თქვენ მწერთ, რომ თქვენ და თქვენს სამ ქალიშვილს სრულიად გეყოფოდათ პენსია, რომელსაც იღებთ, როგორც ოფიცრის ქვრივი, მაგრამ „ყველაფერი მოდას მიაქვს“. ქალიშვილები ყურს აღარ გიგდებენ და მხოლოდ მოდის მკაცრ დიქტატს სცნობენ. რჩევები, თხოვნები, ახსნა - ყოველივე ამაოა. ყველაფერზე პასუხი ერთია „შენ არაფერი გესმის, დედა, ეს კულტურაა, განათლება, გემოვნება, რატომ უნდა ვგავდეთ სხვებს?“ და ყოველ გაზაფხულსა და შემოდგომაზე ახალ მოდურ კაბებს ითხოვენ. სახლში კი სიღარიბე სუფევს. დიდი ხანია რემონტი არ გქონია, ავეჯი დაძველდა, ჭურჭელი დაიბზარა, ლოგინის თეთრეული ძონძად იქცა. ცხოვრობთ ნახევრადმშიერნი, თუ ისადილებთ, ვახშმად აღარაფერი გაქვთ, აუცილებელისათვის ფული არ გყოფნით, მაგრამ მოდური სამოსისათვის, გამოსასვლელად უნდა იქონიოთ. ვაი რომ, მოდამ და ქუჩამ სახლში ავტორიტეტი წაგართვათ. კითხულობთ - რა ქნათ.
მაკედონიაში თქვენ ყველა ამას გეტყოდათ, ევედრეთ ღმერთს, რათა მან განწმინდოს სულნი თქვენი შვილებისა, ლოცვით ითხოვეთ განბრძნობა, დაე სასაცილოდ აგიგდონ, თქვენ კი თქვენი ილაპარაკეთ. ადრე თუ გვიან ჭეშმარიტება თავის ნაყოფს გამოიღებს. უფალს ყველაფერი ესმის და თავის დროზე იგი გაუმეორებს ქალიშვილვბს თქვენს გაკვეთილებს, მაგრამ უკვე უფრო მკაცრად. რამეთუ წმიდა წერილიცა და ჩვენი გამოცდილებაც გვიდასტურებს, რომ უფალი არაფერს ისე მკაცრად არ სჯის, როგორც მშობელთა უპატივცემულობას.
აუხსენით ქალიშვილებს, რომ მოდურ ტანსაცმელს თხოულობს არა კულტურა და განათლება, არამედ - ვაჭრობა. ისინი - ვინც იგონებენ მოდას და თავს ახვევენ მას გულუბრყვილო ხალხს, მხოლოდ და მხოლოდ ფულზე ფიქრობენ. მთელი თავიანთი სავაჭრო ხელობისას ისინი კულტურასა და განათლებაზე იმაზე მეტს არ ფიქრობენ, რამდენსაც გომბეშო ფიქრობს ვარსკვლავებზე. ესენი ჩვეულებრივი საბაზრო მტაცებლები არიან, რომლებიც მზაკვრულად გამოსტყუებენ ადამიანებს ფულს. მათ თავიანთი აგენტურა ჰყავთ - დიზაინერები, მხატვრები, ადამიანურ მისწრაფებათა გამოცდილი მცოდნენი. ფულის სანაცვლოდ ისინი ტანსაცმლის ახალ და ახალ სახეს იგონებენ, ქანცის გაწყვეტამდე მუშაობენ ახალ მოდელებზე და ქალებისათვის ისეთი ტანსაცმლის თავისმოხვევას იწყებენ, რომლებიც ზრდილობის და ზნეობის საზღვრებს გადადის. მაგრამ მათ რა საქმე აქვთ ზნეობასთან, ქალწულებრივ სიმორცხვესთან, ადამიანის სულთან, ერის სიჯანსაღესთან და დედის მიზერულ პენსიასთან? ფული და მხოლოდ ფული - აი, მოდურ ნაკეთობათა შემქმნელების, ვაჭრებისა და მათი აგენტების დევიზი.
