თქვენ კითხულობთ, რატომ ეწინააღმდეგება მართლმადიდებელი ეკლესია მიცვალებულთა კრემაციას. პირველ რიგში იმიტომ, რომ ამას ძალადობად თვლის. სერბებს დღემდე ჟრუანტელი უვლით სინან-ფაშას დანაშაულის გახსენებისას, რომელმაც დაწვა წმიდა საბას ნაწილები ვრაჩარში. განა წვავენ ადამიანები მკვდარ ცხენებს, ძაღლებს ან კატებს? მე ამგვარი რამ არ მსმენია, მაგრამ მინახავს და მსმენია, რომ მათ მიწაში მარხავენ. მაშ, რაღად ხორციელდება ძალადობა ადამიანის მკვდარ სხეულზე, ყველა მიწიერი ცხოველის ბატონზე? განა მკვდარი ცხოველების დაწვა, განსაკუთრებით დიდ ქალაქებში, უფრო გამართლებული არ იქნებოდა, ვიდრე - ადამიანებისა?
მეორეც, ეს წარმართული, ბარბაროსული ჩვეულება ქრისტიანული კულტურის მიერ ევროპიდან თითქმის ორი ათასი წლის წინ განიდევნა. ვისაც მისი აღორძინება სურს, იგი დიდი ხნის წინ აღმოფხვრილი წარმართული წესის აღდგენას ცდილობს. ინგლისში, რომელსაც უკულტურო ქვეყანას ვერ ვუწოდებთ, ნეოწარმართობის ეს სახე ფრიად არაპოპულარულია. მე ერთ ისტორიას მოგითხრობთ:
ომის დროს ერთი ცნობილი სერბი ჭკუიდან გადაცდა და სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე მოითხოვა სიკვდილის შემდეგ მისთვის კრემაციის ჩატარება. დათქმულ დღეს ჩვენი მცირე სერბული კოლონია კრემატორიუმთან შეიკრიბა, გოლდერს გრინზე. როდესაც განსვენებულის ნეშტი ღუმელში მოათავსეს, ამის დანახვაზე შიშით შეგვაჟრჟოლა. მოსაცდელად ღუმელის მეორე მხარეს მიგვიპატიჟეს: „საათის მეოთხედი ფერფლს დავლოდებოდით“, მივუახლოვდით, რათა ერთ პეშვ ფერფლად ქცეულ ჩვენს თანამემამულეს შევხვედროდით. საათზე მეტ ხანს ლოდინის შემდეგ, გაოცებულნი იმით, რომ ცეცხლი ამდენს წვალობს ჩვენს მიცვალებულთან, თანამშრომელს შევეკითხეთ, თუ რაში იყო საქმე. მან მოგვიბოდიშა და გვითხრა, რომ ღუმელი სრულიად ცივია, „რადგან ყოველდღე არ გამოიყენება, იშვიათად თუ ვინმე მოისურვებს ნებაყოფლობით დაწვას“. ამის შემდგომ დავიშალეთ, რადგან ძალა აღარ შეგვწევდა ჩვენი ძმის ტანჯვის დასასრულს დავლოდებოდით. და იქნებ არც იცით, რომ ლონდონში ყოველდღიურად ათასზე მეტი ადამიანი კვდება. ამერიკაში მე ვნახე პრეზიდენტების საფლავები: უილიამსის, რუზველტის, ლინკოლნის და სხვა გამოჩენილი ადამიანებისა. არც ერთი მათგანი კრემირებული არ გახლდათ. მით უფრო გამაოცა იმან, რომ წმიდა საბას შთამომავალთა შორის სინან-ფაშას თანამოაზრენი არიან.
ერთი სპარსი ადვოკატი მიამბობდა მიცვალებულებისადმი თავიანთი „ყველაზე გონივრული დამოკიდებულების“ შესახებ. ისინი, ანუ სპარსი ცეცხლთაყვანისმცემლები, თუმცაღა ცეცხლს, როგორც ღვთაებას ეთაყვანებიან, არ წვავენ თავიანთ მიცვალებულებს, არამედ მიწაზე სტოვებენ ფრინველთა საჯიჯგნად. მათი სასაფლაო მაღალი კედლებითაა გარშემორტყმული, რომლებზეც მოლოდინში არწივთა გუნდები სთვლემენ. მესაფლავეებს სასაფლაოზე ტილოთი დაფარული შიშველი მიცვალებული შემოაქვთ, მიწაზე დებენ და სასწრაფოდ შორდებიან იქაურობას. მაშინ არწივები მარდად შეუდგებიან საქმეს და რამოდენიმე საათის შემდეგ გარდაცვლილის სხეულიდან შიშველი ძვლები რჩება, რომელთაც უკვე აღარავინ მარხავს სპარსული ლოგიკა ამგვარად განმარტავს: „სიცოცხლეში ჩვენ ცხოველებით ვიკვებებოდით, სამართლიანი იქნება თუკი მათ ჩვენით დავაპურებთ“. მე გაკვირვებული გახლდით ამგვარი მსჯელობით, თუმცა-ღა უნდა ვაღიარო, რომ ის დაწვის მომხრეთა მსჯელობებს არაფრად ჩამოუვარდება.
მაგრამ რაღად შევქმნათ უკვე გადაჭრილი პრობლემიდან ახალი პრობლემა? თუკი უსარგებლო კითხვებით თავს დავიტვირთავთ, მაშინ ერთხელაც გაგვიჩნდება კითხვა, ხომ არ მოგვეკლა მოხუცებული ადამიანი, როგორც ამას პრიმიტული ტომები აკეთებენ, და შეგვექმნა საზოგადოება, რომელიც პროპაგანდას გაუწევდა ამ „იდეას“?!
დაბოლოს, დაიწყებს კი გონიერი ადამიანი სასაფლაოების წინააღმდეგ ბრძოლას ამ მიწაზე, სადაც სასაფლაო ეროვნულ სიამაყესა და შთაგონების წყაროს წარმოადგენს, და თუ გნებავთ - სახელმწიფოს პასპორტსაც?
მშვიდობა თქვენდა და ჯანმრთელობა უფლისაგან.
„მისიონერული წერილები“ (წერილი 48, თბილისი, 2005 წ.