კითხულობ, საშიშია თუ არა ცოდვილი ზრახვანი. შენ ბერი ხარ და შენთვის ეს კარგადაა ცნობილი. იცი, რასაც წმიდა მამები გვასწავლიდნენ: ბერობის არსი - გონების ბოროტ ზრახვათაგან განწმენდაშია. იცი, რომ ეკლესია ცოდვათა სამ სახეს ასახელებს: საქმით, სიტყვით, განზრახვით. ამიტომაც ვლოცულობთ მამა ღმერთის მიმართ გარდაცვლილთა გამო, რათა შეენდოთ მათ ყველა ცოდვანი, იქნება ეს სიტყვით, საქმით თუ განზრახვით. იმის შესახებ, რომ უფალი ამხელს ცოდვილ ზრახვებს, სახარებაში კითხულობ: „იცოდა იესუ ზრახვანი მათნი და ჰრქუა მათ: რაჲსა თქუენ ბოროტსა ჰზრახავთ გულთა შინა თქუენთა?“ (მათე 9,4) სატანას სხვა არაფრით შეუცოდავს, თუ არა - ქედმაღლობის ცოდვით, რისთვისაც უფლისაგან ჯოჯოხეთში იქნა დანარცხებული.
ბოროტი ზრახვანი - თელსია ყოველგვარი ბოროტებისა. ამ თესლიდან აღმოცენდებიან ცოდვილი სიტყვები, ცოდვილი სურვილები, ცოდვილი საქმეები. გაიხსენე ქრისტეს იგავი მთესველის შესახებ: კაცმა დათესა კეთილი თესლი თავის მინდორში, ხოლო როცა ყველამ დაიძინა, მოვიდა მტერი და დასთესა ღვარძლი ხორბალს შორის (შეად. მათე 13,24). უფალი თითოეული ადამიანის გულში კეთილ ზრახვებს თესავს, მაგრამ, თუკი ადამიანი არ ფხიზლობს საკუთარი სულისათვის, როგორც დათესილი ყანისათვის, მაშინ იგი ჩაძინებული ადამიანის მსგავსია. და ვიდრე მას სძინავს, მოდის უფლისა და ადამიანის მტერი, ბოროტი სული და სთესს სულში ღვარძლს. ე.ი. - ბოროტ ზრახვებს. ბოროტი ფიქრებიდან ბოროტ სიტყვებამდე და საქმეებამდე ისევე მცირე მანძილია, როგორც მცენარის თესლდან - ფესვამდე. შესაბამისად, ყველაფერი ორგანულად დაკავშირებულია. ამიტომაც, იყავ სადარაჯოზე. ხშირად დახუჭე თვალები და როგორც წმინდა ნიკიტა იტყოდა, „განიცადე ფიქრთა ზღვაში მცურავი ზრახვანი“. ერთ-ერთი მთავარი სავარჯიშო ბერული ცხოვრებისა - ბოროტ ზრახვათა ამოძირკვაა, ვიდრე ისინი არ განვითარებულან, გაზრდილან, მთლიანად არ დაუფლებიან სულს და საქმეებად არ ქცეულან. დაანარცხე ისინი ქვებზე, როგორც მეფსალმუნე წერს: „ასულო ბაბილოვნისაო, უბადრუკო, ნეტარ არს, რომელმან მიგაგოს შენ მისაგებელი შენი, რომელ შენ მომაგე ჩუენ! ნეტარ არს, რომელმან შეიპყრნეს შვილნი შენნი და შეახეთქნეს კლდესა“ (ფს. 136,8-9) გასაგებია შენთვის სულიერი აზრი ამ სიტყვებისა?! ბაბილონი - ეშმაკის სამეფოა, ხოლო ჩვილნი - მისი ბოროტი ზრახვანი. ქვა ქრისტეა. ნეტარია იგი, ვინც სულში მყოფ ბოროტებას ჩანასახშივე დაანარცხებს მარადიულ ქვაზე - ქრისტეზე. თუკი ჩვენ ვიცით ეს, მაშინ სხვა არა დაგვრჩენია, გარდა იმისა, რომ შევასრულოთ იგი.
გიხაროდეს უფლის მიმართ.
„მისიონერული წერილები“ (წერილი 39), თბილისი, 2005 წ.