ვიცი, რაოდენ მძიმეა შენთვის: რამოდენიმე წლის წინათ ქმარი გარდაგეცვალა. მწუხარებით იყავი აღსავსე. გადაიტანე. მალე ვაჟი დაქორწინდა - სიხარული დაგიბრუნდა. განსაკუთრებით - სიყვარული. შვილიშვილი განუგეშებდა. მაგრამ ის, ვინც შენ გიყვარდა, უყვარდა უფალსაც და თავისთან წაიყვანა. ამის შემდეგ მალევე რძალი მძიმედ დაავადდა. დარდმა და მწუხარებამ იგი ჩამოახმო და შვილს გადაჰყვა. მათთან ერთად შენი ერთადერთი ვაჟიშვილიც წავიდა. შენ თავის მოწამვლა სცადე - ცოცხალი გადარჩი. თოკი მოამზადე, თავი რომ ჩამოგეღრჩო, მაგრამ მეზობლის გოგონამ ხელი შეგიშალა. თოკით ხელში რომ გნახა, გითხრა ის, რაც უფროსებისაგან გაეგონა, რომ თვითმკვლელობა - სასიკვდილო ცოდვაა, რომელიც არც ამ და არც იმქვეყნად არ ეპატიება. სიმართლე უთქვამს: ამ გოგონამ შენი სული გადაარჩინა, ჭეშმარიტად, მისი წყალობით შენ შეძლებ, იმქვენად შენი ვაჟი, რძალი, შვილიშვილი და ქმარი იხილო.
ქრისტეს ეკლესია თავიდანვე მტკიცედ აღსდგა თვითმკვლელობის, როგორც სასიკვდილო ცოდვის წინააღმდეგ. ნეტარმა ავგუსტინემ თქვა „თვითმკვლელი ადამიანს ჰკლავს“, ანუ თვითმკვლელი მკვლელს უთანაბრდება. მაგრამ აღმოსავლეთის ეკლესიაში თვითმკვლელობა უფრო მკაცრად განისჯებოდა. ალექსანდრიის პატრიარქის ტიმოთეს, მეთოთხმეტე წესის თანახმად, თვითმკვლელს წესის აგებისა და დაკრმალვის უფლება ერთმეოდა. მართლმადიდებელმა ეკლესიამ მკაცრი სასჯელი დადგინა თვითმკვლელობის მცდელობისთვისაც კი. ამისათვის თორმეტწლიანი ეპიტიმიით ისჯებოდნენ. ვიცი, შენ იტყვი, რომ ეს მეტისმეტად მკაცრია, მაგრამ ეს სიმკაცრე გულმოწყალებისგანაა შობილი. მერწმუნე, ეკლესია თვითმკვლელთა მიმართ მკაცრი - ხალხის სიყვარულიდან გამომდინარეა. რამეთუ ეკლესია საკუთარ „საცავში“ ინახავს რეალურ გამოცდილებას, რომ თვითმკვლელნი ვერ გახდებიან უკვდავი სიცოცხლისა და მარადიული წყალობის სამეფოს მემკვიდრენი. თავისი სიმკაცრით ეკლესიას სურს, იხსნას ადამიანები მარადიული დაღუპვისაგან.
წმიდა წერილში ნახსენებია ორი ადამიანი, რომელთაც საკუთარ თავს სიცოცხლე წაართვეს. პირველი - აქიტოფელი, მეფე დავითის გამცემი, (იხ. 2 მეფ. 17,23), და მეორე - იუდა, გამცემი უფლისა იესო ქრისტესი (იხ. მათ. 25,5; საქ. 1,18). არ დაუშვა ფიქრი იმის შესახებ, რომ სიკვდილის შემდგომ მათ შორის აღმოჩნდე.
„ხოლო რომელმან დაითმინოს სრულიად, იგი ცხოვნდეს“ (მათ. 10,22) - თქვა უფალმა, მრავალ სხვადასხვა გამოცდას მოგვივლენს ხოლმე იგი ადამიანებს, მაგრამ მიზანი ერთია - სიმწარით განკურნოს ადამიანთა სულები და ამით მოამზადოს ისინი მარადიული ხსნისათვის, რაც უნდა ძნელი იყოს შენთვის, ორი რამ გახსოვდეს: პირველი ის, რომ თვით შენი ზეციური მამა განსაზღვრავს საზომს ტანჯვის; მეორე, ის, რომ მან იცის შენი შესაძლებლობა. როცა არ უნდა მოვიდეს შენთან ფიქრი თვითმკვლელობის შესახებ, განაგდე, რამეთუ სატანის ჩურჩულია იგი.
დაე, უფლის წყალობამ განგამტკიცოს შენ.
„მისიონერული წერილები“ (წერილი 71), თბილისი, 2005 წ.