კიდევ უთხარით თქვენს ქალიშვილებს, რომ ეს მოდით არქიმოვაჭრენი, კულტურისა და განათლების, სილამაზისა და ესთეტიკის სახელით რეკლამირებას უწევენ საკუთარ გამოგონებებს და რადგანაც მხოლოდ სარგებელზე ფიქრობენ, გულში იცინიან. ეს სიტყვები, რომლებიც ოდესღაც პატივისცემით წამოითქმებოდნენ, ახლა საქონლის გასასაღებელ ფერად სავაჭრო იარლიყად ქცეულან.
ოდესღაც ევროპის სამეფო სახლები ლამაზი ჩაცმულობის მაგალითად ითვლებოდა. ამასთანავე ისინი უპირველესყოვლისა იმაზე ზრუნავდნენ, რაც თქვენი ქალიშვილების ბაგეთაგან როგორც ამაოება ისე ისმის - კულტურაზე, სილამაზეზე და გემოვნებაზე. მაგრამ დღეს სამწუხაროდ, ყველაფერი მოდურ ტირანიას დაემორჩილა, რომელთაც მათ თავს დახლიდარები ახვევენ. ის ლამაზი ტანსაცმელი ჯერ კიდევ შესაძლებელია ზოგჯერ ზოგიერთი ღვთისმოსავი ადამიანის ტანზე ვიხილოთ. განსაკუთრებით მაკედონიასა და ჩერნოგორიაში. ერთმა ამერიკელმა ქალბატონმა, მასწავლებელმა ამას წინათ ცეტინე მოინახულა, იგი მიყვებოდა, რომ რომელიღაცა ქალთა საზოგადოებამ ის ჩაიზე მიიწვია. ჩერნოგორიელი ქალები თავიანთ ულამაზეს ეროვნულ კოსტუმებში მოვიდნენ, ხოლო ამერიკელი ქალბატონი - თავის მოდურ კაბაში. „მე ძალიან მრცხვენოდა საკუთარი თავის, როგორც ბოშა დედოფლებს შორის - ისე გამოვიყურებოდი!“ - ამბობდა იგი.
კიდევ შეგიძლიათ, თქვენს ქალიშვილებს წაუკითხოთ მოდას აყოლილ ებრაელთა მიმართ წინასწარმეტყველ ესაიას გაფრთხილება „ამათ იტყჳს უფალი მათ წილ, რომელ ამაღლდეს ასულნი სიონისანი და ვიდოდეს ქედითა მაღლითა და წამის-ყოფითა თვალთათა, და სლვასა ფერჴთასა თანამთრეველნი სამოსელთანი და ფერჴებითა თანად მომღერალნი. და დაამდაბლებს უფალი მთავრობათა ასულთა სიონისათა და უფალი გამოაცხადებს სახესა მათსა. მას დღესა შინა და მოსპობს უფალი დიდებასა შემოსილებისა მათისასა და შეწყობილებასა მათსა. და შესაკრველთა ფესუედთა და ქედისა სახუეველთა მკობილთა. და მოსაბლარდნელსა და სამკაულსა პირისა მათისასა და შეწყობასა სამკაულისა დიდებისასა და დასტანაგებსა და სალტებსა და შეთხზულებსა და ბეჭდებსა და სამარჯუნეებსა და საყურებსა და პორფირისგარეთა და საშუალთა პორფირთა და ზედასასხმელთა სასახლეთა და საჩინოთა ლაკონიკურთა. და ბისსონისათა და ჳაკინთისათა და ძოწეულთა და ბისსონსა ოქროჲსა თანა და ჳაკინთისა თანამოქსოილსა და თერისტროთა განტკეცილთა. და იყოს ნაცვლად საყნოსისა ტკბილისა მტუერი და ნაცვლად სარტყლისა საბელი მოირტყა და ნაცვლად თავისსამკაულისა ოქროანისა სიმტიერე გაქუნდეს საქმეთათჳს შენთა. და ნაცვლად შესამოსლისა შუა პორფირისასა გარემოირტყა ძაძაჲ. და ძე შენი უკეთესი, რომელი გიყვარს, მახჳლითა დაეცეს და შემძლებელნი თქვენნი მახჳლითა დაეცნენ. და დამბალბდენ და გოდებდენ...“ (ეს. 3,16-26), რომელიც დროთა განმავლობაში მთლიანად დადასტურდა.
მშვიდობა და ჯანმრთელობა თქვენ უფლისაგან.
„მისიონერული წერილები“ (წერილი 66), თბილისი, 2005 წ.