პოლიტიკის მოლიპულ გზაზე, რომელზეც აღმოჩნდით, თქვენი პროტესტი ქრისტიანული სწავლების წინააღმდეგ - წმინდა სამებასთან დაკავშირებით ოდნავადაც არ მაკვირვებს. თქვენი უნიატური სექტა დაფუძნებულია არა ჭეშმარიტებისაკენ სწრაფვაზე, არამედ მსოფლიოში ყველა რელიგოს გათანაბრებაზე. მაგრამ, რაოდენ ძნელია გაუთანაბრო მთა დაბლობს, თქვენ კი მთაზე ბრაზობთ! რამეთუ თქვენ, რა თქრა უნდა, შეცდომით გეჩვენებათ, რომ უფრო მაცხოვნებელია მთის მიტოვება, ვიდრე - დაბლობის ამაღლება. ამასთანავე ამტკიცებთ, რომ თქვენი სექტა ქრისტიანულია.
თუ გწამთ ქრისტე, მაშინ როგორღა შეგიძლიათ, გაათანაბროთ და გააიგივოთ ჭეშმარიტება სიცრუესთან? ნუთუ ქრისტემ ამგვარი გზა გიჩვენათ? განა იგი ათანაბრებდა თავის სწავლებას რომაულ კერპთაყვანისმცემლობასთან, აფრიკულ ფეტიშიზმთან, ინდურ ნიჰილიზმთან და მომაკვდავ იუდაურ ფარისევლობასთან? რა თქმა უნდა, არა. ქრისტეს მოციქულიც თქვენს წინააღმდეგაა აღმდგარი, როცა ამბობს: „ნუ იქმნებით თანა-მეუღლე ურწმუნოთა, რამეთუ რაჲ მოყუსება არს სიმართლისა და უშჯულოებისა? ანუ რაჲ ზიარებაჲ არს ნათლისა და ბნელისა? ანუ რაჲ შეტყუება არს ქრისტესი ბელიარის თანა? ანუ რაჲ ნაწილ უც მორწმუნესა ურწმუნოჲსა თანა?“ (2 კორ. 6,14-15) იცოდეთ, სოფელი ჯვარს არ აცვამს მას, ვინც ჭეშმარიტებას სიცრუესთან არიგებს, სინათლეს წყვდიადთან და სიკეთეს კი - ბოროტებასთან. სოფელმა ჯვარს აცვა ქრისტე, რადგან იგი არ ათანაბრებდა და არ რევდა ერთიმეორეში სიცრუესა და ჭეშმარიტებას, არ კამათობდა ჭეშმარიტებასთან დაკავშირებით. შესაბამისად, აშკარაა, რომ თქვენ არ გწამთ ქრისტე.
შეეცადეთ, რომელიმე ჩვეულებრივ მეცნიერებაში შეარიგოთ და გაათანაბროთ ჭეშმარიტება ნახევრადჭეშმარიტებასთან და დაინახავთ, როგორ წინააღმდეგობას მიიღებთ. ვთქვათ, ელექტრონათურის სინათლეს ათანაბრებთ სანთლის სინათლესთან, ანდა დედამიწის სიმრგვალეს სიბრტყესთან. ან ჩვეულებრივი ცხოვრებისეული მაგალითი: ვთქვათ, დაობს ორი ადამიანი, ერთი - კარგი მხედველობით ამბობს, რომ მაღლა, ცაში სამი არწივი დაინახა, ხოლო მეორე სუსტი თვალებით, ამბობს, რომ არ დაუნახავს არცერთი. თუკი თქვენ გონიერი ადამიანი ბრძანდებით, გამოცდით თვითოეულ მათგანს და დაუჯერებთ მას, ვინც კარგად ხედავს, მაგრამ ვინაიდან თქვენი სექტისათვის მთავარია არა ჭეშმარიტება, არამედ - თანასწორობა, თქვენ ამ ორს ეტყოდით: „მე არ მცალია ზევით საცქერლად და თქვენს გამოსაცდელად, უკეთესი იქნება, შერიგდეთ და შეთანხმდეთ იმაში, რომ ორივემ ზეცაში ერთი არწივი ნახეთ“. ასეთია თქვენი გზა, თქვენი სწავლება, თქვენი პოლიტიკა. ხალხი არ გაჰყვა თქვენს სექტას, როგორც ამას მისი შემქმნელები იმედოვნებდნენ. თქვენ მცირერიცხოვან და ნაკლებადცნობილ სექტად რჩებით ქრისტიანულ სამყაროში, ვით ფრიალო კლდე ზღვაში. რატომ? იმიტომ რომ, რაკიღა ადამიანები ისწრაფვიან მშვიდობისაკენ, კიდევ უფრო მეტად ისწრაფვიან ჭეშმარიტებისაკენ. ხოლო ჭეშმარიტება ერთი სამპიროვანი ღმერთის შესახებ, უფლის ძის, იესო ქრისტეს მიერ განეცხადა ქვეყანას. სამი სახე ნიღბის გარეშე. სამი სახე - ერთი არსებაა. ამ მშვენიერი და ამაღლებული რეალობის გათანაბრება უხეშ და მდაბალ აჩრდილებთან შეუძლებელია.
დაე გაგანათოთ ჭეშმარიტების სულმა.
„მისიონერული წერილები“ (წერილი 45), თბილისი, 2005 წ.