შენ გაწუხებს კითხვა, რითი გამოიკვებებიან ადამიანები, როცა ისინი მთელ ქვეყნიერებას შეავსებენ. უცნაური და ზედმეტია ეს წუხილი. განა ამ საზრუნავის შესახებ გვასწავლიდა უფალი ჩვენი იესო ქრისტე? პირიქით, მან ამ საზრუნავისაგან გაგვათავისუფლა. მან გვიქადაგა, რომ ხვალინდელ დღეზეც კი არ გვეზრუნა, მით უმეტეს - მომავალ ასწლეულებზე. ნუ სწუხართ ხვალინდელ დღეზე, რადგანაც იგი თვით იზრუნებს თქვენზე (იხ. მათ. 6,25-34). რა თქმა უნდა, ის ვინც ღმერთს ივიწყებს, ღვთის საზრუნავს საკუთარ თავზე ტვირთულობს. მაგრამ ადამიანთა უძლურ ბუნებას არ ძალუძს უფლის ამ საზრუნავთა ზიდვა. ცნობილია თქვენთვის ბერძნული ლეგენდა ატლანტის შესახებ, რომელიც აღსდგა ღმერთებს წინააღმდეგ და სურდა, დედამიწა მხრებით ეტარებინა, მაგრამ როდესაც დედამიწის სიმძიმემ ლამის გასრისა, მოინანია და დედამიწა ღმერთებს დაუბრუნა?! გსურთ კი თქვენ ახალ ატლანტად იქცეთ, გაიმეორებთ ძველი გმირის შეცდომას?!
საიდან მოიტანეთ თქვენი შიში, იმის თაობაზე, რომ ადამიანთა მოდგმა ოდესმე ისე გამრავლდება, დედამიწა მის გამოკვებას ვეღარ შესძლებს? ასეთი რამ ახლავე შეიძლება მომხდარიყო, შეიძლება მომხდარიყო არაერთხელ სამყაროს შექმნის დღიდან, უფალს რომ სამყაროზე არ ეზრუნა. თუკი თქვენ ასე გჯერათ საკუთარი გამოთვლებისა და კალკულატორის, გამოითვალეთ და დარწმუნდებით, რომ უკვე ადამის დროიდან პირველ ეგვიპტელ ფარაონებამდე ადამიანებს შეეძლოთ დედამიწის ავსება, ისევე როგორც კალიას - მინდვრისა. უკვე მაშინ ადამიანებს შეეძლოთ, ჩვენი პლანეტის ყველა კუნძულსა და მიწაზე დასახლებულიყვნენ. მაგრამ ეს არ მოხდა. ეს იმას მოწმობს, რომ სამყარო იმ ლოგიკით ვითარდება, რომელიც არც ჩვენს გათვლებს ემორჩილება, არც ჩვენს კალკულატორებს. თქვენ თვითონ ამბობთ, ბრაზილიის მოსახლეობა ასე სწრაფად რომ არ იზრდებოდეს, იგი მთელი ევროპისა და ამერიკის გამოკვებას შესძლებდა. მაგრამ ამას დაუმატეთ, რა მოხდებოდა, თუკი მოსახლეობა მასში იმდენად გაიზრდებოდა, რომ უკვე აღარ დარჩებოდა მარცვლეული ექსპორტისათვის?
გაკვირვებას იწვევს თქვენი ზრუნვა, ვინ დაგაჯილდოვებთ იმისთვის, თუკი ბრაზილიის, ევროპისა და ამერიკის ხალხები ისე არ გამრავლდებიან, როგორც თქვენ გგონიათ? მე სხვა რამ მაღელვებს: ვინ მოგაგებთ ჯილდოს თქვენ ზრუნვისათვის იმის გამო, რაც შეიძლება ასი წლის შემდეგ მოხდეს და როგორც სჩანს, არც მოხდება? განა ადამიანთა რაოდენობის გადამეტებით შიმშილობა დაწყებულა? განა ბიბლიაში არ წაგიკითხავთ შვიდი მოუსავლიანი წლის შესახებ - წმიდა იოსების ჟამს? (იხ. დაბ. 1,53-57). შიმშილობა მოუსავლიანობისაგან დადგა, და არა გადამეტებული მოსახლეობისაგან. ხოლო მოუსავლიანობა ეგვიპტეს მან დაატეხა, ვის ხელშიც არის ძალაუფლება მიცემის ან არ მიცემის - ადამიანთა სიწმინდიდან ან უწმინდურებიდან გამომდინარე. შიმშილობა იყო პალესტინაშიც პატრიარქ იაკობის დროს, მაგრამ ისევ არა მოსახლეობის გაზრდის მიზეზით, რადგანაც იაკობი თავის შვილებთან ერთად ნახევარ პალესტინას ფლობდა.
ამიტომ დამშვიდდით და ნუ იტანჯავთ თავს იმათ პურზე ზრუნვით, ვინც ჯერ არ დაბადებულა. თუკი თქვენ ხალხის მომავალ ბედზე წუხილი გსურთ, მაშინ იფიქრეთ და იღელვეთ იმის შესახებ, თუ როგორი იქნება თვით ხალხი, და არა იმაზე, რისი მქონენი ან არმქონენი იქნებიან. გარწმუნებთ, რომ თუკი თქვენი შთამომავლები უპირველეს ყოვლისა უფლის სასუფეველსა და მის ჭეშმარიტებას დაუწყებენ ძებნას, ერთი დღითაც არ დარჩებიან პურის გარეშე, თუნდ იყვნენ უმრავლესნი ზღვის ქვიშისა.
მშვიდობა თქვენ და სალამი.
„მისიონერული წერილები“ (წერილი 58), თბილისი, 2005 წ.