განა სერბები არ სცემენ თაყვანს? ბერძნები, ბულგარელები, რუმინელები? ყველაზე მეტი ეკლესია-მონასტერი, სერბ მეფეთა და თავადთა მიერ აშენებულნი ღვთისმშობლისადმია მიძღვნილი და მისი სახელობისაა. ხილანდარი გახლავთ მაგალითი მრავალი ეკლესია-მონასტრისათვის და ძვირფასი მარგალიტი მათ შორის, ადიდებს ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანებას. წმინდა საბამ ხილანდარი მას მიუძღვნა. ყოფილხარ ზღვისპირა სავანეში (მონასტერი ჩერნაგორის სანაპიროზე) და გიხილავს ხატი ყოვლადწმინდა ქალწულისა - შემკული მთლიანად ოქროს სამკაულებით, საყურეებითა და საკიდრებით? - ამდენი და ასეთი ძვირფასი ჯილდო არ გაეგონა არც ერთ ვოევოდას! ეს გახლავთ განსაკუთრებული აღიარება, იმისათვის, რომ იგი იბრძვის ბოროტების წინააღმდეგ მთელს მსოფლიოში და ამარცხებს მას. ამგვარად ზღვისპირეთის მცხოვრებნი რთავდნენ ღვთისმშობელს, მათ მცველს ზღვის ვერაგი მორევისაგან. ყოფილხარ შენ - სერბეთის ასული ჩაინიჩში, რომელიც სხვა არაფრითაა ცნობილი - ღვთისმშობლის სახელის გარდა? მისი სასწაულთმოქმედი ხატი, რომელიც ჩაინიჩშია, განთქმულია მთელს ბოსნია-ჰერცოგოვინასა და შორეულ ქვეყნებში. ნეტავ გენახა თაყვანისცემა და აღტაცება, მონანიე ამოოხვრა და სამადლობელი განდიდება ღვთისმშობლისა - ჩაინიჩის ხატის წინაშე - ათასობით მომლოცველის მიერ! ნეტავ გსმენოდა საოცარი ამბები იმ საჩუქრებისა და წყალობათა შესახებ, რომელთაც იგი ადამიანებს უგზავნის! მაგრამ მსგავს ამბებს შენ პეჩშიც გაიგონებ, ოხრიდშიც, პროლეშიც - მთელს ბალკანეთში, ზღვიდან ზღვამდე. განა სხვა ლოცვებზე ხშირად არ ვამბობთ „უფალო შეგვიწყალენ“ და „ღვთისმშობელო ქალწულო“, ღვთისმშობლისადმი თაყვანისცემა ხალხის სახელოვან წარმომადგენელთა სულებში ცოცხლობდა. როდესაც კვდებოდა ჩვენი უდიდესი პოეტი მეუფე რადე, მან ითხოვა, რომ მასთან ცეტინის მონასტრიდან ყოვლადწმინღა ღვთისშობლის ხატი მიებრძანებინათ. ატირდა მის წინაშე. ემთხვია მას და წამოიძახა: „ყოვლადწმინდაო ღვთისმშობელო, მაცხოვნე მე!“.
ხოლო იმას, რომ ჩვენი რუსი ძმები განსაკუთრებით ეთაყვანებიან ღვთისმშობელს, ვფიქრობ განსაკუთრებული მიზეზები აქვს - ჩვენთან საერთო მიზეზებთან ერთად, კერძოდ: რუსებს მრავალგზის მიუღიათ მისგან დახმარება. ყველაზე საბედისწერო სახელმწიფო და საეკლესიო მოვლენათა ჟამს, როდესაც წარმართმა რუსმა თავადებმა ასკალდმა და დირმა ცარგრადზე ილაშქრეს. მათ არა მარტო ვერ შესძლეს მისი აოხრება, არამედ მოინათლნენ კიდეც. ცარგრადელი ქრისტიანები ქალაქის გადარჩენისათვის ლოცულობდნენ, პატრიარქმა ფოტიმ გამოასვენა ღვთისმშობლის ხატი და ხალხის პროცესია ჯვართან და ხატთან ერთად ზღვისკენ დაიძრა. უცებ ზღვა აღელდა და ჩაძირა ყველა რუსული ხომალდი. ასკალდმა და დირმა ძლივს მიაღწიეს ნაპირს, ღელვის და თავიანთი გადარჩენის მიზეზი შეიტყვეს, მოინათლნენ და რუსეთს ქრისტიანები დაუბრუნდნენ. როდესაც რუსული ქრისტიანობის აკვანი კიევ-პეჩორის ლავრა იგებოდა, ღვთისმშობელმა საოცარი შემწეობა გამოავლინა მშენებლობისა და ხატთა დაწერის ჟამს.
ვლადიმირის ღვთისმშობლის ხატი წელიწადში სამგზის იდიდება. სამი დღესასწაულია მიძღვნილი მისადმი, ნიშნად სამი უდიდესი გამარჯვებისა. რუსეთის თათართაგან საბოლოოდ განთავისუფლებისას მეფე ივანე მესამე ვლადიმირის ხატთან ერთად დაიძრა მტრის შესახვედრად. მდინარე უგრზე რამოდენიმე თვის მანძილზე იდგნენ ერთმანეთის პირისპირ ჯარები. უბრალოდ იდგნენ, ბრძოლის გარეშე. ბოლოს, როდესაც რუსებმა ხატი მაღლა აღმართეს და ღვთისმშობლის სადიდებელი გალობა წამოიწყეს, თათრებმა პირი იბრუნეს და გაიქცნენ. რუსებმა გამარჯვებას უსისხლოდ მიაღწიეს, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მეოხებით. ეს და სხვა უდიდესი მოვლენები, რომლებშიც ღვთისმშობლის მონაწილეობა გადამწყვეტი გახლდათ, ღრმად აღიბეჭდნენ რუსი ხალხის სულში და მადლიერების გრძნობა თაობიდან თაობას გადაეცემა.
მშვიდობა შენ და წყალობა უფლისა.
„მისიონერული წერილები“ (წერილი 61), თბილისი, 2005 წ.