შენს წერილში მრავალი მწარე სიმართლეა, მაგრამ სასოს ნუ წარიკვეთ, უიმედობა - მზითევია, რომელსაც ურწმუნოები იღებენ სიკვდილთან ქორწინებისას.
ქრისტეს ეკლესიას უფრე მძიმე დროც დადგომია, მაგრამ მეომრები სულით არ დაცემულან და ბრძოლა არ წაუგიათ. წაიკითხე წმიდა ბასილი დიდი, რა ხდებოდა მაშინ ეკლესიასა და ქვეყნის ზურგზე - უკუნი ღამე მღელვარე ზღვაში. თითქოს მოახლოებულა სამყაროს დასასრული და უფლის სამსჯავროს დრო დამდგარა. და აი, ჩაიქროლეს საუკუნეებმა, უფლის რწმენა არა მარტო არ ჩაქრა, არამედ გავრცელდა მთელს დედამიწაზე და ქვეყნიერების ყოველი კუნჭული გაანათა. თუმცაღა მისი ნათელი ყველას თანაბრად არ მოეფინება, სხივები მისი მაინც ყველგან აღწევენ, ზოგგან პირდაპირ და ზოგგანაც - ირიბად.
რამდენიმე დღის წინ ჩემთან გახლდათ პროფესორი მანინგი ნიუ-იორკიდან. მდიდარი სულის ადამიანი, აღსავსე ერთდროულად საერო ცოდნითა და რელიგიური რწმენით. მე ვკითხე მას ამერიკელი სტუდენტების რწმენის შესახებ.
- მე ვიცი, - თქვა მან, - ქრისტეს რჯული დაუმარცხებელი ძალაა. ისევე, როგორც ვერცხლისწყალი - ბარომეტრში, ის იკლებს და იმატეს, მაგრამ არ სუსტდება. წვრილფეხა და უვიცი ადამიანები მწარედ ცდებიან, როცა ქრისტიანობას დაღუპვას უწინასწარმეტყველებენ.
ასი წლის წინათ, როცა საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისადმი ინტერესმა გაიღვიძა, ქალაქ „P“-ს უნივერსიტეტის ღვთისმეტყველების ფაკულტეტზე მხოლოდ ხუთი სტუდენტი სწავლობდა. მხოლოდ ხუთი! და მაშინ, როცა ისინი გამოცდებს აბარებდნენ, თანატოლები დაცინვით ეუბნებოდნენ მათ: „ნუთუ თქვენთვის გაუგებარია, რომ რელიგიამ თავისი დრო მოჭამა?“ დღეს კი, ასი წლის შემდეგ, იმავე უნივერსიტეტში რამდენიმე ასეული სტუდენტი-ღვთისმეტყველია.
ასე საუბრობს ამერიკელი ამერიკელების შესახებ. შენ კი - სერბმა, შეხედე, რამდენი ღვთისმეტყველია მარტო ერთ სემიანრიაში?! - ორასზე მეტი. რამ მოგიყვანათ თქვენ სასულიერო სასწავლებელში - თქვენი მშობლების ურწმუნოებამ, თუ თქვენმა რწმენამ? ეჭვგარეშეა - რწმენამ.
და ის, რომ ზოგიერთი ქრისტიანი რჯულს განუდგა, ვისი უბედურებაა, თუ არა მათივე საკუთარი, განა მათი ურწმუნოება ცვლის ქრისტეს რჯულს?! (იხ. გალატ. 5,4-5: ტიმ. 6,10,21). ამ კითხვას სვამდა უფლის მოციქული ქრისტიანობის გარიჟრაჟზე ცხრამეტი ასეული წლის წინ. განვლილმა საუკუნეებმა დაამტკიცეს მისი სიტყვების ჭეშმარიტება. შეხედე შენც ასე ქრისტიანობის მომავალს. შეეცადე, დაწერო ნაშრომი ეკლესიის შესახებ, სათაურით: „ქრისტეს ტრიუმფალური ეტლი“.
შენი მწუხარება ზოგიერთების ურწმუნოებაზე აშკარას ხდის სიყვარულს შენსას უფლისადმი. თვითონაც იცი, რომ მწუხარება ერთ-ერთი ყველაზე უფრო ხშირი გამოვლინებაა სიყვარულისა.
მაგრამ იფრთხილე, რომ არ შეიძულო ურწმუნონი. ეს შენთვისაც დამღუპველი იქნება და არც მათ მოუტანს რამენაირ სარგებელს.
შეხედე მათ ისეთივე სიბრალულით, როგორც - მოგზაურებს, გაძარცვულთ შარაგზის ყაჩაღების მიერ. იყავი გულმოწყალე მათ მიმართ ისევე, როგორც უპოვართა და უსახლკაროთა მიმართ. ევედრე ღმერთს მათთვის და გახდი მისიონერი. დაე, უპირველესი წესი შენს მისიონერულ საქმიანობაში იყოს ლოცვა რწმენიდან განდგომილთათვის.
დაე, წყალობა უფლისა იყოს შენთან!
„მისიონერული წერილები“ (წერილი 4), თბილისი, 2005 წ.