ქორწილში, კანას გალილეაში ღვინო გათავდა. როდესაც იხილა ღვთისმშობელმა გაკვირვებული სტუმრები და შერცხვენილი მასპინძელი ნახა, თანაგრძნობით აღძრულმა რჩევისა და დახმარებისათვის შვილს მიმართა, უთხრა რა მას „ღჳინოჲ არა აქუს“. შვილმა უპასუხა: „რაჲ არს ჩემდა და შენდა, დედაკაცო?“ (იოან. 2,3-4). შენ ეს სიტყვები საყვედურად მოგეჩვენა და მათ შესახებ კითხულობ.
არა, ეს საყვედური არ არის, რადგან საყვედური რომ ყოფილიყო, ღვთისმშობელი ამას იმწამსვე იგრძნობდა და დადუმდებოდა, არ წარმოთქვამდა ერთ სიტყვასაც კი. შემდგომ ამისა მან მაშინათვე უთხრა მსახურებს: „რაჲცა გრქუას თქუენ, ჰყავთ!“ (იოან. 2,5).
„რაჲ არს ჩემდა და შენდა, დედაკაცო?“ - ეს სიტყვა არის განდობისა და არა საყვედურისა. უფალს სურს, არა უსაყვედუროს, არამედ თვალი აუხილოს მას. იგი თანაგრძნობიდან გამომდინარე, სტუმრების ხორციელ და მდაბალ მოთხოვნილებებზე ფიქრობდა, ხოლო მაცხოვარი კი - უმაღლესზე, სულიერზე. მას სურდა, რომ ყველაფერი წესის და რიგის მიხედვით ყოფილიყო, რათა არავინ განაწყენებულიყო და შერცხვენილიყო, უფალს კი მიძინებულთა გამოფხიზლება და ადამიანთა სნეული სულების განკურნება სურდა. იგი ადამიანებთან ჩამოვიდა, რათა ჩვენი გაწყალებული არსება ღვინოდ გარდაექმნა, ნაცარი - ცეცხლად. ღვთისმშობელს სურდა, რომ მის შვილს ხალხისათვის სიკეთე მიეგო - ამაში გული უფლისა დედის გულს ეთანხმება, - მაგრამ მისი სიკეთე არის უდიდესი, თანაზომიერი მისი დიდებულებისა და სასარგებლო მთელი კაცობრიობისათვის ქვეყნის დასასრულებამდე. ღვინისთვის, როგორც მოხმარების საგნისთვის, შეიძლებოდა მეზობლებისათვის მიმართვა: იმ მხარეებში ღვინის ნაკლებობა არ იყო. მაგრამ მნიშვნელოვანია არა ღვინო, არამედ სასწაული. ადამიანები ღვინოს დალევენ და დაავიწყდებათ, ხოლო სასწაული კი დავიწყებას არ მიეცემა. ღვინო, როგორც ხორციელი მოთხოვნილება, მიწიერ სამეფოს განეკუთვნება, სასწაული, როგორც სულიერი მოთხოვნილება, ზეციური სამეფოს კუთვნილებაა. ღვთისმშობელმა იმ წუთებში პირველზე იზრუნა, უფალი კი მეორეზე ზრუნავდა. რადგანაც ხედავდა, რომ დედის ფიქრები მის ფიქრებს დასცილდნენ, მას მისი მდაბალი სამეფოდან უმაღლეს სამეფოში დაბრუნება სურდა, ალერსით უთხრა „რაჲ არს ჩემდა და შენდა, დედაკაცო?“. ოქროპირი ამ სიტყვებთან დაკავშირებით შემდეგს წერს: „ეს იყო არა დედის მამხილებელი სიტყვები, არამედ - სახლის აღმშენებლობითი“, ანუ - ზეციური სამეფოს აღმართვა ღვთისმშობლისა და მათ სულებში, ვინც გაიგონებს და წაიკითხავს ამ სიტყვებს. გაიხსენე რა უთხრა უფალმა მართას, ლაზარეს დას: „მართა, მართა! ზრუნავ და შფოთ ხარ მრავლისათჳს, აქა ერთისაჲ არს საჴმარ“ (ლუკ. 10, 41). და ეს არ არის საყვედურის სიტყვები, არამედ განათლებისა. ზეციური სამეფო ყველა საზრუნავზე მაღლა მდგომია, ამიტომაც ყველა ადამიანური გარჯა და ზრუნვა მის მოსახვეჭად უნდა მივმართოთ.
მაგრამ რატომ თქვა უფალმა - დედაკაცო, და არა დედაო? რათა იმ წუთსვე გაესვა ხაზი წადილთა შორის განსხვავებისათვის. რადგან, თუკი იტყოდა - დედაო, შესაძლოა, ჩვენ ამ სიტყვებისათვის ყურადღება არ მიგვექცია და ვერ შეგვემჩნია განსხვავება გულისთქმათა შორის. პეტრე მოციქულს მაცხოვარმა უფრო მკაცრი გაკვეთილი მისცა, უთხრა მას „წარვედ ჩემგან მართლუკუნ, ეშმაკო, რამეთუ არა ჰზრახავ ღმრთისასა, არამედ კაცთასა“ (მარკ. 8,33). ხოლო მისთვის რომ ეთქვა: „განვედ ჩემგან პეტრე (ანდა - ადამიანო)“, ჩვენ ვეღარ შევამჩნევდით იმ უფსკრულს, რომელიც მას უფლისაგან აშორებდა.
გაუგო თუ არა ღვთისმშობელმა შვილს იმ წამს და მიიღო თუ არა დარიგება? სრულიად! მან მაშინვე დაუტევა დარიგებანი დამრიგებელს და წარმართვანი წარმმართველს და დამჯერედ და თავმდაბლობით დაუბრუნდა თავის როლს - განუმზადოს ადამიანებს მისკენ მიმავალი გზა. ამიტომაც მიმართა მსახურებს, როდესაც უთხრა მათ „რაჲცა გრქუას თქუენ, ყავთ!“ და როდესაც მსახურებმა გააკეთეს ის, რაც მან უთხრა, ღვთისმშობელიც, სხვებთან ერთად სულიერი თრთოლვით მოელოდა სასწაულს.
ძმაო, ყური ვუგდოთ ჩვენც ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს, შევასრულოთ ყოველივე, რაც მისმა ძემ გვიქადაგა. ეს ჩვენ ძალგვიძს, ხოლო როდესაც შევასრულებთ ყოველივეს, რაც ნათქვამია, თრთოლვით ველოდოთ არნახულს, ველოდოთ სასწაულს მისგან, სასწაულს ხორციელი ადამიანის სულიერად გარდაქმნისა, მიწიერის - ზეციერად, წყლისა - ღვინოდ.
მშვიდობა შენ და სიხარული უფლისაგან.
„მისიონერული წერილები“ (წერილი 68), თბილისი, 2005 წ.