა, აბუჩად იგდებდა შენს ხატებს, ლოცვას, მორწმუნეობას. შემდეგ - შენ რომ არც გეთქვა, ეს ისედაც ვიცოდი, - გარყვნილ ცხოვრებას მიეცა. გარდაუვალი შედეგი ურწმუნეობისა! იგი მრისხანეა, პირქუში, ზარმაცი და უტიფარი, ითხოვს იმას, რისი მიცემაც შენ არ შეგიძლია. ცოფდება, როცა რამეს ურჩევ. მზადაა მოგკლას! არავითარი საერთო უწინდელ ადამიანთან, თითქოს მასში ეშმაკი ჩასახლდა.
საბრალო დაო! მასში ნამდვილად ეშმაკი ჩასახლდა. თავისებური სახის სიგიჟე, უცილობლად აზიანებს ღმერთისგან განდგომილებს. რადგანაც არ შეიძლება, ღმერთისგან განდგომილი ადამიანი წყვდიადში არ აღმოჩნდეს. შეუძლებელია, განუდგე უფალს და არ გაგიჟდე.
გიამბობ იმის შესახებ, თუ როგორ იხსნა ერთმა დედამ ვაჟიშვილი, რომელიც შენი ძმის მსგავსი იყო. ერთხელ, როცა ყველა დედობრივი რჩევა ამოიწურა, ის უცებ გაჩუმდა. არც ერთი სიტყვა აღარ უთქვამს ვაჟიშვილისთვის და იწყო ლოცვა უფლისადმი, რათა მას შვილისათვის რაიმე დაავადება მოევლინა. შენ იტყვი: სასტიკი დედა! მომისმინე ბოლომდე, თვით ამ დედამ მიამბო ეს ყველაფერი.
- მე მივხვდი, - ამბობდა იგი, - რომ არავის ცის ქვეშ არ შეუძლია მისი გადარჩენა, მხოლოდ უფალს და მხოლოდ - რაღაც სატანჯველით. ამიტომაც ვლოცულობდი იმისათვის, რათა ღმერთს შვილისათვის განსაცდელი გამოეგზავნა. დიდხანს ვლოცულობდი და მართლაც ვაჟიშვილი ავად გახდა. მან ლოგინად სამი თვე დაჰყო, ვუვლიდი და შვილის თვალწინ უფალს ვევედრებოდი. იგი ფიქრობდა, რომ მისი ხორციელი ჯანმრთელობისთვის ვლოცულობდი, მე კი მისი სულის განკურნებისთვის ვლოცულობდი. ის ხედავდა ჩემს ზრუნვას, სიყვარულს, ლოცვას და მისი გული მოლბა. ერთხელ, როცა ექიმებმა ხელი ჩაიქნიეს და თვითონაც ლანდს დაემსგავსა, ატირდა და ჩაიჩურჩულა: „საყვარელო დედა, ევედრე ღმერთს, რომ არ მოვკვდე!“ მე ვუპასუხე: „დამპირდი შვილო, რომ ყოველთვის გემახსოვრება ღმერთი და მისი მადლობელი იქნები, რომ გამოასწორებ შენს ცხოვრებას!“ - „დიახ, დედა, დიახ, დიახ!“ - ჩურჩულებდა იგი აგონიაში. მე რაღაცნაირად ვიცოდი, ვგრძნობდი, რომ ის არ მოკვდებოდა. და მადლობა ღმერთს, იგი გამოკეთდა. ახლა ის ჯანმრთელია სულითაც და სხეულითაც. რბილია, როგორც ცვილი, ღვთისმოსავია, როგორც ანგელოზი. ყურადღებიანი და მზრუნველია, როგორც მზე.
შენც, დაო, დაანებე თავი რჩევებს. გაჩუმდი და ნუ აღიზიანებ მას. ახლა იგი გაცეცხლებულია. დაიწყე ლოცვა მისთვის და თქვი: „მოწყალეო უფალო, ამოუცნობნი და გამოუკვლევადნი არიან გზანი შენნი. რამეთუ ძალგიძს, განკურნე სული ძმისა ჩემისა, თუნდაც მძიმე ავადმყოფობით და ტანჯვით. გევედრები შენ.“
კიდევ, აირჩიე ერთი დღე და ძმისთვის იმარხულე, გაეცი მოწყალება მის სახელზე. უფალი თავის დროზე და თავისი ნებით მიანიჭებს მას სულის სიკეთეს და დაგიბრუნებს ჯანმრთელსა და გონიერს, საკვირველად გადმოღვრის შენს გულში სახარებისეულ სიტყვებს: „აი, ძმა შენი, მკვდარ იყო და აღსდგა“ (შეად. ლუკა 15,32). ჭეშმარიტად, უდიდესია შენი სიყვარული დაო, და მსხვერპლი შენი არ დარჩება ჯილდოს გარეშე.
მშვიდობა შენდა და შეწევნა უფლისა.
„მისიონერული წერილები“ (წერილი 36), თბილისი, 2005 წ.