შენ კითხულობ, თუ რატომ გადიან ქალები ბრწყინვალე შვიდეულის შემდგომ ყოველ ორშაბათს (სერბული ტრადიციის მიხედვით - მთარგმნ. შენიშვნა.) სასაფლაოზე. იმისთვის, რათა ძველი, მშვენიერი, ღრმა აზრით აღსავსე ჩვეულება შეინარჩუნონ. ქრისტეს მკვდრეთით აღდგომის რვადღიანი განდიდების შემდგომ, ქრისტიანი ქალები მეცხრე დღეს თავიანთი ახლობლების საფლავებზე მიდიან, რათა მოიხსენიონ ისინი ლოცვებში, მათთან ერთად გაიზიარონ მაცხოვრის აღდგომის სიხარული და აკურთხონ საფლავები. თავდაპირველად სულის მოსახსენებელი ლოცვები იკითხება. ამგვარად გამოვხატავთ ჩვენთვის ძვირფასი და საყვარელი ხალხისადმი სიყვარულს, რომლებიც სხეულებრივად და დროებით ჩვენგან განშორებულები არიან. იცოდე: ჭეშმარიტად მას უყვარხარ, ვინც ფარულად ლოცულობს და შესთხოვს ღმერთს შენთვის. ლოცვის შემდგომ სტეხენ სააღდგომო კვერცხს და შესძახებენ: -„ქრისტაღსდგა!“ ამ სასიხარულო შეძახილით ულოცავენ გარდაცვლილებს, განუცხადებენ მათ, რომ მოვა მკვდრეთით აღდგომის დღე. დასასრულ ასუფთავებენ საფლავს გასული წლის ბალახისაგან და რგავენ ახალს. ეს გამოხატავს ჩვენს იმედს, რომ საყოველთაო აღდგომის დღეს გარდაცვლილთა გახრწნილი სხეული ახალ ზეციურ სხელად გარდაისახება. რამეთუ ქრისტეს აღდგომის მოწამის ჭეშმარიტი რწმუნებით (იხ. გამოცხ. 1,5; 3,14) არსებობენ: „ხორცნი იგი ზეცისათანი და ხორცნი იგი ქუეყანისათანი“ (1კორ. 15,40) და კიდევ: ამ ხრწნად სხეულებს უხრწნელი სხეულით აღჭურვა მართებთ, ხოლო მოკვდავთ - უკვდავით (იხ. 1კორ. 15,53-54).
როდესაც ქრისტიანი ქალები ყოველივე ამას შეასრულებენ, ისინი კიდევ ერთხელ ილოცებენ უფლისადმი, ქედს მოიდრეკენ პირით აღმოსავლეთისაკენ და სტოვებენ საფლავებს.
ასე რომ, ლოცვით ისინი გამოხატავენ სიყვარულს, წითელი კვერცხითა და მილოცვით - აღდგომის რწმენას, ხოლო გაზაფხულის ახალი ბალახით - იმედს. სიყვარული, რწმენა, იმედი, და კვლავ სიყვარული. აი, რაში მდგომარეობს მოსახსენებელი ორშაბათის აზრი და სიმბოლიკა.
შემდეგ შენ კითხულობ, რატომ მიდიან ამ დღეს საფლავზე მხოლოდ ქალები - მამაკაცების გარეშე, როგორც სხვა, ე.წ. „სულის“ დღეებში. ამ ორშაბათით იწყება მენელსაცხებლე დედების კვირა, ხოლო მენელსაცხებელნი მოვიდნენ საცხედრესთან და პირველებმა განუცხადეს ხალხს ქრისტეს აღდგომის შესახებ. ნეტარ არიან დედანი, დანი და ქვრივნი თავიანთი სიყვარულით - გარდაცვლილთა მიმართ - მენელსაცხებლე დედათა მსგავსად! გარდაცვლილები გრძნობენ ჩვენს ყოფნას თავიანთ საფლავებზე, გრძნობენ - და მერე როგორ გრძნობენ! - ჩვენს ლოცვებსა და მსხვერპლშეწირვას მათდამი, ჩვენს სიყვარულს მათდამი. და ჩვენ, მე და შენ, მალე ვიგრძნობთ ამას, საფლავის მეორე მხარეს, და მადლიერნი ვიქნებით მათი, ვისაც ვახსოვართ და ჩვენთვის ევედრება უფალს.
ძმაო ჩემო, ადამიანური სიტყვები უძლურია გამოხატოს სიკვდილისა და სიცოცხლის საიდუმლო, საოცარი და საშინელი საიდუმლო, რომლის შესახებაც ანგელოზნი ეჩურჩულებიან გარდაცვლილთ! როგორ ეხმრებიან ქრისტიანული ჩვეულებანი ჩვენს სიტყვებს - ჩვეულებანი მშვენიერნი და აღსავსენი ღრმა აზრით - შეეწევიან ჩვენს უძლურ სიტყვებს!
ჯანმრთელობა და დალოცვა შენ უფლისაგან.
„მისიონერული წერილები“ (წერილი 46), თბილისი, 2005 წ.