მე თქვენს გამო მეშინია, წერთ, რომ უზრუნველყავით თავი და შვილები ისე საიმედოდ, რომ ახლა შეგიძლიათ, სრულიად უზრუნველად იცხოვროთ. მე მგონი, უზრუნველობამ თქვენი სულიდან უფლის შიში განდევნა.
რითი ხართ უზრუნველყოფილნი? ფულით? განა არ გესმით, როგორ ტყდება ბანკები და მილიონრები ერთ წამში ღატაკებად იქცევიან, ან მთლად უარესი - თვითმკვლელებად? განა არ წაგიკითხავთ მრავალრიცხოვანი მიწისძვრის შესახებ, რომელნიც მთელ ქალაქებს ერთ წუთში ნანგრევებად აქცევენ? თქვენ შეიძინეთ ბაღ-მინდვრები? განა დაგავიწყდათ ამასწინანდელი გვალვები, წყალდიდობები და კალიის ღრუბლები? თქვენ რომ სახარებას კითხულობდეთ, გულისხმასყოფდით ქრისტეს სიტყვებს - „საცთურმან სიმდიდრისამან“ (მათ. 13,22). მე გაკვირვებული ვარ, რომ სწორედ ამ დღეებში, როცა რისხვა უფლისა ანგრევს ყოველგვარ ადამიანურ ზღუდეს, რითაც ადამიანებს სურთ თავის დაცვა უძლიერესის რწმენის გარეშე, თქვენ თავს დაცულად თვლით ისეთი უსუსური ფარით, როგორიც სიმდიდრე და მიწის ნაჭერია. თქვენ ჩინელებს მაგონებთ, რომლებიც ირანელებთან ომის დროს ქოლგებს ხსნიდნენ, რათა მტრის ტყვიებისაგან თავი დაეცვათ.
თქვენი უზრუნველობის გვერდით, რომელიც სიმდიდრის შედეგია და სასჯელს იმსახურებს, როგორც სისაძაგლე - წინაშე ღვთისა, მგონია, რომ კიდევ ერთი ბოროტება გჭირთ: ეს სიმდიდრე უსამართლობით დააგროვეთ. ეს კი ჭიანი პურის ჭამას ნიშნავს. საკუთრ თავსაც და შვილებსაც მოწამლავთ. ყური უგდეთ, რას ამბობს წმიდა იოანე ოქროპირი: „ვინც არასამართლიანად გამდიდრდა, ღატაკზე უარესია: უკეთესია მოწყალება ითხოვო, ვიდრე იპარო“.
ბიბლიური მოთხრობა მართალ იობზე მოწმობს იმის შესახებ, თუ როგორ შეუძლია მორწმუნე ადამიანს, ერთ დღეში დაკარგოს მიწიერი სიმდიდრე. მაშ რაღა უნდა ვთქვათ ურწმუნოებზე? - იობმა ერთ დღეში დაკარგა მთელი ქონება, შემდეგში ძეები და ქალიშვილები, შემდგომ ამისა ჯანმრთელობაც და უქონელად იქცა. განა თქვენ არ გეშინიათ, რომ იგივე დაგემართებათ? სიღატაკესა და ავადმყოფობაში ღვთისმოსავი იობი საკუთარ სულს სასოწარკვეთილებისაგან ღვთისადმი მტკიცე რწმენით იცავდა. თქვენ კი რით დაიცავთ სულს? რა შეგაჩერებთ თვითმკვლელობისაგან, ანუ იმისაგან, რომ მატერიალურ სიკვდილს სულიერი სიკვდილი არ დაემატოს?
წმიდა წერილში ნათქვამია: „ვის უყუარს სიცრუვე, მას სძულს სული თვისი“ (ფს. 10,5). განმარტოებული, ღამის წყნარ საათებში, გაესაუბრეთ საკუთარ სინდისს, ჰკითხეთ თავს, რა უფრო მეტად გიყვართ: ტყუილი თუ საკუთარი სული?
იჩქარეთ, გამდიდრდით უფალში - მაცხოვრის სიტყვების მიხედვით (იხ. ლუკ. 12,21), ხოლო უფალში გამდიდრება იმ სიმდიდრით გამდიდრებას ნიშნავს, რომელიც ღმერთისთვისაა მისაღები და რომელიც არასდროს ტოვებს ადამიანს. ეს სიმდიდრეა რწმენისა და უფლისადმი სასოებისა, სიმდიდრე მოწყალებისა და თანაგრძნობისა, ჭეშმარიტებისა და კაცთმოყვარებისა. ამ ფარით უფრო საიმედოდ დაიცავთ თქვენი და თქვენი შვილების სიცოცხლეს, ვიდრე - მთელი ქვეყნის სიმდიდრით.
დაე, უფალმა გაგანათლოთ და დაგლოცოთ.
„მისიონერული წერილები“ (წერილი 79), თბილისი, 2005 წ.